Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს მონიტორები საქართველოში დემოკრატიული რეფორმების საკითხს უბრუნდებიან


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები: მატიაშ ეორში და კასტრიოტ ისლამი
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები: მატიაშ ეორში და კასტრიოტ ისლამი
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები მატიაშ ეორში და კასტრიოტ ისლამი იფიციალურ შეხვედრებს საქართველოს დედაქალაქში 22-დან 24 მარტის ჩათვლით განახორციელებენ. ევროსაბჭოს სპეციალური მომხსენებლების ყურადღების ცენტრშია საქართველოში მიმდინარე რეფორმები და ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები საქართველოში დემოკრატიული რეფორმების პროცესს ამ ეტაპზე რამდენიმე კონკრეტული მიმართულებით შეაფასებენ: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საკონსტიტუციო რეფორმა, მედიის თავისუფლება და სხვ. ამ საკითხებს სიღრმისეულად ევროსაბჭოს ექსპერტები რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ პირველად უბრუნდებიან. სწორედ ამ გარემოების ხაზგასმით დაიწყო მედიასთან კომენტარი მატიაშ ეორშმა:

” რუსეთთან ომის შემდეგ ჩვენ საქართველოში რამდენჯერმე ვიმყოფებოდით, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აქ ვართ არა ომზე, არამედ მონიტორინგის საკითხებზე სასაუბროდ. დღის წესრიგში რამდენიმე საკითხი დგას: საკონსტიტუციო რეფორმები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ეთნიკური უმცირესობები. საპარლამენტო ასამბლეას თავისი წესები აქვს და მუნიციპალურ არჩევნებს არ აკვირდება. სამაგიეროდ, არჩევნებს აკვირდებიან ეუთო და სხვა დამკვირვებლები. არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარება აუცილებელია. ვფიქრობ, გაზაფხულის არჩევნები ადრე ჩატარებულ ყველა არჩევნებზე უკეთესიც კი იქნება.”

უკეთესი, ევროპული სტანდარტებით, დემოკრატიულ, სამართლიან არჩევნებს გულისხმობს. წინასაარჩევნოდ შექმნილი ვითარება და სამართლიანი არჩევნების ხელისშემშლელი გარემოებები, თავის მხრივ, ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ევროპელ მონიტორებთან შეხვედრის მთავარი თემა იყო.

”ვისაუბრეთ წინასაარჩევნო გარემოზე,საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებზე, საარჩევნო ადმინისტრაციაზე. მე პირადად გავამახვილე ყურადღება თბილისში არჩევნებზე, იმიტომ რომ, მოგეხსენებათ, ოლქების გადანაწილება ხდება, ანუ 25 მაჟორიტას ვირჩევთ, და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში ტექნიკურად როგორ იქნება ჩატარებული ეს არჩევნები თბილისში”, - განაცხადა ევროსაბჭოს მონიტორებთან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხვედრის დასრულების შემდეგ ”სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა ეკა სირაძე-დელონემ.
რაც შეეხება არჩევნების სუბიექტებს, ოპოზიციამ შეხვედრაზე წინასაარჩევნო პერიოდზე მონიტორინგის გამკაცრება და თვითმმართველობის არჩევნების მედიამონიტორინგის განხორციელება მოითხოვა.

”ლაპარაკი მიეძღვნა წინასაარჩევნო ვითარებას ჩვენს ქვეყანაში, საარჩევნო სისტემაში არსებულ ნაკლოვანებებს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ნათლად გაირკვა, რომ აუცილებლად მათი მხრიდანაც იქნება გაკეთებული განცხადებები და კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება იმისთვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რომ მათი ხმა იქნება კონფიდენციალური, მათი ხმა იქნება დაცული და საერთაშორისო თანამეგობრობა სწორედ ამ გზით ივლის არჩევნებამდე და დაიწყება ძალიან სერიოზული მონიტორინგი არჩევნების პროცესის”, - ამბობს ”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერი ირაკლი ალასანია.
ლევან გაჩეჩილაძემ კი, ”დაიცავი საქართველოს” სახელით, ევროპელ მონიტორებთან საუბარში აღნიშნა, რომ ”არჩევნები უკვე გაყალბებულია:
” საარჩევნო გარემოზე იყო საუბარი, რომ შეუძლებელია ამ საარჩევნო გარემოში კონკრეტული გამარჯვების რეალიზება. დღეს უკვე გაყალბებულია არჩევნები და დადასტურდება ეს გამარჯვების დღეს. ძალიან ბევრი მიზეზის გამო: სიების გამო, სასამართლოს გამო, ტელევიზიების კონტროლის გამო.”

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პოტენციური სუბიექტების პრეტენზიებსა და მაისის არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარების აუცილებლობაზე საუბარი, თავის მხრივ, მატიაშ ეორშმა და კასტრიოტ ისლამმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილთან შეხვედრაზეც განაგრძეს. ამავე შეხვედრაზე გაეცნენ ისინი ცენტრალური საარჩევნო კომისიის სტრატეგიას 2010-2011 წლებისათვის. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორების სამუშაო ვიზიტის პირველი დღის სამუშაო გრაფიკშია ასევე შეხვედრები საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარესთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორსა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარესთან. ევროპელ მონიტორებს დაგეგმილი აქვთ ასევე შეხვედრები სახალხო დამცველთან, ეროვნულ უმცირესობებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან. ვიზიტის დასასრულს მატიაშ ეორშსა და კასტრიოტ ისლამს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც მიიღებს.

მატიაშ ეორში და კასტრიოტ ისლამი საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების განხორციელების მდგომარეობის შესახებ სპეციალურ მოხსენებას მოამზადებენ. უახლოეს მომავალში - კერძოდ, 11-13 აპრილს - ისინი კიდევ ერთხელ ეწვევიან საქართველოს და ამჯერად შეხვედრებს რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციების შესრულების შესახებ გამართავენ. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის დღის წესრიგში უკვე შევიდა რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებზე მსჯელობის საკითხი. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია აპრილის ბოლოს გაიმართება.
XS
SM
MD
LG