Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი ირანს რადიოსადგურების ჩახშობისთვის აკრიტიკებს


სიტყვის თავისუფლება ირანში კვლავ მთავარი საკითხია ევროკავშირში შეკრებილი ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისა, რომელზეც ასევე განიხილება ავღანეთისა და აღმოსავლელი მეზობლების - უკრაინისა და მოლდავეთის - დახმარების საკითხები. ევროკავშირმა მოუწოდა ირანს შეწყვიტოს უცხოური და ადგილობრივი რადიოსადგურების ჩახშობისა და ინტერნეტის ცენზურის ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა.

განცხადებაში ევროკავშირის სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაგმეს ირანის მოქმედება და დაუშვებელი უწოდეს, სატელიტური მაუწყებლობისა და ინტერნეტის ცენზურას. ბოლო თვეებში ირანის ხელისუფლებამ ჩაახშო გერმანული „დოიჩე ველეს“, „ამერიკის ხმისა“ და რადიო „ბი-ბი-სის“ სპარსულენოვანი გადაცემების მაუწყებლობა. რამდენიმე ჟურნალისტი კი, რომლებიც უცხოურ საინფორმაციო საშუალებებზე მუშაობდნენ, დააპატიმრეს გასული წლის ივლისიდან დაწყებული საპროტესტო გამოსვლების ჩასახშობად მიმართული რეპრესიების დროს.

თუმცა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების 22 მარტის განცხადებას არაფერი აქვს საერთო გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ შემუშავებულ ახალ სანქციათა პაკეტთან, რომლის შემუშავება დაიწყო მას შემდეგ, რაც ირანმა უარი თქვა ბირთვული იარაღის შექმნაზე. ირანის საკითხზე ამ კვირაში, 25-26 მარტს, ევროკავშირის ლიდერების სამიტზეც იმსჯელებენ.

მაგრამ ვიდრე მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდებოდნენ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ჟურნალისტების სახელდახელო შეკითხვებს უპასუხეს. მთავარი საკითხი იყო ვითარება ახლო აღმოსავლეთში და ისრაელის მიერ გამოცხადებული ახალი მშენებლობების გეგმა აღმოსავლეთ პალესტინაში. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა კეტრინ ეშტონმა ზოგადი შეშფოთება გამოთქვა შექმნილი ვითარებით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი კი ბევრად უფრო კონკრეტული იყო:

“ჩვენ უკვე დავადასტურეთ, რომ მხარს არ ვუჭერთ კოლონიზაციას. ჩვენ მხარს ვუჭერთ პალესტინის სახელმწიფოს შექმნას

ისრაელის სახელმწიფოს გვერდით და მხარს ვუჭერთ იერუსალიმს, როგორც ორივე სახელმწიფოს დედაქალაქს. ერთხელ ეს უკვე ითქვა და ამიტომ ველოდებით, თუ როგორ განვითარდება და რით დამთავრდება ბატონ ჯორჯ მიტჩელისა და მაჰმუდ აბასის დღევანდელი შეხვედრა. მე შევხვდი მას პარიზში შაბათს და ჩვენ მზად ვართ ამერიკელებთან ერთად ვიყოთ რაც შეიძლება მტკიცე და გავაკეთოთ ყველაფერი, რათა სამშვიდობო პროცესი სრულად განახლდეს.“

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ, ავღანეთს შეეხება. კერძოდ, ლაპარაკია „შერიგების სახალხო შეკრების“ მოწყობაზე 29 აპრილს, რომლის იდეაც ავღანეთის პრეზიდენტ ჰამი კარზაის ეკუთვნის. საერთაშორისო დონორების მიერ დაარსებულმა „მშვიდობისა და ნდობის აღდგენის ფონდმა“ უკვე მოიზიდა დაპირებული 140 მილიონი დოლარი.

ევროპის ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ სექტემბრისათვის დანიშნულ ავღანეთის საპარლამენტო არჩევნებზე. თუმცა მოელიან, რომ ევროკავშირის განცხადებაში შეშფოთება იქნება გამოთქმული კარზაის თებერვლის დეკრეტის გამო, რომლის თანახმადაც, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყველა წევრს პრეზიდენტი დანიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ კარზაიმ დეკრეტი უკან გაიწვია, ევროკავშირი მოუწოდებს ავღანეთის მთავრობას, უზრუნველყოს კომისიის სამომავლო მუშაობის ფართო გამჭვირვალობა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, პოლონეთის თხოვნით, ყურადღებას გაამახვილებენ უკრაინასა და მოლდავეთზე. ევროკავშირი ფრთხილი ოპტიმიზმით ეკიდება უკრაინის ახალ პრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩს. მოელიან, რომ იანუკოვიჩი გააგრძელებს პრაგმატულ საგარეო პოლიტიკას, რათა თავიდან აიცილოს ურთიერთობის გაწყვეტა დასავლეთთან მაშინაც კი, თუკი ნატოსთან თანამშრომლობა უფრო შესუსტდა.

უკრაინის ახალი ადმინისტრაციის გამოწვევად კვლავ რჩება საბიუჯეტო დეფიციტი, რაც 5 მილიარდ ევროს შეადგენს. დეფიციტის დასაფარავად უკრაინას მოუწევს განაახლოს მოლაპარაკება საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკთან. მოლაპარაკებები იოლი არ იქნება, რადგან ევროკავშირის დიპლომატები იმედგაცრუებულნი არიან იმით, რომ ჩიხში შევიდა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში უკრაინის გაწევრიანების საკითხი. თუმცა დამაიმედებელი იყო ვიქტორ იანუკოვიჩის ამასწინანდელი ვიზიტის დროს გაკეთებული განცხადება ბრიუსელში. ვიზიტის შემდეგ ნაკლებად სავარაუდო ჩანს უკრაინის გაერთიანება რუსეთის, ბელორუსიისა და ყაზახეთის საბაჟო კავშირში, რაც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციიდან გარიცხვას ნიშნავს.

რაც შეეხება მოლდავეთს, ის, ევროკავშირის მრჩეველთა საბჭოს - ეგრეთ წოდებული ვენეციის საბჭოს - რეკომენდაციით, მოითხოვს, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში 2012 წლის ზაფხულამდე გაიმართოს. მოლდავეთის პარლამენტი ვერ ახერხებს პრეზიდენტის არჩევას, რის გამოც დღის წესრიგში დგას პარლამენტის დაშლა და ახალი საპარლამენტო არჩევნების გამართვა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG