Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას დე ფაქტო საჰაერო სივრცე და აეროპორტი ექნება


რუსეთის თვითმფრინავი სოხუმის აეროპორტში
რუსეთის თვითმფრინავი სოხუმის აეროპორტში
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, რუსეთმა სოხუმის აეროპორტს შიდა - რუსული - კოდი მიანიჭა. გარდა ამისა, სერგეი შამბა ამტკიცებს, რომ სოხუმის აეროპორტით დაინტერესდნენ რუსი, თურქი და იორდანელი ბიზნესმენები. როგორ შეხვდნენ აფხაზეთიდან მიღებულ ამ ცნობებს თბილისში და რის გაკეთებას აპირებს საქართველოს ხელისუფლება?

უკანასკნელი წლების განმავლობაში რუსეთის საინფორმაციო საშუალებებში არაერთხელ გამოქვეყნდა ცნობა იმის თაობაზე, რომ მოსკოვი სოხუმთან საჰაერო მიმოსვლის განახლებას აპირებდა. ყველა ამ ცნობას საქართველოს ხელისუფლება, როგორც წესი, საპროტესტო განცხადებებით ეხმიანებოდა, თუმცა საქართველოს პარლამენტში აცხადებენ, რომ, სოხუმის აეროპორტისათვის შიდა - რუსული - კოდის მინიჭების შემდეგ, საჭიროა აქტიურ ქმედებებზე გადასვლა. აი, რა განაცხადა 23 მარტის სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ:

„აფხაზეთისა და სოხუმის აეროპორტისთვის შიდა - რუსული - კოდის მინიჭება პრაქტიკულად არის ძალიან სერიოზული ნაბიჯი ამ ტერიტორიის საბოლოო ანექსიისკენ მიმართული. ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ეს ეწინააღმდეგება იკაოს წესდებას და ამიტომ ჩვენ ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ ამ პროცესის შესაჩერებლად.“

დავით ბაქრაძის მიერ ნახსენები იკაოს, ანუ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, იმედი აქვს პარლამენტის ვიცე-სპიკერ პაატა დავითაიას, რომელიც წლების წინ დევნილობაში მყოფი აფხაზეთის მთავრობის იუსტიციის მინისტრი იყო.

„მინდა ვთხოვო მთავრობას, განსაკუთრებით საგარეო საქმეთა სამინისტროს, მიმართოს იკაოს, რათა იმ ავიაკომპანიებს, რომლებიც დაიწყებენ ფრენას სოხუმის მიმართულებით, ჩამოერთვათ ლიცენზია“, განაცხადა პაატა დავითაიამ პარლამენტის სხდომაზე.

საქართველოს პარლამენტში დარწმუნებულნი არიან, რომ იკაოს სადამსჯელო ღონისძიებების გატარება შეუძლია, თუმცა, როგორც რუსეთში გამომავალი ჟურნალის, “ავიატრანსპორტის მიმოხილვის”, მთავარი რედაქტორი ალექსეი სინიცკი ამბობს, იკაო არც გასცემს და, შესაბამისად, არც აუქმებს ლიცენზიებს:

„იკაო – ესაა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, გაეროს ორგანო. ასევე არსებობს ჩიკაგოს კონვენცია, რომელშიც ჩადებულია ორმხრივი თანამშრომლობის პრინციპები. არ არსებობს ზესამთავრობო დონეები და შეზღუდვები. ამასთან, ცნობილია საერთაშორისო დონეზე რამდენიმე ანალოგიური მაგალითი. ავიღოთ ტაივანი, რომელსაც მსოფლიოს ქვეყნების დიდი ნაწილი არ ცნობს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, მაგრამ მასთან ინტენსიური საჰაერო კავშირი მაინც არსებობს. აქტიურად მუშაობენ ადგილობრივი ავიაკომპანიებიც, რომლებიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დაფრინავენ, ისევე როგორც ამას აკეთებენ უცხოური ავიაკომპანიები.”

ეს იყო რუსი ჟურნალისტი ალექსეი სინიცკი. საქართველოს ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციაშიც ადასტურებენ, რომ იკაოს არ შეუძლია ავაიკომპანიებისათვის ლიცენზიების ჩამორთმევა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე ცალკე აღებული ქვეყანა განსაზღვრავს ამა თუ იმ აეროპორტის სტატუსს. ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჭიჭინაძე განმარტავს:

„იკაოს ცალსახად აქვს დადასტურებული, რომ ის აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეს იმას გულისხმობს, რომ ჩვენი ნებართვისა და თანხმობის გარეშე ვერანაირ საერთაშორისო სტატუსს ამ აეროპორტს ვერ მიანიჭებენ. შესაბამისად, აქედან არანაირი საერთაშორისო ფრენების პერსპექტივა არ არის და არც განხორციელდება.“

საქართველოს ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მუდმივი კონტაქტი აქვთ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომელსაც, როგორც ირკვევა, აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის მთავრობამ აფხაზეთის საჰაერო სივრცისათვის შესაბამისი სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართა. საქართველოს პარლამენტში ეჭვი არ ეპარებათ, რომ იკაო ამ მოთხოვნას უარყოფითად უპასუხებს, თუმცა, ამის მიუხედავად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე საქართველოს მთავრობისგან დამატებითი ზომების მიღებას მოითხოვენ. მომავალ კვირას ამ საკითხთან დაკავშირებით დეპუტატები მთავრობის წარმომადგენლებს მოუსმენენ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG