Accessibility links

დღევანდელი ქართული პრესა ყველაზე მეტს ლეიბორისტების მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე წერს, რომელსაც ქართული ოპოზიციური პარტიების ნაწილი ესწრებოდა. ”ალია” ამ შეხვედრას დეტალურად აშუქებს და რეპორტაჟს სამ გვერდს უძღვნის. გაგაცნობთ ნაწყვეტს ამ სტატიიდან, სადაც შეხვედრაზე არსებული ატმოსფეროა აღწერილი: ”მამუკა გიორგაძე ეკამათება გოგა ხაინდრავას, გიჟი რომ არის, ასანთით ხელში, ამიტომაც არის დალაგებული მოქმედება საჭირო, სხვანაირმა მოქმედებამ შედეგი არ მოიტანაო. შუაში შალვა ნათელაშვილი დგება: ბატონო მამუკა, დებატები მაშინ გავმართოთ, როდესაც გავალთ მოსასვენებელშიო. დარბაზში ხარხარი ისმის, რა მოსასვენებელში, რის საძინებელში? შალვა თავს იმართლებს, ჩაი, ყავა, ცივი სასმელი და რამეო”.

”ახალი თაობა” თავის დამოკიდებულებას ამ თავყრილობის მიმართ სათაურში გამოხატავს: ”ნათელაშვილმა ოპოზიცია ვერ გააერთიანა” - ასე ჰქვია სტატიას.

”24 საათის” პუბლიკაციას ამ თემაზე კი სათაური სულ სხვა კუთხით აქვს შერჩეული: ”კომუნისტებმა მომენტი იგრძნეს“. კომუნისტებზე ავტორი სტატიის ბოლო აბზაცში წერს: ”მონაწილე თორმეტამდე პარტიას შორის ფიგურირებდა კომუნისტური პარტია და მისი ხელმძღვანელი ბატონი წიკლაური” - და იქვე განმარტავს, სწორედ სე წარადგინეს - „კომუნისტების ხელმძღვანელიო“. სტატია გრძელდება: ”ჩანს, კომუნისტებმა იგრძნეს დრო და ადგილი. ბატონმა წიკლაურმა საკუთარი პოზიცია ასე ჩამოაყალიბა: ”არავინ იცის, ვინ არის ქართველი ხალხის მტერი და ვინ მოყვარე. ქართველი ხალხი თავად გადაწყვეტს, რუსეთში წავიდეს თუ ამერიკაშიო.” - ქართველი კომუნისტების ლიდერის ამ სიტყვებით ამთავრებს სტატიას ოპოზიციის შეკრებაზე ”24 საათი”.

”რეზონანსი” საჯარო მოსამსახურეების იძულებით ქველმოქმედებაზე წერს. ”საჯარო სამსახურის თანამშრომლებს სკოლების რეაბილიტაციაში მონაწილეობას ავალდებულებენ. ამისათვის მათ წელიწადში ერთხელ საკუთარი ხელფასიდან სკოლის ბიუჯეტში 50-100 ლარი უნდა შეიტანონ. აქცია საქველმოქმედოა, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვითო”, - წერს გაზეთი და განმარტავს: საჯარო პირებს სკოლების სარემონტო სამუშაოებში მონაწილეობას იძულებითაც აკისრებენ. ერთი თანამშრომელი, მაგალითად, ჰყვება, რომ ხელმძღვანელმა გადახდა კატეგორიულად მოსთხოვა და გააფრთხილა, წინააღმდეგობის გაწევას აზრი არა აქვს, 50 ლარი ხელფასიდან მაინც ჩამოგეჭრებაო.”

დაბოლოს, ”საქართველოს რესპუბლიკა” ვნახოთ, სადაც წაიკითხავთ მოსაზრებას, სათაურით ”რაგბის მოგებას რა უნდა?” ქვესათაურია: „მატჩში გავიმარჯვეთ, აგვისტოს ომში ხომ არა“. ”აშკარად გადავამლაშეთ რაგბთან მიმართებაში. ვინ მამაძაღლი და მეც, სხვებთან ერთად, გამეხარდა ქართველების გამარჯვება ტრაბზონში, მაგრამ იმხელა აჟიოტაჟი, აშკარად პოლიტიკური ანგაჟირება, რაც წინ უძღოდა ამ მატჩს, მეტისმეტი იყო”, - წერს ”საქართველოს რესპუბლიკის” ავტორი.
XS
SM
MD
LG