Accessibility links

logo-print

„სოჭი 2014“-ის ოლიმპიადის მშენებლობები საფრთხეს უქმნის ბუნებას


გაეროს ბუნების დაცვის პროგრამამ ამ დღეებში გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც წერია, რომ მოსკოვი უგულებელყოფს სოჭის 2014 წლის ოლიმპიადის მზადებისას ბუნების დაცვის თვალსაზრისით შექმნილ საფრთხეს. ბუნების დამცველმა ორმა საერთაშორისო ორგანიზაციამ „უორლდ უაილდლაიფ ფანდმა“ და „გრინპისმა“, მათივე ინფორმაციით, იმის გამო, რომ რუსეთის მთავრობა უარს ამბობს მათი რჩევები ყურად იღოს, მოსკოვთან საკონსულტაციო თანამშრომლობა შეწყვიტა.

ზამთრის 2014 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების დაწყებისთანავე აშკარა გახდა, რომ ბუნება იმ არეალში დაზარალდებოდა - ბუნება კი იქაური მცენარეები, ცხოველთა სამყარო და, ცხადია, ადამიანებია.

გაეროს ანგარიშის ავტორებს მიაჩნიათ, რომ გამოსწორება ზიანისა, რომელიც გარემოს მიადგა სოჭში, მის შემოგარენში, გზებისა და სარკინიგზო კომუნიკაციების მშენებლობის დროს, შეუძლებელია. ლაპარაკია სატრანსპორტო ხაზზე, რომელიც მთიანეთს შავი ზღვის პირთან აკავშირებს. ამას გარდა, გაეროს ეკოლოგები იუწყებიან, რომ რუსეთის მთავრობა ცდილობს დააკნინოს ის ზიანი, რომელიც სოჭის ეროვნულ პარკს მიადგება.

გაეროს ანგარიშის გამოქვეყნებამდე რამდენიმე კვირით ადრე „უორლდ უაილდლაიფ ფანდმა“ და „გრინპისმა“, ორმა უდიდესმა ბუნებისდამცველმა ორგანიზაციამ, შეწყვიტა რუსეთის მთარობასთან თანამშრომლობა იმ მიზეზით, რომ ზამთრის თამაშების ორგანიზატორები არ ითვალისწინებენ მათ რჩევებს.

შეგახსენებთ მასშტაბებს: დიდი სოჭის არეალში, მიმდებარე - მათ შორის, იმერეთის დაბლობზე მდებარე - სოფლებში, სულ 400 ათასი ადამიანი ცხოვრობს. მიმდინარეობს დაახლოებით 200 ოლიმპიური ობიექტის მშენებლობა. მათთვის სოჭის ეროვნულ პარკს ორ-ნახევარი ათასი ჰექტარი ჩამოაჭრეს. სამაგიეროდ, სხვა ტერიტორია მიუერთეს, მაგრამ ჩამოჭრილს აღარაფერი ეშველება.

საქართველოში 20 წელზე მეტი ხანია მოქმედებს „მწვანეთა მოძრაობა“ - არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ამ პროფილის არაერთი საერთაშორისო ჯგუფის წევრია. მისმა თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ გვიამბო სოჭის ოლიმპიადის ობიექტების მშენებლობის დროს ბუნებისთვის მიყენებულ ზარალზე. მან გვითხრა, რომ ოლიმპიური მოძრაობა, საერთოდ, გარემოს დაცვაზე ზრუნავს, მაგრამ ამას ვერ იტყვი „სოჭი 2014-ზე“. მისი თქმით, დიდი ყურადღება ექცევა, როგორ შენდება ობიექტები, როგორ არის ისინი ჩაწერილი გარემოში, რათა არ იყოს დარღვეული ეკოსისტემა.

სოჭის ოლიმპიადის შემთხვევაში, ჩხობაძის თქმით, ასე არ ხდება. არის ძალიან სერიოზული პრობლემები, იმიტომ რომ საქმე ეხება კავკასიონის ჩრდილოეთის ფერდებს, რომლებიც ისედაც სენსიტიური, საკმაოდ მოწყვლადი და პრობლემატურია.

რუსეთის მთავრობა უარყოფს ბრალდებებს, რომ გარემო სოჭის რეგიონში ზარალდება. კრემლი აცხადებს, რომ ასეთი კრიტიკა საზოგადოებრივი აზრის შექმნას ემსახურება და მისი მიზანი თამაშისთვის ბოიკოტის გამოცხადებაა.

სოჭის ოლიმპიადის ვებგვერდზე რომ შეხვიდეთ, სრულიად განსხვავებულ პოზიციას წააწყდებით, ბუნების დაცვის თვალსაზრისით, - კერძოდ, რომ თამაშები ბუნებასთან ჰარმონიაში მზადდება. იქვე გამოქვეყნებულია ტექსტი, „სოჭი 2014-ის“ გარემოსდაცვითი სტრატეგია, რომლის შესავალში ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ჟუკოვი წერს:

„დარწმუნებულნი ვართ, არეალის განვითარება - კერძოდ, სოჭის ბუნების დაცვა - რუსეთის და მსოფლიოს საზოგადოების წინაშე ვალდებულებაა, ჩვენი ვალია რუსეთის მომავალი თაობების მიმართ.“

ბუნებრივი რესურსების ეკოლოგიის მინისტრი იური ტრუტნოვი, ერთი შეხედვით, კრიტიკულია და ამბობს, რომ ოლიმპიური მშენებლობები საშინლად გამოიყურება, ასეთი რამის დამალვა არ შეიძლება, ზომების მიღებაა აუცილებელი, ამ ობიექტებზე მითითებაა საჭირო და თქმა, რომ რუსეთში, რომელმაც ვალდებულება იკისრა ეკოლოგიურად უფრო სუფთა ობიექტები აეშენებინა, არ იციან შენება, - იუწყება „როსიისკაია გაზეტა“.

თუმცა იქვე ტრუტნოვი ამბობს, რომ არსებითი ეკოლოგიური რისკი არ არსებობს და ეს მიღწეულ იქნა მთავრობის გადაწყვეტილების შედეგად, ზოგიერთი ოლიმპიური ობიექტი სხვაგან გადაეტანათ. მინისტრი რწმენას გამოთქვამს რუსეთის პრესაში, რომ არსებული პრობლემები მოგვარდება.

ნინო ჩხობაძე ბუნების დამცველი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის საერთო აზრს ასე აჯამებს:
„ერთია ძალიან მნიშვნელოვანი: რომ ამ ოლიმპიადას ვერ დავუძახებთ, რომ ის არის გარემოს დაცვაზე ორიენტირებული, რომ მან დაიცვა ეკოსისტემები და არ დააზიანა. ფაქტია, რომ ეს მწვანე მშენებლობა ნამდვილად არ არის.“

საქმეს, მთლიანობაში, აუარესებს ის, რომ სოჭის ოლიმპიადისთვის ობიექტების უმეტესობა კი არ განახლდება, არამედ ახლა შენდება. ეს ჩანს იმ თანხაში, რომელიც მისთვის გამოიყო თავიდანვე. ლაპარაკია 7 მილიარდ დოლარზე, მაშინ როცა ვანკუვერის ოლიმპიადა, კანადას 580 მილიონი - ანუ, დაახლოებით, 12-ჯერ ნაკლები - დაუჯდა.

საქართველოს „მწვანეთა მოძრაობის“ თანათავმჯდომარე კონკრეტულად სოჭის ოლიმპიადის მზადებისას მიყენებულ ზარალზე ლაპარაკობს:

„გაიჩეხა, სერიოზულად დაზიანდა ის ბუნებრივი გაშენება, რაც იყო ბზასთან დაკავშირებული. ეს არის კავკასიური ბზა, რომელიც „წითელ წიგნშია“და პრაქტიკულად მთელ მსოფლიოშია დაცვის ქვეშ. სერიოზული საფრთხე შეექმნა დაცულ ტერიტორიებს ამ ზონაში და პრაქტიკულად რუსეთის ფედერაცია შეეცადა უკანონოდ შეემცირებინა დაცული ტერიტორიის, „უტრიშის“, ფართობები. დღეს რაც ჩვენ გვაქვს მონაცემები, რასაც ვუყურებთ, გარდა მცენარეული საფარისა, სერიოზული პრობლემები შეექმნება მოსახლეობის ჯანმრთელობას, იმიტომ რომ დაზიანებულია ამ მშენებლობის შედეგად ისეთი ადგილები, რომლებიც არის რეკრეაციული ზონები სოჭის მიდამოებისთვის. ჩვენი ინფორმაციით, აფხაზეთის ტერიტორიიდან იყო მცდელობები ინერტული მასალების გატანისა და არ ვართ დარწმუნებული, რომ ეს არ ხდება დღესაც. რაღაც მომენტში ეს გაჩერდა, მაგრამ რა ხდება დღეს, არ ვიცით. მნიშვნელოვანია ის, რომ სანაპირო შეიძლება დაზიანდეს, რადგან ეკოსისტემა, მთლიანობაში, ირღვევა და, ჩვენდა საუბედუროდ, საერთაშორისო ორგანიზაციებს ბოლომდე არ მიეცათ საშუალება, ენახათ ის ზარალი, რაც მიაყენა ამ მშენებლობამ.“

ბუნების დაცვის პირობების გათვალისწინება-არგათვალისწინება ერთი საქმეა. მეორეა მუშახელი, რომელიც ამ ობიქტებზეა დასაქმებული. ამას წინათ ასამდე მუშა გაიფიცა, რადგან თვეების განმავლობაში ხელფასი არ მისცეს. მათვე „იუთუბით“ ინტერნეტში გაავრცელეს ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, რა არაადამიანურ სანიტარულ პირობეში უხდებათ ცხოვრება. მაგრამ ამას ეშველება, განადგურებულ ტყეს და ზღვის სანაპიროს კი - არა.

ოლიმპიადის დაწყებამდე 1422 დღე რჩება.
XS
SM
MD
LG