Accessibility links

logo-print
22 მარტს გამოსულმა თითქმის ყველა ქართულმა გაზეთმა ვრცელი სტატია მიუძღვნა ლეიბორისტული პარტიის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციურმა პარტიებმა ხელისუფლების შეცვლის ერთობლივი ხედვა უნდა ჩამოაყალიბონ, თუმცა „24 საათის“ მოწინავე სტატიის სათაურიდანვე ირკვევა, რომ ლეობორისტების ინიციატივას მხოლოდ ეგრეთ წოდებული „პრაიმერისტები“ უჭერენ მხარს. „თბილისი მარიოტში“ ლეიბორისტული პარტიის ინიციატივით გასამართ ამ შეხვედრას „ჭადრაკის სასახლე - ორი“ უწოდა გაზეთმა „ვერსიამ“, რომელიც მოვლენების განვითარების, ანუ სააკაშვილის შეცვლის, რამდენიმე გზას განიხილავს: „პირველი- საერთო ლიდერით არჩევნებზე, მორე - იმპიჩმენტი და მესამე - ბოიკოტი არჩევნებს“. სტატიას გაზეთ „ვერსიაში“ წაიკითხავთ.

ასევე გაზეთი „ვერსია“ აქვეყნებს ინტერვიუს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან. დავით ბაქრაძე ლაპარაკობს ტელეკომპანია „იმედის“ 13 მარტის პროგრამის, ოპოზიციის, მოახლოებული არჩევნებისა და რუსეთთან ურთიერთობის შესახებ. „ხელისუფლებას რუსეთთან ფარული პოლიტიკური დიალოგი არ აქვს. არც მე მაქვს ვინმესთან კომუნიკაცია. სანამ საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანის მიმართულებით ნაბიჯები არ გადაიდგმება, ურითერთობის სრულმასშტაბიან მოგვარებაზე საუბარი ვერ იქნება“, ამბობს დავით ბაქრაძე.

ორშაბათს გამოსული „კვირის პალიტრა“ კი კვირის თემაში მკითხველს სთავაზობს ინტერვიუს სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილთან, რომელიც პროპაგანდასა და მოქალაქეების ზომბირებაში ტელემედიის როლზე ლაპარაკობს. გაზეთის რესოპონდენტი გვერდს ვერ უვლის ეგრეთ წოდებული „მოდელირებული ქრონიკის“ შესახებ საუბარსაც. კერძოდ, იაგო კაჭკაჭიშვილს არ სჯერა, რომ 13 მარტის „მოდელირებული ქრონიკა“ „იმედის“ რედაქტორის ჩანაფიქრი იყო:

„სააკაშვილს ერთხელ ტელეეთერით საჯაროდ წამოსცდა, რომ ის მართლაც ერეოდა შენობების შეღებვისას ფერების შერჩევაში. ხომ სრულიად წარმოუდგენელია, რომ მისი ჩარევის გარეშე ნაციონალური ტელეარხით გასულიყო სიმულირებული სიუჟეტი, სადაც მას ვითომდა კლავენ? სააკაშვილის ავტორიტარიზმით იმდენად გაჯერებულია ნაციონალური მედია, რომ ამას ასეთი მედიის ვერც ერთი ჟურნალისტი, რედაქტორი, პროდიუსერი თუ დირექტორი ვერ გაბედავდა.“

22 მარტის „ახალი თაობა“ კი მკითხველს „უცნობის“ ფსევდონიმით ცნობილი გიორგი გაჩეჩილაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მოუთხრობს. გაზეთის მიხედვით, ინფარქტის ნიშნებით ჩაფიძის კარდიოლოგიურ კლინიკაში გადაყვანილ „უცნობს“ არტერიის სტენტირება გაუკეთდა. პროცედურამ, როგორც „ახალ თაობას“ მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ პრესსამსახურიდან შეატყობინეს, ნორმალურად ჩაიარა.
XS
SM
MD
LG