Accessibility links

logo-print
დღეს რამდენიმე გაზეთი წერს ”ქრისტიან-დემოკრატების” მერობის კანდიდატ გია ჭანტურიას წინასაარჩევნო დაპირებაზე. ”რეზონანსში” წაიკითხავთ: ”ექსპერტ გია ხუხაშვილს ძალიან უნდა, რომ თბილისის მერი გია ჭანტურია გახდეს და მხოლოდ იმიტომ, რომ ნახოს, ”მოტყუებულ ამომრჩეველს რა პასუხს გასცემს”, გაზის ტარიფი 10 თეთრი, დენი 5 თეთრი რომ ვერ გახდება და დედაქალაქის წყლით უფასო მომარაგება რომ ვერ მოხერხდება.”

”რეზონანსშივე” წაიკითხავთ ინტერვიუს ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” ლიდერ ნინო ბურჯანაძესთან. ”ის, რომ დღეს არანორმალური პრეზიდენტი გვყავს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ ნებისმიერი ნორმალური ადამიანი ავირჩიოთ”, - აცხადებს ბურჯანაძე და თვლის, რომ ”ნორმალურობა” არ არის საკმარისი კრიტერიუმი პრეზიდენტობისთვის. ამავე ინტერვიუში წაიკითხავთ: ”სააკაშვილს დღეს ძალიან კარგად ესმის, რომ მის კისერზე ყულფი თანდათან ვიწროვდება. თუ ადრე რუსები არ ელაპარაკებოდნენ, დღეს თითქმის არავინ ელაპარაკება მსოფლიოში. 13 თებერვლის [მარტის იგულისხმება - ნ.გ.] გადაცემის შემდეგ მას უკვე არც ერთი თავმოყვარე ადამიანი, პოლიტიკოსი არ დაელაპარაკება. მისი ერთადერთი გადარჩენა არის, რომ მას ერქვას რუსეთის ტანკების მიერ გაგდებული პრეზიდენტი.”

”ახალი თაობა” წერს: ”საქართველოს ხელისუფლება აპრილის დადგომას მოუთმენლად ელოდება. იმიტომ არა, რომ 1 აპრილს კიდევ რამე მოგვატყუოს. მათთვის, ისევე როგორც ოპოზიციისთვის, ყოველი დღე პირველი აპრილია. აპრილის დადგომას ჩვენებურები სულ სხვა მიზეზით ელოდებიან მოუთმენლად. ამ თვეში, შესაძლოა, საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შეხვდეს”, - წერს ”ახალი თაობის” ავტორი.

”28 მარტამდე ეროვნული საბჭოს კარი ღიაა ყველასთვის, ვინც ამას საჭიროდ ჩათვლის. ჩვენ ამ თემაზე არავის ვევაჭრებით”, - განუცხადა ზურაბ ნოღაიდელმა გაზეთ ”ვერსიას”. კორესპონდენტის შეკითხვაზე, ესაუბრა თუ არა ნოღაიდელი ლევან გაჩეჩილაძეს, გამხდარიყო ეროვნული საბჭოს ერთიანი კანდიდატი არჩევნებზე, ნოღაიდელი პასუხობს, რომ კონკრეტულად ამ თემაზე საუბარი გაჩეჩილაძესთან არ ჰქონია. ლევან გაჩეჩილაძესთან მოლაპარაკებების შესახებ ”ვერსიის” ჟურნალისტი ”ალიანსი საქართველოსთვის” თანათავმჯდომარეს, რესპუბლიკური პარტიის ლიდერ დავით უსუფაშვილსაც ეკითხება: ”მეგობრები რომ შეიკრიბებიან სუფრასთან და ვიღაც აგვიანებს, ხომ ორი ვარიანტია. ან ურეკავ და აფრთხილებ, რომ იჩქაროს, რადგან ელოდები, ან იწყებ დროსტარებას და მას ადგილს უნახავ. ჩვენ მეორე ვარიანტი ავირჩიეთ”, - აცხადებს უსუფაშვილი. ამავე ინტერვიუში ის აგრეთვე ამბობს, რომ საქართველო პოლიტიკურმა პარტიებმა კი არ დააქციეს, არამედ იმან, რომ ”საქართველოში პოლიტიკა პარტიების საქმედ ვერა და ვერ იქცა.”

დღევანდელი პრესა ეხმაურება რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტისთვის საერთაშორისო კოდის მინიჭების ამბავს. ”24 საათი” წერს: ”ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ”იკაოს” [სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის] პრინციპულობაზე: რას მიანიჭებს უპირატესობას - საერთაშორისო სამართლის ნორმებს თუ ერთ-ერთი ყველაზე დიდი საწევროს შემტანი ქვეყნის პოლიტიკურ ინტერესებს”, - წერს ავტორი.

”საქართველოს რესპუბლიკა” აქვეყნებს ინტერვიუს საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტ გიორგი ყაველაშვილთან. ის ამბობს: ”საქართველოს სუვერენიტეტი მარტო ჩვენი სახელმწიფოს პრობლემა არ არის, რადგანაც მისი დარღვევა ევროპული და საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურას მოშლის. ამდენად, საქართველოს სუვერენიტეტის შენარჩუნება დასავლეთის ინტერესიცაა.”
XS
SM
MD
LG