Accessibility links

ობამას ტრიუმფი: წარმომადგენელთა პალატამ ჯანდაცვის რეფორმის პროექტი დაამტკიცა


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა სიხარულით შეხვდა წარმომადგენელთა პალატის მიერ მისი ჯანდაცვის სისტემის რეფორმის პროექტის დამტკიცებას. გვიან საღამოს გამართულ სხდომაზე პროექტი 219 ხმით დამტკიცდა - 212 მოწინააღმდეგის ფონზე. ამ პროექტით ჯანმრთელობის დაცვის სისტემა იმ 30 მილიონზე მეტ ამერიკელთან მიმართებითაც ამოქმედდება, ვისაც ამ ეტაპზე დაზღვევის გარეშე უწევს ცხოვრება. თუმცა საკითხი ამით არ ამოწურულა: რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ ნოემბერში, კონგრესის არჩევნებში საკმარისი მანდატების მოგროვების შემთხვევაში, პროექტს უკან გაიტანენ.

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ გამარჯვებას მიაღწია - მის მიერ ინიცირებული ჯანდაცვის სისტემის რეფორმის პროექტი წარმომადგენელთა პალატამ მიიღო.

ერთ-ერთი მთავარი დაპირება, რომელიც ობამამ ამერიკელ ხალხს წინასაარჩევნო პერიოდში მისცა, სწორედ ამ ინიციატივას ეხებოდა და იმ ათეულობით მილიონი ამერიკელისთვის ითვალისწინებდა ჯანმრთელობის დაზღვევის გამოყოფას, რომლებსაც მოქმედი პროგრამები არ ეხება.

ისტორიული კენჭისყრის შემდეგ ობამა თეთრ სახლში გამოვიდა სიტყვით, რომელსაც აშკარად ეტყობოდა საზეიმო ინტონაცია:
„საბოლოო ანგარიშით, ეს დღე სხვა არაფერია, თუ არა კიდევ ერთი აგური, რომელიც ამერიკული ოცნების საძირკველში ჩაიდო. დღეს ჩვენ ისტორიის გამოწვევას ვუპასუხეთ, ისევე როგორც ჩვენამდე ამას სხვა თაობები აკეთებდნენ: როცა კრიზისი გვემუქრებოდა, გამოწვევას არ ვემორჩილებოდით და სირთულეებს გადავლახავდით; პასუხისმგებლობას არ გავურბოდით - მას თვალს ვუსწორებდით; მომავლის არ გვეშინოდა - მას ვქმნიდით“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

რეფორმის წარმატებას წინ უსწრებდა პრეზიდენტისა და მისი დემოკრატიული პარტიის წევრების მხრიდან ერთწლიანი ინტენსიური მუშაობა კონგრესში. რესპუბლიკელებისა და კონსერვატორი დემოკრატების წინააღმდეგობის მიუხედავად, პროექტი 219 ხმით 212-ის წინააღმდეგ დამტკიცდა. ახლა ის სენატში უნდა დაბრუნდეს კიდევ ერთი კენჭისყრისთვის და, სავარაუდოდ, პრეზიდენტი ობამა კანონს ხელს უკვე მომავალ კვირაში მოაწერს.

ჯანდაცვის რეფორმის საკითხი ვაშინგტონის პოლიტიკურ წრეებში განსაკუთრებით დიდ განხეთქილებას იწვევს. წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას რესპუბლიკელმა ჯეოფ დევისმა თავისი პარტიის „დარდზე“ ილაპარაკა:
„გული დარდით მაქვს სავსე. ამ კენჭისყრით ამერიკის სამომავლო სახე გამოიკვეთა - მსხვილი გადასახადები; შეზღუდული ჯანდაცვა; გაფართოებული ბიუროკრატია. დემოკრატები ამერიკელი ხალხის ნების წინააღმდეგ მიდიან და ისინი პირდაპირ სოციალიზმისკენ მიჰყავთ.“

ამ განხეთქილებას საფუძვლად იდეოლოგიური განსხვავებები უდევს. ამერიკელი ლიბერალები ერთგვარ ლოზუნგად იყენებენ განცხადებას, რომ ჯანმრთელობის დაცვა „უფლებაა და არა პრივილეგია“. ეს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ, სხდომაზე კიდევ ერთხელ გაიმეორა:

„დებატებისა და მილიონობით ამერიკელის მოწოდების გათვალისწინების წლის შემდეგ ეს ისტორიული მომენტი დადგა. დღეს შესაძლებლობა გვეძლევა ბოლომდე მივიყვანოთ ჩვენი საზოგადოების დიადი, დაუსრულებელი საქმე და ყველა ამერიკელისთვის დავამტკიცოთ ჯანმრთელობის დაზღვევა, რადგანაც ჯანდაცვა უფლებაა და არა პრივილეგია“, - განაცხადა სპიკერმა.

ლიბერალებისგან განსხვავებით, კონსერვატორები და რესპუბლიკელები ფიქრობენ, რომ ეს ინიციატივა არ შეესაბამება ამერიკულ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ კულტურას, ვინაიდან, მათი აზრით, მთავრობა არ უნდა ერეოდეს მოქალაქეების პირად სფეროში და არ უნდა ახდენდეს გავლენას მათი მხრიდან გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე. მათი განცხადებით, ინიციატივის საფასური - 900 მილიარდი დოლარი - მომავალი ათწლეულის განმავლობაში მთავრობას დიდ და საშიშ ვალებს გაუჩენს.

ახალი კანონი ამერიკელების უმეტესობას ჯანმრთელობის დაზღვევის ყიდვას ავალდებულებს. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მათ ჯარიმა დაეკისრებათ. დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებს დაზღვევის შესასყიდად დახმარება გამოეყოფათ. კერძო ბიზნესს -სადაზღვევო ინდუსტრიას - ახლა ფედერალური რეგულაციები შეეხება. სადაზღვევო კომპანიებს აეკრძალებათ პოლისის გამოყოფაზე უარის თქმა იმის გამო, რომ პოლისის შეძენის მომენტში კლიენტს უკვე აწუხებს ჯანმრთელობის პრობლემა; ასევე აიკრძალება პოლისის გაუქმება მისი მფლობელის ავად გახდომის შემთხვევაში. ამასთან, ახალი კანონი დიდი შემოსავლის მქონე პირებს დამატებით გადასახადებსაც უწესებს.
რეფორმით გათვალისწინებული ბევრი მუხლი 2014 წლამდე სრული სახით არ ამოქმედდება. დემოკრატები შიშობენ, რომ დიდი ხნის ლოდინმა შეიძლება ხალხი დაღალოს.

რესპუბლიკელები კი აცხადებენ, რომ ბრძოლას გააგრძელებენ. მეტიც: თუ ნოემბრის არჩევნებში კონგრესში საკმარის მანდატებს მოიპოვებენ, ისინი ინიციატივის უკან გატანასაც კი გეგმავენ.
XS
SM
MD
LG