Accessibility links

logo-print

აფხაზეთიდან დევნილები მინისტრისგან პასუხს 5 თვეა ელოდებიან


შენობაში ისე წვიმს, როგორც გარეთ

შენობაში ისე წვიმს, როგორც გარეთ

აფხაზეთიდან დევნილი 10 ოჯახი, რომელიც ზუგდიდის ყოფილი საკონსერვო ქარხნის ადმინისტრაციის შენობაში 13 წლის წინ შესახლდა, იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში, რომელიც კომპაქტურ დასახლებებში პირველ ეტაპზე კორპუსების რეაბილიტაციას, შემდეგ კი მის დაკანონებას ითვალისწინებს, სამოსახლოში სარემონტო სამუშაოების დაწყებას ითხოვს.


ამჟამინდელი მდგომარეობით, ორსართულიან კომპაქტურ შენობაში შიგნითაც ისე წვიმს, როგორც გარეთ, არ ფუნქციონირებს კანალიზაციისა და სუფთა წყლის სისტემა. გაუსაძლის პირობებში მცხოვრებმა დევნილებმა დახმარებისთვის არაერთხელ მიმართეს ლტოლვილთა სამმართველოს ზუგდიდში, თუმცა უშედეგოდ.

”ყველა ინსტანციამ იცის ჩვენი მდგომარეობა, მაგრამ დახმარებისთვის არავინ მოსულა. ცელოფნით გადახურვა, 53 წლის ქალი ვარ და, არასოდეს გამიგია. წვიმის შემდეგ ერთი კვირა უნდა, წყალი რომ დაშრეს. ჩვილი ბავშვები ცხოვრობენ აქ და მათი ჯანმრთელობა არავის აწუხებს. დევნილები რომ ვართ, ადამიანები არ ვართ?! მოგვხედონ და დაგვეხმარონ”, - ამბობენ აფხაზეთიდან დევნილები.

მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების გარდა, დევნილები კორპუსიდან გასახლების საფრთხის წინაშე დგანან.


ჭუბურხინჯელი სვეტა ყოლბაია ამბობს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებსაც კორპუსში სარემონტო სამუშაოების განხორციელება სურდათ, ნება არ დართო კერძო მესაკუთრემ იმ იმედით, რომ მძიმე პირობებში მცხოვრები დევნილები თავად იტყოდნენ უარს იქ ცხოვრებაზე.

”ვალტერ ჯიქია არის ამ კორპუსის მეპატრონე - ყოველ შემთხვევაში, ის ასე ამბობს. არც ვიცით, მართალია თუ არა. ორგანიზაციები რომ მოვიდოდნენ დასახმარებლად, ის უკრძალავდა რემონტის გაკეთებას - გაიძულებთო, აქედან რომ წახვიდეთო”, - ჰყვება შუახნის ქალი.

ამიტომ სამოსახლოში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად გასახლების საფრთხის წინაშე მდგომმა სოხუმიდან და გალიდან დევნილმა ათმა ოჯახმა არაერთხელ გაუგზავნა წერილი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ კობა სუბელიანს.


”27 ნოემბერს გავუგზავნეთ წერილი მინისტრს. რამდენჯერ მივაკითხე ფოსტას, იქნებ წერილი იყოს მოსული-მეთქი, მაგრამ პასუხზეც არ შეწუხებულა.

რამდენჯერ ჩამოვიდა სუბელიანი ზუგდიდში, ჩვენთან არც ერთხელ არ მოუყვანიათ. თავად რომ ენახა როგორ პირობებში ვცხოვრობთ, დარწმუნებული ვარ დაგვეხმარებოდა, ასე მჯერა მე, რადგან სადაც მივიდა, ყველაფერი გააკეთა”, - ამბობს სვეტა ყოლბაია.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროს ლევან მიქავას, რომელმაც ამ ეტაპზე, სამინისტროს პრესსამსახურის მოთხოვნით, კომენტარზე უარი განაცხადა.

ცნობისთვის: ერთადერთი, რითაც დევნილებს სახელმწიფო ეხმარება, მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადია.
XS
SM
MD
LG