Accessibility links

რამდენად ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, როდესაც მან ტელეკომპანია ”იმედს” „მოდელირებული ქრონიკის“ ეთერში გასვლის გამო მხოლოდ დეკლარაციის გამოქვეყნება, ანუ ბოდიშის მოხდა, დაავალა, ამის შესახებ კითხვები კომისიის დასკვნის გამოქვეყნების წუთიდან, ანუ 15 მარტიდან, ისმის. ბოდიშის მოსახდელი ვადა 20 მარტს ამოიწურა. ტელეკომპანია „იმედი“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე მაყურებლისადმი მიმართვას ავრცელებს. საზოგადოების ნაწილი კომისიის გადაწყვეტილების გამო გაოცებას ვერ მალავს, ნაწილი კი კომისიის გადაწყვეტილებაში მოულოდნელს ვერაფერს ხედავს. საერთაშორისო საზოგადოება ისევ და ისეც ავრცელებს ოფიციალურ განცხადებებს იმიტირებული ქრონიკის შედეგად შესაძლო რეალური საფრთხეების შესახებ.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად, ანუ მაყურებლისათვის მხოლოდ და მხოლოდ ბოდიშის მოსახდელად, “ტელეიმედს” ვადა დღეს ამოეწურა. ზუსტად 5 დღის წინ, 15 მარტს, ტელეკომპანია “იმედს” “მოდელირებული ქრონიკის” ეთერში გასვლის გამო საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ სპეციალური დეკლარაციის გამოქვეყნება დაავალა. ხუთდღიანი ვადის ათვლა იმავე საღამოს დაიწყო:

ტელეკომპანია “იმედს” 13 მარტის “მოდელირებული ქრონიკის” გამო საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ სპეციალური დეკლარაციის გამოქვეყნება დაავალა. დეკლარაციაში მაუწყებელმა უნდა აღიაროს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტი და ბოდიში მოუხადოს საზოგადოებას იმ ინსცენირებისთვის, რომელმაც საზოგადოების მღელვარება გამოიწვია. გარდა ამისა, “ტელეიმედს” დაევალა, ტელეკომპანიის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში განიხილოს თითოეული მოქალაქის საჩივარი, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება და საჩივრის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს კომუნიკაციების კომისიას.

იმიტირებულ ქრონიკასთან დაკავშირებით არაერთ საერთაშორისო გამოხმაურებას გუშინ ეუთოში ამერიკის შეერთებული შტატების მისიის ოფიციალური განცხადებაც დაემატა, სადაც ნათქვამია, რომ, იმიტირებული ქრონიკის შედეგად, საქართველო რეალური საფრთხის წინაშე შეიძლებოდა აღმოჩენილიყო:

”ჩვენ გვწამს, რომ დამოუკიდებელი მედია და პროფესიონალური ჟურნალისტიკა დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდება.”

საკმარისია თუ არა მხოლოდ და მხოლოდ ბოდიშის მოხდა იმ ადამიანებისათვის, რომლებმაც სერიოზული ფსიქოლოგიური შოკი განიცადეს, როცა ჯერ კიდევ ვერდავიწყებული აგვისტოს ომის იმიტირებული მეორე სერია იხილეს და ვითომ პირდაპირი ეთერის საშუალებით შეიტყვეს ასევე პრეზიდენტის ვითომ მკვლელობისა და თბილისის მისადგომებთან დაბომბილი ტრასების ამბები? იმიტირებული ქრონიკის ეთერში გასვლიდან რამდენიმე წამში, ქართული და არაქართული ინტერნეტსივრცე ასეთი გზავნილებით აივსო: სასწრაფოდ დაიხუროს ტელეკომპანია „იმედი“! ტელეკომპანია „იმედს“ ჩამოერთვას ლიცენზია! - მსგავსი გზავნილებისა და განწყობის შემდეგ, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საკმაოდ ლოიალური, ლმობიერი გადაწყვეტილება ბევრისათვის სიურპრიზი აღმოჩნდა. მათ შორის არის უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი. თუკი ამ კონკრეტული ფაქტის შემდეგ ჩვენ მხოლო ბოდიშის მოხდას ვითხოვთ, მაშინ ვერასდროს გამოვიყენებთ ლიცენზიის ჩამორთმევის ან შეჩერების სანქციას, ამბობს სესიაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში:

”რაღა უნდა მოხდეს ჩვენს ტელესივრცეში იმაზე უარესი და შოკისმომგვრელი, რომელმაც საერთაშორისო იმიჯი შეგვილახა, რომელმაც ასეთი უმკაცრესი შეფასება დაიმსახურა დიმპლომატიურ კორპუსებში და მეგობარ ქვეყნებში? მთელი სახელმწიფო სტრუქტურების ძირითადი ელემენტები იმდენად პოლიტიზებულია, რომ აქ სამართლიანი გარემოს შექმნა ურთულესია, თუ არა წარმოუდგენელი”, - ამბობს სესიაშვილი.

კონუმიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება არ ყოფილა მოულოდნელი ჟურნალ „ლიბერალის“ მთავარი რედაქტორის შორენა შავერდაშვილისთვის. არაადეკვატურ და არალოგიკურ გადაწყვეტილებას უწოდებს ის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დასკვნას:

”იმდენად პოლიტიზებულია ჩვენი მარეგულირებელი კომისია, რომ მოლოდინი სამართლიანი გადაწყვეტილებისა, გულწრფელად გითხრათ, არც მქონდა. გარდა კონკრეტული სტანდარტის დარღვევისა, უკვე არსებობს ფაქტები იმისა, თუ რა ფიზიკური ზარალი მიადგა მოსახლეობას. შესაბამისად, მხოლოდ ბოდიშის დაკისრება სრულიად არაადეკვატური გადაწყვეტილებაა.”

ტელეკომპანია „იმედმა“ ამ შემთხვევაში არ გაუცრუა იმედები კომუნიკაციების ეროვნული კომისიას. ის ზუსტად ჩაეტია ბოდიშის ფორმის მოსაფიქრებლად განკუთვნილ ხუთდღიან ვადაში და ერთწინადადებიან მორბენალ სტრიქონს, რომელიც იმიტირებული ქრონიკის გასვლის შემდეგ პოპულარული ტელესერიალის ”შუა ქალაქში” მსვლელობისას ტრიალებდა და მოსახლეობას ბოდიშს უხდიდა, კიდევ რამდენიმე აბზაცი მიემატა.

ტელეკომპანია ”იმედის” ოფოციალურ ვებ-გვერდზე დღეს გამოქვეყნდა მაყურებლისადმი მიმართვა, სადაც ვკითხულობთ:

„შეუძლებელია სიტყვებით გამოვხატოთ ის, თუ რამდენად ვწუხვართ იმ შეშფოთებისა და ნერვიულობის გამო, რაც თქვენ, თქვენმა ოჯახებმა და მეგობრებმა განიცადეთ 13 მარტის გადაცემის შედეგად. ტელეკომპანია „იმედი“ მხოლოდ საზოგადოებას და საქართველოს უკეთეს მომავალს ემსახურება. ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი გადაცემით იმედები გაგიცრუეთ.

მიზნად არასოდეს დაგვისახავს, რომ ის მოვლენები, რომლებიც ნაჩვენები იყო ჩვენს პროგრამაში, აღქმულიყო სინამდვილედ. ყველა ჩვენგანი ტელეკომპანია „იმედში“ გამოვთქვამთ სინანულს, რომ მოდელირებულმა რეპორტაჟმა ამდენ ადამიანზე - მათ შორის ჩვენს საკუთარ ოჯახებზე - ასე უარყოფითად იმოქმედა. ვწუხვართ, რომ ვერ გავთვალეთ მოვლენების მსგავსი განვითარება.

ვიმედოვნებთ, რომ თქვენი რწმენა ჩვენი არხის მიმართ უახლოეს მომავალში აღდგება.“
XS
SM
MD
LG