Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სატელევიზიო აფერისა და დიდი რაგბის კვირა


ამ კვირაში საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მიერ მოპოვებულმა გამარჯვებამ გასულ კვირას მომხდარი თითქმის ყველა მოვლენა გადაფარა. ტრაბზონში გამართულ თამაშში ქართველებმა რუსები 36:8 დაამარცხეს.

კვირის ბოლოს, 20 მარტს, საქართველო-რუსეთის რაგბის ნაკრებებს შორის ტრაბზონში გამართული მატჩი საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს ნაკრების ვეტერანი ირაკლი ზედგინიძე თამაშის ბოლოს სიხარულს ვერ მალავდა და აცხადებდა, რომ ქართველებმა დამსახურებულად გაიმარჯვეს.

საქართველო-რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებებს შორის გამართული მატჩი
თუმცა გასული კვირა, თუ ამ დიდ სიხარულს არ ჩავთვლით, საკმაოდ მძიმე იყო.

ამ კვირაში საქართველოს მოსახლეობას ცალკე ტელეკომპანია „იმედის“ ”ეთერში”გასულმა „მოდელირებულმა ქრონიკამ“ მოჰგვარა შიში, ცალკე -მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მძვინვარე სტიქიამ. რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ადიდებულმა მდინარეებმა და მეწყერმა რამდენიმე სოფელი დააზარალა. სტიქია მძვინვარებდა აღმოსავლეთ საქართველოშიც. 15 მარტს ძლიერმა წვიმამ წეროვანში დევნილების დასახლება დატბორა და იქ მცხოვრები დევნილების ნაწილი კიდევ ერთხელ აიძულა სახლები დაეტოვებინათ.

”აი, ახლაც წყალი გაგვაქვს. ცხოვრება აღარ შეიძლება აქ, ამას რაღა ეშველება?! რა წყალი მოვიდა, საიდან მოვარდა, არაფერი ვიცით”... - ჩიოდნენ წეროვანში დევნილები. ადგილზე ჩასულ რადიო თავისუფლების ჯგუფს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი დახვდა, რომელიც დევნილებს დახმარებას დაჰპირდა:

”ყველაზე ძლიერი სახელმწიფოებიც კი უძლურები არიან ხოლმე ასეთი მასშტაბის სტიქიასთან ბრძოლაში. მთავარია, რომ შედეგებს აღმოვფხვრით და ყველა ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება.”

13 მარტს „იმედის“ ეთერით გასული „მოდელირებული ქრონიკის“ გარშემო დისკუსია ამ კვირაშიც არ შენელებულა. შეფასებებს აკეთებდნენ ჟურნალისტები, სოციოლოგები, ფსიქოლოგები, პოლიტიკოსები. ამავე კვირაში შედგა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სხდომა. წინასწარი მოლოდინი ისეთი იყო, რომ „იმედი“ ჯარიმით ან თუნდაც ლიცენზიის ჩამორთმევით დაისჯებოდა. კომუნიკაციების ეროვნული კომისია მიიჩნევდა, რომ „იმედმა“ უხეშად დაარღვია მაუწყებელთა ქცევის კოდექსი. მიუხედავად იმისა, რომ შეშფოთებულ განცხადებებს ხელისუფლების ყველა წევრი აკეთებდა, საბოლოოდ, ეს ამბავი მალევე მიწყნარდა. არავინ დასჯილა. და „იმედს“ მხოლოდ კიდევ ერთხელ ბოდიშის მოხდა დაევალა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად “ტელეიმედს” ვადა 20 მარტს ამოეწურა. დეკლარაციის ტექსტში, რომელიც „იმედმა“ გაავრცელა, ვკითხულობთ:

”შეუძლებელია სიტყვებით გამოვხატოთ ის, თუ რამდენად ვწუხვართ იმ შეშფოთებისა და ნერვიულობის გამო, რაც თქვენ, თქვენმა ოჯახებმა და მეგობრებმა განიცადეთ 13 მარტის გადაცემის შედეგად. ტელეკომპანია „იმედი“ მხოლოდ საზოგადოებას და საქართველოს უკეთეს მომავალს ემსახურება. ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი გადაცემით იმედები გაგიცრუეთ. გარწმუნებთ, რომ მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდება. ჩვენ გავატარეთ თვითრეგულირების სათანადო ზომები, რომლის მიხედვითაც ჩვენი ტელევიზია მუშაობას და მაუწყებლობას გააგრძელებს ჟურნალისტური ეთიკისა და პროფესიონალიზმის უმაღლესი და სამაგალითო სტანდარტების მიხედვით. ვიმედოვნებთ, რომ თქვენი რწმენა ჩვენი არხის მიმართ უახლოეს მომავალში აღდგება.”

კვირის განმავლობაში ამავე თემაზე ლაპარაკი არ შემწყდარა. ექსპერტთა კლუბში შეკრებილი ადამიანები იმ საფრთხეებზე საუბრობდნენ, რაც „იმედის“ ეთერით გასულ ტყუილს შეიძლებოდა გამოეწვია.ექსპერტ ირაკლი სესიაშვილის აზრით, ერთ-ერთი შეიძლებოდა სამხედრო საფრთხე ყოფილიყო:

”ხომ შეიძლება ამ გადაცემის მსვლელობის დროს ახალგორში მდგარ რუსულ სამხედროებს შექმნოდათ წარმოდგენა, რომ საფრთხე რეალურად მოდიოდა საქართველოს ხელისუფლებისგან, რადგან ის აცხადებდა, რომ თავდაცვით პოზიციებში იმყოფებოდა და, შესაძლოა, თავდასხმაში.”

ტელეკომპანია ”იმედის” მოდელირებული გადაცემა
საინტერესოა, რომ „იმედის“ „მოდელირებული ქრონიკის“ მიერ მოგვრილი პირველი შოკის გავლის შემდეგ ინტერნეტსივრცეში „იმედის“ აღმასრულებელი დირექტორის გიორგი არველაძისა და მისი მოადგილის, ეკა წამალაშვილის, სატელეფონო საუბარი დაიდო. საუბარი შეეხებოდა გადაცემის შესაძლო შედეგებს, იმას, რომ გადაცემის შესახებ ცნობილი იყო პრეზიდენტ სააკაშვილისათვის და ა.შ. ამ საუბრის გამოქვეყნების შემდეგ ექსპერტები ალაპარაკდნენ იმაზეც, რომ ეს ყველაფერი, შესაძლოა, ხელისუფლების ორ შტოს შორის არსებულ დაპირისპირებაზეც მეტყველებდეს. მამუკა არეშიძემ ეს აზრი ერთ-ერთმა პირველმა გამოთქვა:

”ვფიქრობ, ეს არის შიდასახელისუფლებო დაპირისპირების შედეგი. ხელისუფლების გარკვეული ფრთის ჩართვის გარეშე ეს საუბარი ვერ ჩაიწერებოდა.”

მიმდინარე კვირაში საბოლოოდ განისაზღვრა 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღიც. განცხადება საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებასთან დაკავშირებით ცესკოს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა გააკეთა.

ათი დღით გაგრძელდა სიების შესამოწმებლად პოლიტიკური პარტიებისათვის მიცემული ვადა. ცნობილია ისიც, რომ მარტის ბოლომდე პრეზიდენტმა არჩევნების შესახებ ოფიციალური ბრძანებულება უნდა გამოსცეს.

დიტერ ბოდენი
გასულ კვირაში სოხუმს გერმანელი დიპლომატი დიტერ ბოდენი სტუმრობდა. თბილისში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ბოდენი სოხუმში იმ დოკუმენტის განხილვასაც აპირებდა, რომელიც ”ბოდენის გეგმის” სახელით არის ცნობილი და რომელიც აფხაზეთს საქართველოს ტერიტორიულ სივრცეში განიხილავს. სოხუმის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ ის თავის დროზე არაერთხელ უარყო. 11 მარტს ”ბოდენის გეგმის” ხელახალი განხილვის პერსპექტივა კატეგორიულად უარყო აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა, ხოლო 12 მარტს თბილისში დაბრუნებულმა დიტერ ბოდენმა თქვა, რომ სოხუმში ვიზიტის მიზანს ძველი დოკუმენტის განხილვა არ წარმოადგენდა. ცხადია, გაჩნდა კითხვა, მაშინ, რა იყო დიდი ავტორიტეტის მქონე გერმანელი დიპლომატის სოხუმში ვიზიტის მთავარი მიზანი? პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე ერთ-ერთი პირველი იყო მათ შორის, ვინც დიტერ ბოდენის სოხუმში ვიზიტის მთავარ მიზნად დაასახელა ერთგვარი გზის გაკვლევა ”რობერტ ბოშის ფონდისთვის”, რომელიც ამ კვირაში საქართველოს სტუმრობდა:

თბილისში დაბრუნებულმა ბოდენმა ეს ინფორმაცია დაადასტურა კიდეც.

ამ კვირაში ასევე ცნობილი გახდა, რომ ვანკუვერში დაღუპული მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილის ოჯახს საერთაშორისო საციგაო ფედერაციისგან კომპენსაციად 10 000 ევრო გადაეცა. დაღუპული სპორტსმენის მამა დავით ქუმარიტაშვილი აცხადებს, რომ მომხდარის გამო ის ჩივილს არ აპირებს და რომ მისთვის მნიშვნელოვანია, ოლიმპიურმა კომიტეტმა შეცდომა აღიაროს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG