Accessibility links

logo-print
ჩინეთის მთავრობა გაანაწყენა საინტერნეტო-საძიებო ქსელის, Google-ის, გადაწყვეტილებამ - ფაქტობრივად, კონფრონტაციულმა კურსმა - თავის ჩინელ მომხმარებლებს ჰონკონგის თავისივე სერვერით მოემსახუროს. ამით Google-ი ჩინეთში ინფორმაციის მოპოვებაზე დაწესებულ ცენზურას ნაწილობრივ მაინც გვერდს აუვლის.

პეკინის მიერ დაწესებული ცენზურისთვის გვერდის ასავლელად მიღებული Google-ის გადაწყვეტილება ჩინეთის მთავრობისთვის გამოწვევაა. საკუთრივ ჩინეთში, ორშაბათის საღამოს შემდეგ, ის, ვინც Google.cn-ს მოიხმარდა, ამ მისამართიდან პირდაპირ, ავტომატურად მოხვდება ჰონკონგის პორტალზე, რომელიც არ იფილტრება. ჰონკონგი ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონია, რომელსაც უფრო ლიბერალური პოლიტიკა აქვს. ინტერნეტის ჩინურენოვანი მომხმარებლები ახლა შეძლებენ, თეორიულად მაინც, მეტი ინფორმაცია მიიღონ ჩინეთში სხვაგვარად მოაზროვნეთა საქმიანობაზე, ასევე ტიბეტის გარშემო, რაზეც ცნობები საკუთრივ ჩინეთში არ ვრცელდება. თეორიულად იმიტომ, რომ არაა ცნობილი, შეძლებს თუ არა ჩინეთის მთავრობა ამ, ასე ვთქვათ, „გადამისამართების“ დროს, ხელი შეუშალოს Google-ის მომხმარებლებს. დასავლეთის სააგენტოების ცნობით, სამშაბათს მასალები, რომლებიც ადრე დაიშვებოდა, საძიებო სიაში კვლავ ჩანდა, მაგრამ მათი გახსნა შეუძლებელი იყო.

თავის ვებგვერდზე Google-მა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წაიკითხავთ, რომ იანვარში Google-ზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. აქციის მიზანი უფლებადაცვის აქტივისტების ელექტროსაფოსტო მისამართების ბლოკირება იყო. ამან და სხვა ხელისშემშლელმა აქტებმა Google-ს გადააწყვეტინა, თავისი ინფორმაციის ცენზირებას აღარ შეგუებოდა. განცხადებაში Google-ი იმედს გამოთქვამს, რომ მის გადაწყვეტილებას პეკინი არ აღიქვამს როგორც უკანონოს და რომ ჩინეთის მთავრობა არ შეაჩერებს Google-ის მუშაობას.

ჩინეთის მთავრობა გაანაწყენა Google-ის გადაწყვეტილებამ. ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურის წარმომადგენელმა, რომლის ვინაობა არაა ცნობილი, „სინხუას“ სააგენტოს უთხრა, რომ Google-ი არასწორად იქცევა, რომ მისი „უპასუხისმგებლო ბრალდებებისა და ქმედების“ გამო ჩინეთის მთავრობა „იმედგაცრუებული და განაწყენებულია“. მისივე თქმით, ამერიკულმა კომპანიამ დაარღვია თავისივე წერილობითი პირობა, რომ დაიცავდა ჩინეთის კანონს, როცა მის ბაზარზე შედიოდა. ვითარების კიდევ უფრო გაუარესებას მოელის ჩინეთის საერთაშორისო კვლევის სახელმწიფო ასოციაციის მკვლევარი ვიქტორ გაო:

„ჩინურენოვანი საძიებო სისტემის ჰონკონგში გადატანა და ყოველგვარი - ადრე შეთანხმებული - ფილტრების მოხსნა ვითარებას გააუარესებს. მიზეზი ისაა, ჩემი აზრით, რომ ჩინეთის მთავრობაზე იქნება დამოკიდებული, რა გააკეთოს. და ჩინეთის მთავრობამ, არა მგონია, ამგვარი ნაბიჯის შემდეგ უკან დაიხიოს“.

Google-ის ნაბიჯს შეუძლია ასევე გააუარესოს აშშ-ისა და ჩინეთის ისედაც რთული ურთიერთობა. ესმის რა ეს, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, სინ იანგმა, განაცხადა, Google-ის ეს ინციდენტი არ იმოქმედებს ვაშინგტონ-პეკინის ურთიერთობაზეო. მისი აზრით, არაა საჭირო ამ ამბის „პოლიტიზება“.

სინის ნათქვამი იმასაც უნდა ნიშნავდეს, რომ ჩინეთი აფრთხილებს აშშ-ს, Google-ის ცენზურის თემა დარჩეს დღის წესრიგში მოლაპარაკებაზე, რომელიც ეკონომიკის სფეროს შეეხება და რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა და ფინანსთა მინისტრმა ტიმოთი გეიტნერმა უნდა გამართონ ჩინეთის ოფიციალურ წარმომადგენლებთან. ბოლო ასეთი შეხვედრა ჩაიშალა არაერთ - მათ შორის, ინტერნეტის თავისუფლების -საკითხში უთანხმოების გამო. სინმა თქვა ასევე, რომ ჩინეთის საერთაშორისო პოზიციაზე Google-ის გამო დაძაბულობა ვერ იმოქმედებს.

რეიტერის ტელევიზიას ინტერნეტის ჩინელმა სპეციალისტმა, ჩენ იაფეიმ, უთხრა, თუკი Google-ი დატოვებს ჩინეთის ბაზარს, ეს დანაკარგი არ იქნებაო:

„ყოველმა კომპანიამ, რომელიც ჩინეთის ბაზარზე შედის, ამ ქვეყნის კანონები უნდა დაიცვას. Google-ს თავისი კრედო აქვს. Google-ისა და ჩინეთის მთავრობის ბრძოლა მათი საქმეა. ჩინელი მომხმარებელი არ ინანებს, თუკი Google-ი წავა“.

სხვა აზრი აქვთ საინტერნეტო მრეწველობის ანალიტიკოსებს. მაგალითად, ჩინეთის მედიისა და სარეკლამო-საინტერნეტო ფირმის მფლობელი ჯერემი გოლდკორგნი ფიქრობს, რომ Google-ის წასვლის შემდეგ ქსელში ადგილობრივი კომპანიები გაბატონდებიან, რაც ერთფეროვნებას, ნაკლებ კონკურენციას და ნაკლებ ინოვაციას ნიშნავს.
XS
SM
MD
LG