Accessibility links

logo-print
დღეს ოკუპირებულ გალში, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ქართული, აფხაზური, რუსული მხარის, გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლები დაესწრნენ. რიგით მე-14 ხუთმხრივი შეხვედრა ოკუპირებულ ქალაქში 5 საათს გაგრძელდა და კონკრეტული შეთანხმებების გარეშე დასრულდა. ქართულმა მხარემ, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ხელმძღვანელობდა, კვლავ მოითხოვა, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ 27 თებერვალს გარდაცვლილი პატიმრის, დემურ გოგოხიას ცხედარი გადასცეს, რაზეც აფხაზურმა მხარემ თბილისის დელეგაციას უარი უთხრა. ”მათ უარი განაცხადეს ასევე დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებაზე, რათა დადგინდეს მისი სიკვდილის მიზეზი. უარი თქვეს ასევე ევროკავშირის წინადადებაზე, რომ გოგოხიას ოჯახის წევრები შეხვდნენ დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებს და გაარკვიონ სად ურჩევნიათ გვამის დაკრძალვა”, განაცხადა უტიაშვილმა.

ამასთან, ამბობს შოთა უტიაშვილი, დაისვა საკითხი იმ პატიმრების თაობაზე, რომლებიც ოკუპირებული აფხაზეთის ციხეებში იმყოფებიან. ”ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ დაკავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ეს მათაც დაადასტურეს. ამიტომ ვაპირებთ, რომ მათ გავუწიოთ სამედიცინო დახმარება.”

ხუთმხრივ შერეულ შეხვედრაზე, როგორც შოთა უტიაშვილი ამბობს, მხარეებმა განიხილეს ასევე იმ მოსწავლეების საკითხი, რომლებსაც ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლებში განათლების მისაღებად ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთა პრაქტიკულად ყოველდღე უწევთ. თანახმად აფხაზური მხარის განცხადებისა, რომელიც ჟურნალისტებს თბილისის დელეგაციის ხელმძღვანელმა გააცნო, მოზარდებს ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთისას პრობლემები არ შეექმნებათ.

ე.წ. საზღვრის გადაკვეთისას განსაკუთრებული პრობლემები არც იმ მოქალაქეებს შექმნიათ, რომლებსაც რადიო თავისუფლება ენგურის ხიდთან გაესაუბრა. ”რუსული პასპორტი ვაჩვენე და გამიშვეს, სხვა პრობლემა არ ყოფილა. საზღვართან აფხაზები დგანან, რუსები არ გვინახავს”, გვიხსნიან გალელები.

რაც შეეხება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში შექმნილი სამუშაო ჯგუფების შეხვედრას, ის გალში სამ კვირაში გაიმართება.
XS
SM
MD
LG