Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

სტიქიით მიყენებულმა ზარალმა კახეთში მილიონ-ნახევარს მიაღწია


კახეთში სტიქიით მიყენებული ზარალი ნაწილობრივ დათვლილია. როგორც კახეთის გუბერნატორის მოადგილემ გიორგი სიბაშვილმა განაცხადა, წინასწარი ინფორმაციით, წყალდიდობების დროს რეგიონისთვის მიყენებულმა ზარალმა მილიონ-ნახევარს მიაღწია. სტიქიის შედეგად, ახმეტის რაიონში შვიდი სოფელი რამდენიმე დღის განმავლობაში გარესამყაროს იყო მოწყვეტილი. ადიდებულმა მდინარემ ახმეტა-თიანეთის 24-ე კილომეტრზე გზა დაანგრია. მდინარე ილტომ ახმეტის სასმელი წყლის სათავე ნაგებობაც დააზიანა. ათობით საცხოვრებელი სახლი დაიტბორა.

ზარალი მიიღო გურჯაანის მუნიციპალიტეტმა. ადიდებულმა ჭერმისხევმა სოფელ ჭერემთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა წაიღო. სახნავ-სათესი მიწები დაიტბორა სოფლებში: ჭანდარში, შაშიანში, ვეჯინში, ბაკურციხესა და კოლაგში.

დაზარალდა თელავის მუნიციპალიტეტიც. მდინარე დიდხევიდან გადმოვარდნილმა წყალმა სოფელ ართანაში 2 საცხოვრებელი სახლი დატბორა და შიდასაუბნო გზა წაიღო. სტიქიამ სოფელ შალაურში სასმელი წყლის დრენაჟი დააზიანა. ღვარცოფმა მდინარე ლოპოტაზე გამავალი ხიდი და სოფელ იყალთოში საცალფეხო ხიდიც დაანგრია.

ოფიციალური მონაცემებით, ყველაზე მეტად საგარეჯოს მუნიციპალიტეტი დაზარალდა. ძლიერმა ქარმა ხუთ საერთო საცხოვრებელს სახურავი გადახადა, ადიდებულმა ხევებმა კი დამცავი კედლები დააზიანა, რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და სასოფლო - სამეურნეო სავარგულები დატბორა.

მუნიციპალიტეტების გამგებლები აცხადებენ, რომ ტექნიკა,რომელიც მდინარეების კალაპოტების საწმენდად მიიღეს, საკმარისი მაინც არაა. გამგებლების განმარტებით, სტიქიის მძიმე შედეგების თავიდან ასაცილებლად კალაპოტების წმენდა შეუფერხებლად უნდა ხდებოდეს განსაკუთრებით საშიშ მდინარეებზე მაინც - ისეთზე, როგორიცაა, მაგალითად, დურუჯი ყვარლის რაიონში და მდინარე კაბალი ლაგოდეხში. მოსალოდნელ საფრთხეებზე მუდმივად ჩივის მოსახლეობა. მაგალითად, ყვარლის რაიონის სოფელ საცხენეში ამბობენ, რომ მათი სიცოცხლე ყოველ წელს საფრთხეშია. პრობლემას კი სოფელში მდინარეები შოროხევი და თხილისხევი ქმნიან. მდინარეების ადიდების გამო გასულ კვირას ამ სოფელში სასწავლო პროცესიც ჩაიშალა.

კახეთში ჯერ კიდევ დაუდგენელია რა ზარალი მიიღო მოსახლეობის იმ ნაწილმა, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაეტბორა.

კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სალიკვიდაციო და პრევენციული ღონისძიებებისთვის თანხა გამოიყოფა როგორც ადგილობრივი გამგეობების სარეზერვო ფონდიდან, ასევე ცენტრალური ბიუჯეტიდან.
XS
SM
MD
LG