Accessibility links

logo-print
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მედია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რუსი მესაზღვრეების მიერ ეგრეთ წოდებული საზღვრის დამრღვევების დაკავების შესახებ იუწყება.

პირველი ინფორმაცია 20 მარტს გავრცელდა, რომელიც მესაზღვრეების მიერ ზნაურის რაიონის სოფელ ქალეთთან დე ფაქტო რესპუბლიკისა და საქართველოს მოქალაქეების დაკავებას იუწყებოდა.

დაკავებულები ოკუპირებული ტერიტორიიდან ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდნენ. მეორე ინფორმაციით კი, ახალგორის რაიონის სოფელ წინაგარასთან ორი ადამიანი ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთისას დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, 21 მარტს რუს მესაზღვრეებს კიდევ 5 ადამიანი დაუკავებიათ. ყველა მათგანი დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიიდან ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერტორიაზე გადასვლას ცდილობდა, მათ შორის ორი ქალი და ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.

ოსური მედია დაკავებულთა ვინაობას არ ასახელებს, მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ რუსულმა მხარემ დაკავებულები დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურს გადასცა.

შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი ვლადიმერ ჯუღელი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ქართული მხარე არ ფლობს ინფორმაციას დაკავებულების შესახებ და გადამოწმების შედეგად გარკვეულია, რომ ბოლო დღეებში ქართული სოფლებიდან არავინ დაკარგულა. ჯუღელი არ გამორიცხავს, რომ ქართულ მხარეს გადმოსვლის მსურველები ოსური ოპოზიციის მხარდამჭერები იყვნენ.

როგორც ცნობილია, 20 და 21 მარტს ცხინვალში ოპოზიციის მიერ ორგანიზებული მიტინგი უნდა გამართულიყო, მაგრამ ბოლო მომენტში ორგანიზატორებმა მის ჩატარებაზე უარი იმ მოტივით თქვეს, რომ კოკოითის ხელისუფლება პროვოკაციას გეგმავდა. ოსური ოპოზიციის ცნობით, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები მიტინგზე ცეცხლის გახსნას გეგმავდნენ, რათა ყველაფერი შემდეგ ოპოზიციისთვის დაებრალებინათ.

მიტინგამდე რამდენიმე დღით ადრე კოკოითის ხელისუფლებამ მიტინგის ჩატარებაზე ნებართვა არ გასცა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობაც მოიხსნა. მიუხედავად ამისა, 20 მარტს თეატრალურ მოედანზე დაახლოებით 150 ადამიანი სტიქიურად მაინც შეიკრიბა, მაგრამ ოპოზიციის აქტივისტების მოწოდების შემდეგ დაიშალა. ოსი უფლებადამცველი ბესარიონ ასეევი სამხრეთ ოსეთის მოქლაქეების დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა აღნიშნავს, რომ კოკოითი ყველანაირად ცდილობს ოპოზიცია ქართულ სპეცსამსახურებთან დააკავშიროს და ამით მისი დისკრედიტირება მოახდინოს, ამიტომ დაკავებულების, რომლებიც ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას გეგმავდნენ, ოსურ ოპოზიციასთან დაკავშირება კოკოითის ინტერესშია.

ბოლო პერიოდში არ დაფიქსირებულა შემთხვევა, რომ დეფაქტო რესპუბლიკის რამდენიმე მოქალაქეს, ერთბაშად, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის სურვილი გასჩენოდა. საეჭვოა ის გარემოებაც, რომ როგორც რუსი ეგრეთ წოდებული მესაზღვრეები, ისე ოსი სამართალდამცავები დაკავებულების ვინაობას არ ასახელებენ.
XS
SM
MD
LG