Accessibility links

logo-print

ცესკოს სტრატეგია - ექსპერტთა შეფასების ობიექტი


Georgia -- Georgian Central Election Commission, Tbilisi, 19Feb2010

Georgia -- Georgian Central Election Commission, Tbilisi, 19Feb2010

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულება არაუგვიანეს 31 მარტისა უნდა გამოიცეს. მანამ, სანამ წინასაარჩევნო პროცესი ოფიციალურ კალაპოტში მოექცევა, არჩევნებისათვის მზადების მიმდინარე ეტაპი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იმითაც, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ უახლოესი 2 წლის უმთავრესი ამოცანები დოკუმენტის სახით გაწერა.

„ცენტრალური საარჩევნო კომისიის სტრატეგია 2010-2011 წლებისათვის“ - ასე ჰქვია პროექტს, რომელიც საქართველოში საარჩევნო სისტემის მდგრად განვითარებას ისახავს მიზნად. ამ სტრატეგიით განსაზღვრული მოკლევადიანი მიზნების განხორციელება 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების დასრულებამდე, ანუ ამა წლის ივნისის ბოლომდეა დაგეგმილი, გრძელვადიანი მიზანი კი საქართველოს საარჩევნო სისტემის ვენეციის კომისიის საუკეთესო საარჩევნო პრაქტიკის კოდექსთან სრულ შესაბამისობას ითვალისწინებს. პროექტის მიზნობრივ ჯგუფებში განხილვის პროცესი უკვე დაწყებულია.

2010-2011 წლების სტრატეგიის პრეზენტაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 19 მარტს გაიმართა. სტრატეგიას უკვე გაეცნენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლები. 25 მარტს სტრატეგიის პრეზენტაცია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის მზადების მდგომარეობის გაცნობასთან ერთად, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩისთვისაც იგეგმება. პროექტს უკვე გაეცნო არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთი ნაწილი. ერთ-ერთ განსაკუთრებით მნიშვნელოვან ფოკუს-ჯგუფად განიხილებიან ექსპერტებიც.

”ცენტრალური საარჩევნო კომისია მაქსიმალურად ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ჩართული ცენტრალური საარჩევნო კომისიის სტრატეგიის განხილვაში. სტრატეგია უკვე წარვუდგინეთ ჟურნალისტებს, ასევე ვაპირებთ წარვუდგინოთ დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფს და ასევე ყველა დაინტერესებულ პირს, რომელიც ჩართული იქნება 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებში”, - გვითხრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ჯული გიორგაძემ.

მისი განმარტებით, დოკუმენტის შემუშავებას საფუძვლად დაედო 2008 წლის 21 მაისის არჩევნების შესახებ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის დასკვნით ანგარიშში მოცემული რჩევები და რეკომენდაციები. ამ რეკომენდაციების თანახმად, 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასრულებამდე ცენტრალური საარჩევნო კომისია იღებს ვალდებულებას, რომ არსებითად გაუმჯობესდება საარჩევნო სიების ფორმირების პროცესი, კანონმდებლობის ფარგლებში განვითარდება საარჩევნო დავების გადაწყვეტის მექანიზმები, გააქტიურდება კომუნიკაცია საზოგადოების დაინტერესებულ პირებთან, ამაღლდება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დონე, ხელი შეეწყობა საარჩევნო გარემოს საზოგადოებრივ მონიტორინგს და სხვ.

ამ მიმართულებებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უკვე მოქმედებს სამი ჯგუფი. ეს ჯგუფები ფუნქციურად მუშაობენ საარჩევნო სიების მოწესრიგებაზე, საინტერნეტო ტექნოლოგიების დახვეწაზე, საარჩევნო ადმინისტრაციაში საჩივრის შეტანისა და საარჩევნო დავების განხილვის პროცედურის სრულყოფაზე. იგეგმება ასევე საარჩევნო კანონმდებლობაზე მომუშავე ჯგუფის დაკომპლექტებაც, რაც, სავარაუდოდ, უკვე ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მოხდება.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა ეკა სირაძე-დელონემ გვითხრა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მომუშავე ჯგუფების რეკომენდაციები ერთია, თავად საარჩევნო მოხელეთა პროფესიონალიზმი და ვალდებულებები კი - მეორე. შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010-2011 წლების სტრატეგიის განხილვაზე, რომელიც უახლოეს მომავალში შედგება, ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ყურადღებას ეკა სირაძე-დელონე გაამახვილებს, შემდეგია:

”დიდი მნიშვნელობა ექნება თვითონ საარჩევნო ადმინისტრაციიდან მოხელეთა შერჩევა რა კრიტერიუმებით, როგორ მოხდება. დიდი მნიშვნელობა ექნება მათ სწავლებებს, ეგრეთ წოდებულ ტრენინგებს, და შემდეგ უკვე ხარისხობრივად გადამოწმებას და შემდეგ უკვე შესაბამის რეაგირებას. მაგალითად, თუ გავიგეთ, რომ პიროვნება, რომელიც კანონით ვალდებულია მარკირება გააკეთოს და არ გააკეთებს, რა შესაბამისი რეაგირება მოჰყვება ამას ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან ან ზემდგომი საარჩევნო ადმინისტრაციიდან.”

საარჩევნო სიების დახვეწა იქნება პრიორიტეტული იმ ინიციატივებში, რომელთაც ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” დააყენებს. ამ რიგის ერთ-ერთ რეკომენდაციას ასოციაციის წევრი ნინო ლომჯარია გვაცნობს:

”ბევრი შემთხვევაა, როდესაც ერთსა და იმავე მისამართზე ჩაწერილია, მაგალითად, 40, 50 ამომრჩეველი. ჩვენთვის დღეს ცნობილი გახდა, რომ ცესკომ და სამოქალაქო რეესტრმა ერთობლივად დაიწყეს შემდეგი ღონისძიება: ბინის მესაკუთრეს აძლევენ საშუალებას, თუ ბევრი ამომრჩეველია დარეგისტრირებული მის მისამართზე, გააუქმოს ამომრჩევლის რეგისტრაცია. ჩვენი რეკომენდაციაა, ეს ძალიან აქტიური საინფორმაციო კამპანიის ფონზე მოხდეს. კამპანია უნდა აწარმოოს როგორც ცესკომ, ისე რეესტრმა.”

ნინო ლომჯარიას შეფასებით, ინფორმირების გარეშე მოქალაქეთა რეგისტრაციის გაუქმებამ, შესაძლოა, მექანიკურად ამომრჩევლის საარჩევნო უფლების შეზღუდვა გამოიწვიოს.
XS
SM
MD
LG