Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაზი - 10 თეთრად, ელექტროენერგია - 5 თეთრად


გია ჭანტურია, თბილისის მერობის კანდიდატი
გია ჭანტურია, თბილისის მერობის კანდიდატი
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თბილისის მერობის კანდიდატთა ოფიციალური რეგისტრაცია ჯერ არ დაწყებულა, თუმცა ოპოზიციური პარტიების მიერ წარდგენილმა მერობის კანდიდატებმა უკვე დაიწყეს საკუთარი საარჩევნო პროგრამების საზოგადოებისათვის გაცნობა. მათ შორის არის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის მიერ დასახელებული გიორგი ჭანტურია, ნავთობკორპორაციის ყოფილი პრეზიდენტი. მისი პროგრამის მთავარი ასპექტები ენერგომატარებლებზე ტარიფების დაწევა და სამუშაო ადგილების გაზრდაა.

23 მარტს გიორგი ჭანტურიამ ექსპერტებსა და მედიის წარმომადგენლებს ის მიდგომები წარუდგინა, რომლებიც საფუძვლად დაედება ენერგომატარებლებზე არსებული ტარიფების მნიშვნელოვნად შემცირებას, რაც, მისი თქმით, შესაძლებლობას შექმნის, მოხდეს გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფების გადაანგარიშება, რის შედეგადაც გაზის ტარიფი 10 თეთრამდე, ხოლო ელექტროენერგიის ტარიფი 5 თეთრამდე დაიწევს. რაც შეეხება წყალს, ის მოსახლეობისათვის უფასო გახდება.

თქვენ ყოველთვიურად თქვენი შემოსავლის 60-80 პროცენტს ენერგოშემცველი პროდუქციის შესაძენად ხარჯავთ, მაშინ როდესაც ევროპაში ეს ციფრი მხოლოდ 11 პროცენტს შეადგენს, განაცხადა გია ჭანტურიამ, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის მიერ წარდგენილმა თბილისის მერობის კანდიდატმა და ნავთობკორპორაციის ყოფილმა პრეზიდენტმა, 23 მარტს „თბილისი-მარიოტში“ გამართულ პრეზენტაციაზე. ის ექსპერტებსა და მედიის წარმომადგენლებს გაზისა და ელექტროენერგიის თითქმის ათჯერ შემცირებული ტარიფის დაწესების შესაძლებლობაზე ესაუბრა. გაზი - 10 თეთრი, ელექტროენერგია - 5 თეთრი, ხოლო წყალი - უფასოდ. ეს გახლავთ გია ჭანტურიას სამოქმედო პროგრამის მთავარი ასპექტები:

”ნებისმიერ ქვეყანაში ენერგეტიკის გარეშე შეუძლებელია ეკონომიკაზე საუბარი. ჩვენი მთავარი აქცენტი, რა თქმა უნდა, კეთდება იმაზე, რომ ენერგოტარიფები იყოს დაბალი. ეს არის ქრისტიან-დემოკრატების ძირითადი სლოგანი - ჩვენ დაბალი ტარიფების საშუალებით სამუშაო ადგილების შექმნა უნდა შევძლოთ.”

ბიზნესისათვის ხელის შეწყობისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ერთ-ერთ წინაპირობად გია ჭანტურია სწორედ ენერგომატარებლებზე დაბალი ტარიფების არსებობას მიიჩნევს, ხოლო რაც შეეხება თავად დაბალ ტარიფებს, მისი თქმით, სრულიად რეალურია, რომ მოხდეს გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფების გადაანგარიშება და უკვე მომავალი წლიდან მოსახლეობას მიეცეს შესაძლებლობა თითქმის ათჯერ შემცირებული ტარიფებით ისარგებლოს:

ქრისტიან-დემოკრატების მერობის კანდიდატის,
გია ჭანტურიას წინასაარჩევნო პროგრამის
პრეზენტაცია

”რეალურად დღეს შესაძლებელია, რომ გაზის ტარიფი იყოს 10 თეთრი, ელექტროენერგიის - 5 თეთრი, ხოლო წყალი - უფასო. ამისთვის ყველა წინაპირობა არსებობს. ეს არის ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც ჩვენ გვაქვს უფასო გაზი და ფიქსირებული ფასით შესაძენი გაზი. გარდა ამისა, გვაქვს შესაძლებლობა, რომ ამ კონსორციუმიდან გაზი შევიძინოთ მინიმალურ ფასად. შექმნილია უკვე სამუშაო ჯგუფი ენერგეტიკის მეცნიერებათა აკადემიასთან ერთად და უახლოეს ერთ თვეში ჩვენ დავდებთ ძალიან მნიშვნელოვან გაანგარიშებას, თუ როგორ უნდა მოხდეს ტარიფების შემცირება”, - ამბობს ჭანტურია.

არსებობს რეალური გზა იმისა, თუ როგორ გახდება შესაძლებელი ელექტროენერგიასა და გაზზე ტარიფების დაწევა. სუფსის ინდუსტრიული ზონის ენერგეტიკული პროექტის განხორციელების შემდეგ, რომლის იდეის ავტორიც თბილისის მერობის კანდიდატია, მთლიანად დაიფარება საქართველოში გაზზე არსებული დღევანდელი მოთხოვნილებები და ასევე შემცირდება ელექტროენერგიის ტარიფი. პროექტი სუფსის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის, ნავთობქიმიური კომპლექსის, ნავთობის, თხევადი გაზისა და ბუნებრივი თხევადი გაზის ქარხნების მშენებლობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუკი საქართველო ააშენებს მიწისქვეშა გაზსაცავს ზაფხულის გაზის შესანახად, მას ექნება შესაძლებლობა შეიძინოს ზაფხულის გაზი, რომლის ფასიც 40%-ით იაფია ზამთრის გაზის ფასზე, რაც კიდევ უფრო გააიაფებს გაზის და ელექტროენერგიის ტარიფს, - განაცხადა გიორგი ჭანტურიამ, „თბილისი-მარიოტში“ გამართულ პრეზენტაციაზე.

ენერგეტიკის ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე თბილისის მერობის კანდიდატის მიერ წარდგენილი პროგრამის შესასრულებლად, გარდა კეთილი ნებისა, ეკონომიკური და სამრეწველო ქმედებების განხორციელების აუცილებლობას მიიჩნევს. მით უმეტეს, რომ, მისი თქმით, საქართველოში ტარიფის შემცირების ყველანაირი რესურსი არსებობს.

ეს გახლავთ რეალობა, რომელიც არსებობს, თუმცა მისი განხორციელება ხელისუფლების მხრიდან, ნაკლები პოლიტიკური პასუხისმგებლობის გამო, არ ხერხდება, განაცხადა ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ პრეზენტაციის დასრულების შემდეგ:

”ეს უნდა გახდეს პოლიტიკური დებატების საგანი. ასე რომ, არჩევანი იქნება საზოგადოებაზე, დაუჯერებს პოლიტიკური პასუხისმგებლობის მქონე პროფესიონალებს, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ასე შეიძლება იყოს, თუ დაუჯერებს იმ მძიმე რეალობას, რომელიც დღეს საქართველოშია.”

ხელისუფლების მხრიდან მაქსიმალურად არის გაკეთებული ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა ტარიფებთან დაკავშირებით, აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ზურაბ მელიქიშვილი. მისი თქმით, რეალობას არის მოკლებული ტარიფების 10 და 5 თეთრამდე დაყვანა, თუმცა ანალიზისაგან თავს იკავებს მანამდე, სანამ აღნიშნული პროგრამის დეტალებს არ გაეცნობა:

”ისეთი განცხადებები, როგორიცაა ელექტროენერგიის გადასახადის 5 თეთრამდე დაწევა, წყალი - უფასოდ და ა.შ. ყოველთვის ისმის ხოლმე გარკვეული ოპოზიციური პარტიებისგან წინასაარჩევნოდ. აქედან გამომდინარე, კარგი იქნება, თუკი ამ მიზნის მისაღწევად კონკრეტული გეგმა იქნება წარმოდგენილი. ველოდებით. გამოაქვეყნონ, იყოს დებატები, ვიმსჯელოთ”, - აცხადებს მელიქიშვილი.
XS
SM
MD
LG