Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები ოპოზიციის ლიდერებს შეხვდნენ


არჩევნებსა და საქართველოს უსაფრთხოებაზე იმსჯელეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა. შეხვედრის შემდეგ ”ალიანსის საქართველოსთვის” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს აცნობა, რომ საარჩევნო პროცესის საკმაოდ სერიოზული საერთაშორისო მონიტორინგი დაიწყება. ”მათი მხრიდანაც იქნება კონკრეტული ნაბიჯები, რათა საზოგადოებამ იცოდეს, რომ მისი ხმები დაცული და კონფიდენციალური იქნება”, - განაცხადა ალასანიამ. საპარლამენტო ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრის ნიკა ლალიაშვილის ცნობით, ევროსაბჭოს მომხსენებლებს საარჩევნო პროცესში უკვე გამოვლენილი დარღვევები, სიების მდგომარეობა და ადმინისტრაციული რესურსებისა და მედიასაშუალებების გამოყენების მხრივ არსებული ვითარება გააცნეს. ”იმედი მაქვს, რომ ბატონი ეორში და მისი გუნდი ამომრჩეველს კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაუდასტურებენ, რომ მისი ხმები დაცული იქნება”, - განაცხადა ლალიაშვილმა. ევროსაბჭოს მომხსენებლებთან შეხვედრაში მონაწილეობდა ლევან გაჩეჩილაძეც, რომლის შეფასებით, არჩევნები უკვე გაყალბებულია სიების და სასამართლოს მდგომარეობის, პოლიციური ძალადობის, რეპრესიების და ტელევიზიებზე კონტროლის გამო. თავის მხრივ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრმა, მათიაშ ეორშმა იმედი გამოთქვა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უკეთეს გარემოში ჩატარდება.
XS
SM
MD
LG