Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როზინა ლევინა: "გულით უსმინეთ მუსიკას"


როზინა ლევინა მოწაფეებთან ერთად
როზინა ლევინა მოწაფეებთან ერთად
რუსული წარმოშობის ამერიკელი პიანისტი როზინა ლევინა თავის დროზე მსოფლიოში ფორტეპიანოს ყველაზე ცნობილი პედაგოგი და ნიუ-იორკის ჯულიარდის სახელგანთქმული სამუსიკო სკოლის დუაიენი იყო. ჯულიარდში ის 1924 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ უკვე 94 წლის ასაკში მყოფი ლევინა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში გაემგზავრა საზაფხულო მასტერ-კლასებში მონაწილეობის მისაღებად.

ლევინას შემთხვევაში ტერმინი "მასტერ-კლასი" სულაც არ იყო ჰიპერბოლა: ათასობით მის მოსწავლეთა შორის იყვნენ ისეთი ცნობილი პიანისტები, როგორიცაა ვენ კლაიბერნი, ჯონ ბრაუნინგი, დენიელ პოლაკი, ადელ მარკუსი, მიშა დიხტერი, რალფ ვოტაპეკი, ედუარდ აუერი, ჯეიმს ლივაინი, ურსულა ოპენსი და სხვები.

სანამ ლევინა ცოცხალი იყო, ყოველ 29 მარტს, მის დაბადების დღეს, ვენ კლაიბერნი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, სადაც გასტროლებით იმყოფებოდა, თავის პედაგოგს ერთ წითელ ვარდს უზგავნიდა. ლევინას 90 წლისთავთან დაკავშირებით "ნიუ-იორკ თაიმსის" მუსიკალურმა კრიტიკოსმა ჰაროლდ შენბერგმა დაწერა: "ეს პაწაწინა ლედი – პედაგოგია, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობის ვარსკვლავებს ზრდის. მის მოწაფეთა თვალწინ ფორტეპიანოზე დაკვრის მთელი ისტორია გადის."

ლევინას პედაგოგიური ტრადიციები ფერენც ლისტის, არტურ რუბინშტეინის, ვლადიმირ ჰოროვიცის, იოსიფ გოფმანის, ფერუჩო ბუზონის, არტურ შნაბელის სახელებთან იყო დაკავშირებული, თუმცა მისი მეთოდიკის ჭეშმარიტი ავტორი საკუთარი მეუღლე, ცნობილი პიანისტი და პედაგოგი იოსიფ ლევინი იყო.

როზინა ლევინა (ქალიშვილობაში ბესსი) კიევში, მდიდარი ოქრომჭედლის იაკოვ ბესსის ოჯახში, 1880 წელს დაიბადა. ბავშვობიდანვე ის ფორტეპიანოს კერძო გაკვეთილებს იღებდა. როზინას მორიგმა მასწავლებელმა იოსიფ ლევინმა, რომელიც მასზე ხუთი წლით უფროსი იყო, 1892 წელს ოქროს მედლით დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია და გაუსწრო თავის თანაკურსელებს, სერგეი რახმანინოვსა და ალექსანდრ სკრიაბინს.

მოგვიანებით როზინაც ჩაირიცხა კონსერვატორიაში და 1898 წელს ასევე ოქროს მედალზე დაამთავრა სასწავლებელი, რის შემდეგაც ბესსი და ლევინი დაქორწინდნენ. სწორედ იმხანად როზინამ დაიფიცა, რომ მომავალში უარს იტყოდა სოლო კარიერაზე და მეუღლის პედაგოგიურ მოღვაწეობაში ასისტენტის როლს დასჯერდებოდა, ხოლო კონცერტებში მხოლოდ ქმართან დუეტში მიიღებდა მონაწილეობას. ამ თვითშეზღუდვის ერთგული ის 1944 წლამდე, იოსიფ ლევინის გარდაცვალებამდე, დარჩა.

1907 წელს ლევინებმა დატოვეს რუსეთი და დაბინავდნენ ბერლინში, სადაც პირველი მსოფლიო ომის პერიოდში უამრავი სიძნელე გადალახეს, ხოლო 1919 წელს ნიო-იორკში გადაბარგდნენ. იქ იოსიფმა ჯულიარდის სკოლაში პედაგოგად დაიწყო მუშაობა, როზინა კი მას ასისტირებას უწევდა.

ლევინის გარდაცვალების შემდეგ სკოლის ხელმძღვანელობამ დაარწმუნა როზინა, რომ ის თავისი მეუღლის პედაგოგიური მოღვაწეობის მემკვიდრე უნდა გამხდარიყო. "ტექნიკა არასდროს არ არის თვითმიზანი. მთავარია ის, თუ რას წარმოადგენ, როგორც შემსრულებელი, და აუცილებელია გულით უსმინო მუსიკას", - ეუბნებოდა ლევინა თავის მოწაფეებს. იმხანად ის ზოგჯერ თავადაც გამოდიოდა კონცერტებით და განახორციელა რამდენიმე ჩაწერა.

1963 წელს, 82 წლის ასაკში, მან ნიუ-იორკის ფილარმონიის ორკესტრთან ერთად, ლეონარდ ბერნსტაინის დირიჟორობით, დაუკრა ფრედერიკ შოპენის პირველი საფორტეპიანო კონცერტი – სწორედ ის კონცერტი, რომელიც მან ჯერ კიდევ 1898 წელს მოსკოვის კონსერვატორიის გამოსაშვებ გამოცდაზე შეასრულა.

ლევინა გლენდეილში 1976 წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა. აი, რა თქვა თავის პედაგოგზე ცნობილმა პიანისტმა დენიელ პოლაკმა: "მისთვის მნიშვნელოვანი იყო მუსიკაში კომპოზიტორის, შემსრულებლის და მსმენელის ერთიანობა. ეს სამი კომპონენტი ყოველთვის ბალანსში უნდა ყოფილიყო."
XS
SM
MD
LG