Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთს დემონსტრაციის მორიგმა ტალღამ გადაუარა


საპროტესტო აქციის დარბევა მოსკოვში
საპროტესტო აქციის დარბევა მოსკოვში
ათასობით ადამიანი გამოვიდა რუსეთის ქუჩებში ოპოზიციური პარტიების მიერ მოწყობილი საყოველთაო პროტესტის დღეს. მოსკოვში, ირკუტსკსა და ვლადივოსტოკში შეკრებილი რუსეთის მოქალაქეების ძირითადი მოთხოვნები იყო გადასახადების შემცირება, ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნების დანიშვნა და პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის გადაყენება.
დემონსტრაციის ორგანიზატორებს შორის იყვნენ კომუნისტებიც, დემოკრატებიც და თავისუფალი ბაზრის მომხრე ლიბერალებიც, ადამიანის უფლებათა დამცველებიც და ავტომობილისტი ენთუზიასტებიც.

ყველაზე ადრე დემონსტრანტები - დაახლოებით 1500 კაცი - შორეული აღმოსავლეთის საპორტო ქალაქ ვლადივოსტოკში შეიკრიბნენ. დემონსტრანტები მოითხოვდნენ გადასახადების შემცირებას და ოლიგარქების ალაგმვას, ასევე - ვლადიმირ პუტინის მიერ დანიშნული გუბერნატორის, სერგეი დარკინის, გადაყენებას:

„დარკინი უნდა გადადგეს თუ არა? - კი, კი! - გვაქვს გუბერნატორის არჩევის უფლება? - კი, კი!“

ვლადიმირ ბესპალოვმა, დემონსტრაციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, განაცხადა, რომ, აქციის მომხრეთა პოლიტიკური სიჭრელის მიუხედავად, მათ ერთობა აჩვენეს.

„ჩვენ გვემუქრებოდნენ, პერსონალურად თითოეულს გვხვდებოდნენ, ზეწოლას ახდენდნენ. ჩვენი გამარჯვება იმაშია, რომ პირველად მოქმედებდა არა მარტო კომუნისტური პარტია, არამედ კოალიცია ოპოზიციის მემარცხენე და მემარჯვენე ძალებისა. მთავრობა შეშინდა. სამი წლის განმავლობაშ პირველად, ცენტრალური მოედანი ჩვენია. ეს არის მემარცხენე ძალთა კოალიციის პირველი გამარჯვება.“

იგივე განწყობა იყო ირკუტსკში, ციმბირის უმსხვილეს სამრეწველო ქალაქში, სადაც 1500 კაციანი გაერთიანებული მიტინგის ხელმძღვანელი იყო ლიბერალური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ბორის ნემცოვი. ნემცოვმა შეაქო ირკუტსკელები იმის გამო, რომ ერთი კვირის წინ მათ, მმართველი „ერთიანი რუსეთის“ მერობის კანდიდატის ნაცვლად, ადგილობრივ არჩევნებში კომუნისტების კანდიდატს, ვიქტორ კონდრაშოვს, დაუჭირეს მხარი:

„თქვენ დღეს ხართ მაგალითი მთელი რუსეთისათვის, დანამდვილებით გეუბნებით. არის ბევრი ადამიანი რუსეთში, რომელიც ფიქრობს, რომ მათზე არაფერია დამოკიდებული. ძალიან ბევრი ადამიანი რუსეთში ფიქრობს, რომ კორუმპირებული ბიუროკრატების პარტიამ, ოლიგარქების პარტიამ ხელთ იგდო ძალაუფლება და ხელში ექნება მუდამ. მაგრამ აქ, ირკუტსკში, ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ხალხი ძალიან ბევრს ნიშნავს.“

საპროტესტო აქციები მოეწყო მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში. ამ უკანასკნელში ერთბაშად ორი მიტინგი ჩატარდა: ერთი - პარტია „იაბლოკოსა“ და მეორე - „ გაერთაინებული სამოქალაქო ფრონტის“ ხელმძღვანელობით. დემონსტრანტებს ხელთ ეპყრათ ლოზუნგები: „პუტინის გუნდი უნდა გადადგეს!“ და „გაზპრომო, წადი სახლში!“.

ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, მიტინგების წინააღმდეგ ძალა არ გამოეყენებინა. „რუსეთში ადამიანის უფლებების მამაცი დამცველებისთვის უნდა ვილოცოთ და სახალხოდ დავუჭიროთ მხარი იმ დროს, როცა ისინი პროტესტს გამოხატავენ. ამ მამაც ადამიანებს საკუთარი ქვეყნისთვის სიკეთე სურთ. მათ სურთ, ჰყავდეთ ხელისუფლება, რომელიც არა მხოლოდ ძლიერი, არამედ სამართლიანი, მშვიდობიანი და დემოკრატიულიც იქნება“, - განაცხადა მაკკეინმა.

თუმცა აქციებს ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. მილიციამ მოსკოვში დააკავა აქციის 30-მდე მონაწილე. დაკავებულთა შორის იყო „მემარცხენე ფრონტის“ კოორდინატორი სერგეი უდალცოვი. მან რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ რამდენიმე ადამიანი ნაცემია.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG