Accessibility links

ოპოზიციური შეკრება ლეიბორისტების მასპინძლობით


ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა შეხვედრა

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა შეხვედრა

22 მარტს ლეიბორისტებმა კოლეგა-ოპოზიციონერები ”ქვეყნის გადარჩენაზე” სამსჯელოდ სასტუმრო ”თბილისი-მერიოტში” მიიწვიეს, თავისუფალი დღის წესრიგი შესთავაზეს და ერთი ინიციატივაც დაახვედრეს. შალვა ნათელაშვილი საქართველოს საკითხზე საერთაშორისო კონფერენციის გამართვის წინადადებით გამოდის. შეხვედრაზე თავი მოიყარეს განსხვავებული პოლიტიკური წარსულისა და აწმყოს, განსხვავებული იდეოლოგიის ათზე მეტი პარტიისა თუ საზოგადოებრივი მოძრაობის ლიდერებმა, მათ შორის, მაგალითად: ნინო ბურჯანაძემ, ლევან გაჩეჩილაძემ, ზურაბ ტყემალაძემ, გოგი თოფაძემ, ჯონდი ბაღათურიამ, ზვიად ძიძიგურმა, კობა დავითაშვილმა და ზურაბ ნოღაიდელმა. ლეიბორისტების მასპინძლობით გამართულ შეხვედრაზე არ გამოცხადდნენ გაერთიანების ”ალიანსი საქართველოსთვის”, ეროვნული ფორუმის, ”საქართველოს გზის”, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენლები. მათ საკუთარი გზა აქვთ არჩეული და, ამასთან, ემიჯნებიან ყველა თავყრილობას, რომელშიც ზურაბ ნოღაიდელი მონაწილეობს.

ოპოზიციის ლიდერები: ლევან გაჩეჩილაძე, ეკა ბესელია და გოგა ხაინდრავა
შეხვედრაზე თავი მოიყარეს იმ ძალებმა, რომლებსაც ყველაზე დიდი საფრთხე არა ქვეყნის გარეთ, არამედ ქვეყნის შიგნით ეგულებათ და რომლებიც ქვეყანაში შექმნილი მწვავე კრიზისის კიდევ ერთ სახიფათო გამოვლინებად „იმედის“ ”მოდელირებულ ქრონიკას” მიიჩნევენ. შეხვედრის ძირითად აქცენტს წარმოადგენდა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნისა და სააკაშვილის ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლის სურვილი. და ეს, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის მონაწილეთა ერთ ნაწილს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, ნაწილი კი - ამას მიუღებლად მიიჩნევს. ასეთთა შორისაა ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე:

”მე მგონია, რომ ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა, საქართველოს მოსახლეობამ, ყველამ ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მოვითხოვოთ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და ერთხელ და სამუდამოდ უზრუნველვყოთ ის, რომ ქვეყნის ხელისუფლებაში იყოს ადეკვატური, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ხელისუფლება, რომელიც პასუხს აგებს როგორც საკუთარი ქვეყნისა და ხალხის, ასევე სრულიად მსოფლიოს წინაშე.”
ამ პოზიციას იზიარებს მოძრაობა ”დაიცავი საქართველოს”

ერთ-ერთი ლიდერი, ლევან გაჩეჩილაძე, რომელსაც ჯერჯერობით არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის თაობაზე. შეხვედრის მონაწილეთა შორის იყო ”ქართული დასის” ლიდერი, დეპუტატი ჯონდი ბაღათურია, რომელიც თვლის, რომ მაისის არჩევნებზე ოპოზიცია ან ერთიანი ფრონტით უნდა წარდგეს, ანდა ასევე ერთიანი ძალით გამოუცხადოს ამ პროცესს ბოიკოტი.

ოპოზიციის ლიდერები: გოგა ხაინდრავა და ნესტან კირთაძე
თუმცა, ზოგადად, მაისის არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის თემა არ წარმოადგენდა ლეიბორისტების ინიციატივით გამართული თავყრილობის მთავარ საკითხს. შალვა ნათელაშვილს კარგად ესმის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებული გადაწყვეტილების შეცვლა იოლი საქმე არც ერთი პარტიისთვის არ იქნება და, ამდენად, ძალდატანებასაც აზრი არ აქვს. ნათელაშვილმა კოლეგა-ოპოზიციონერები 22 მარტს საქართველოში არსებული კრიზისის დასაძლევი გზების საძებნელად მიიწვია, რადგანაც თვლის, რომ ქვეყანაში ”ავტორიტარული რეჟიმი უკიდურესად საშიშ ფაზაში შევიდა”. ლეიბორისტების იდეის მიხედვით, უნდა გაიმართოს საერთაშორისო კონფერენცია სახელმწიფოს მეთაურთა დონეზე, საქართველოს საკითხზე, რომელიც განიხილავს ”ტერორისტული რეჟიმის დამთავრებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემატიკას”:
”უკვე გავიდა ჩვენი ბედის გადაწყვეტა ჩვენი ხელიდან. ჩვენი ბედის გადაწყვეტა გავიდა უკვე ჩვენი და რუსეთის ურთიერთობის ფორმატიდანაც კი, ჩვენი და ამერიკის ურთიერთობის ფორმატიდანაც კი... და საჭიროა მსოფლიო საზოგადოების ორგანიზება უმაღლეს დონეზე იმისათვის, რომ გადაწყდეს ბედი ქართლისა და გადაწყდეს იგი გამარჯვებით და ისე, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია.”

ლეიბორისტების ინიციატივას საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებასთან დაკავშირებით მხარი 22 მარტის შეხვედრის ყველა მონაწილემ დაუჭირა და ეს ინიციატივა ჩამოყალიბდა მიმართვაში, რომლის ადრესატსაც საერთაშორისო თანამეგობრობა წარმოადგენს. ამასთან, შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ ოპოზიციის საკოორდინაციო ცენტრის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, რომელსაც ”დაიცავი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გოგა ხაინდრავა, უხელმძღვანელებს.

იმ ფაქტს, რომ როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა უარი თქვა ლეიბორისტების მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მონაწილეობაზე, დამსწრეთა შორის განსაკუთრებული გაღიზიანება არ გამოუწვევია - მათ შორის, არც ”მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერის ზურაბ ნოღაიდელისა, რომელიც უარის თქმის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენდა:

ზურაბ ნოღაიდელი
”თვითონ უნდა განსაზღვრონ, სად ივლიან და სად არ ივლიან... მე დავდივარ იქ, სადაც ჩავთვლი მიზანშეწონილად...”

ნოღაიდელი ”გულზე არ ეხატება” და არც მისი ნამოქმედარი მოსწონს, მაგრამ შეხვედრაზე მაინც მივიდა დედაქალაქის მერობის კანდიდატი გოგი თოფაძე. მისთვის ნოღაიდელის ფაქტორი არ წარმოადგენს ბარიერს, რომელიც მას კოლეგებთან შეხვედრასა და ქვეყნის ბედზე ლაპარაკში შეუშლიდა ხელს.

22 მარტს გამართული შეხვედრა არ იყო ერთჯერადი. მომავალ კვირაში გაიმართება მეორე შეხვედრა, რომელზეც კონკრეტული სამოქმედო გეგმა შეთანხმდება.
XS
SM
MD
LG