Accessibility links

სპეციალური ოპერაციების ძალების კაპრალი სოსო ჟვანია, როგორც თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, გონიოს სამხედრო პოლიგონზე მიმდინარე წვრთნების დროს შემთხვევითმა ტყვიამ იმსხვერპლა. კაპრალი სამხედრო ნაწილიდან საკუთარ ოჯახში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში, გადაასვენეს. მომხდარს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია იძიებს. დაკავებულია ერთი სამხედრო პირი.

გონიოს სამხედრო პოლიგონზე მიმდინარე წვრთნების დროს დაღუპული კაპრალის, სოსო ჟვანიას, გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ჯერჯერობით დეტალები არ ვრცელდება. როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ისინი ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობენ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ კაპრალი შემთხვევითმა ტყვიამ იმსხვერპლა.

ტრაგედიაა, როდესაც მშვიდობის პერიოდში ჯარისკაცი იღუპება, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი და იქვე დასძენს, რომ ძნელია ასეთ შემთხვევაში ხელი ყოველთვის უსაფრთხოების ნორმების დაუცველობისკენ გავიშვიროთ, რადგან ხშირად წვრთნების დროს სწორედ ადამიანური შეცდომა ხდება სიკვდილის მიზეზი:

”რა თქმა უნდა, არსებობს შესაბამისი უსაფრთხოების ზომები, მაგრამ ეს ზომები ვერ იქნება ასპროცენტიანი, რადგან საქმე გვაქვს იმიტირებულ საბრძოლო ოპერაციებთან, რაც, თავის მხრივ, დაკავშირებულია რისკებთან. ამიტომ უნდა დაველოდოთ გამოძიებას. გამოძიების შემდგომ უკვე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რატომ მოხდა ტრაგედია - გამოწვეული იყო ეს რომელიმე მეთაურის გულგრილობით, უსაფრთხოების ზომების დაუცველობით თუ ეს იყო ადამიანური შეცდომა”, - ამბობს სესიაშვილი.

გამოძიების ნებისმიერი დასკვნის მიუხედავად, საზოგადოებამ ხელისუფლების წინაშე მკაცრად უნდა დააყენოს საკითხი, რათა უსაფრთხოების სექტორში განხორციელებული წვრთნების დროს მაქსიმალურად შემცირდეს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკები, ამბობს სესიაშვილი:

”მთავარია, რომ გამოძიება ჩატარდეს ობიექტურად და ჩვენ გავიგოთ ტრაგედიის რეალური მიზეზი და არ მოხდეს ხელის შეწმენდა რიგით სამხედროზე, რომელიც ამ შემთხვევაში შეიძლება სწორად მოქმედებდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიების დროს დაკავებულის დამცველები აქტიურად ჩაებან გამოძიებაში.”

როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრის ხელმძღვანელი სალომე მახარაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, მათთვის, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალები ცნობილი არ არის. კითხვაზე, თუ რამდენად არის სამხედრო სწავლების დროს უსაფრთხოების ნორმები დაცული, ის მოკლედ პასუხობს:

”ყველა სწავლებას აქვს თავისი უსაფრთხოების ნორმები. ამ კონკრეტულ შემთხვევაზე კი აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.”

დაღუპული კაპრალის ოჯახის წევრები ტელევიზიებთან საუბრისას ობიექტურ გამოძიებას და დამნაშავის დასჯას ითხოვენ. ისინი ტრაგედიის სავარაუდო მიზეზებზე საუბრობენ:

”სოსოს უსროლია სნაიპერის ტყვია. მეორე ბიჭი მისულა სანახავად, როგორ ისროლა სოსომ. ამასობაში სოსოს იარაღი ძირს დაუდვია, იმ ბიჭმა აიღო თურმე ის იარაღი და გაუვარდა შემთხვევით.”

”მხოლოდ ის ვიცით, რომ თავისივე ნასროლი ტყვია შემოუბრუნდა უკანო. ექსპერტიზა დაადგენს, ალბათ, რა და როგორ იყო.”
XS
SM
MD
LG