Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამჭკნარი ტიტები ყირგიზეთში?


ყირგიზეთი: "ტიტების რევოლუციის" მეხუთე წლისთავისადმი მიძღვნილი ზეიმი
ყირგიზეთი: "ტიტების რევოლუციის" მეხუთე წლისთავისადმი მიძღვნილი ზეიმი
ყირგიზეთში „ტიტების რევოლუციის“ მეხუთე წლისთავი აღნიშნეს. ამ სახელწოდებით გახდა ცნობილი 2005 წლის მარტის დემონსტრაციები, რომლებიც ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნების შედეგებით გამოწვეულ უკმაყოფილებას მოჰყვა. მრავალათასიანი დემონსტრაციების შედეგად, პრეზიდენტი ასკარ აყაევი გადადგა, თუმცა ხუთი წლის შემდეგ ბევრი იზიარებს შეფასებას, რომ ამ დროის მანძილზე ბევრი არაფერი შეცვლილა - რომ ერთი კორუმპირებული მმართველი მეორე კორუმპირებულმა მმართველმა შეცვალა.

„ტიტების რევოლუციის“ მეხუთე წლისთავის აღნიშვნამდე ერთი დღით ადრე, ანუ 23 მარტს, პრეზიდენტმა ყურმანბეკ ბაკიევმა გამოთქვა შეფასება, რომ „დასავლური ყაიდის“ დემოკრატია შესაძლოა, აღარ იყოს მიზანშეწონილი ყირგიზეთისთვის.

ამ შინაარსის განცხადება მან ყურულტაიზე, ანუ სახალხო კრებაზე გააკეთა და განმარტა: წინა საუკუნის იდეები, როგორიც არის არჩევნებსა და ადამიანის უფლებებზე დამყარებული დემოკრატია შესაძლოა, აღარ იყოს სწორი გზა ყირგიზეთისთვისო. „დღევანდელ მსოფლიოში აქტიური დისკუსიების საგანია დემოკრატიის იმ მოდელის ხარვეზები, რომელიც გასულ საუკუნეში იქნა აღიარებული და რომელიც ძირითადად არჩევნებსა და ადამიანის უფლებებს ეფუძნება. მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ნათელი არ არის, გამოდგება თუ არა ასეთი მოდელები ყველა ქვეყნისა და ხალხისთვის“, განაცხადა ბაკიევმა. მისი ალტერნატივაა „კონსულტაციური დემოკრატია“, რომელსაც, მისივე თქმით, ღრმა ფესვები აქვს ყირგიზი ხალხის ისტორიაში, თუნდაც ყურულტაის, ზემოხსენებული სახალხო კრების სახით.

მაშინ, როცა ბაკიევი დემოკრატიის ამათუიმ ფორმაზე თავის შეხედულებებს გამოთქვამდა, ოპოზიციის მომხრეები ორ ქალაქში ატარებდნენ მისი მმართველობის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო გამოსვლებს: ორივეგან, დედაქალაქ ბიშკეკშიც და ქალაქ ოშშიც, მილიციასთან შეტაკებები მოხდა, დააკავეს ათობით დემონსტრანტი. ოპოზიცია ბაკიევს კორუფციასა და ავტორიტარიზმში ადანაშაულებს.

არადა, ხუთი წლის წინანდელი საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებს იმედი ჰქონდათ, რომ დემოკრატიული რეფორმები განხორიცელდებოდა და მალე ყველაფერი უკეთესობისაკენ შეიცვლებოდაო, - იხსენებს 38 წლის პედაგოგი, „ტიტების რევოლუციის“ აქტიური მონაწილე დუიშონკულ ჩოტნოვი. თუმცა, ყირგიზებს იმედი, მისივე თქმით, მალევე გაუცრუვდათ... მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ასკარ აყაევის გადაყენებას 2005 წლის ივლისის საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილ პრემიერ-მინისტრ ყურმანბეკ ბაკიევის გამარჯვება მოჰყვა, გამოჩნდა: ბაკიევი და მისი გუნდის წევრები თანამდებობებით უფრო იყვნენ დაინტერესებული, ვიდრე წარმომადგენლობითი, კომპეტენტური მთავრობის შექმნით.
„მივხვდით, რომ რევოლუცია მოგვპარეს“, - ამბობს დღეს ჩოტნოვი.

პრეზიდენტ ბაკიევს, რომელიც სამხრეთში მდებარე ჯალალაბადის პროვინციაშია დაბადებული, ხშირად საყვედურებენ, რომ პროტექციას უწევს სამხრეთელებს, მათ ნიშნავს მაღალ თანამდებობზე. ეს გარემოება კი, აღნიშნავს ბიშკეკელი პოლიტოლოგი ნურ ომაროვი, კიდევ უფრო აღრმავებს ისტორიულად ჩამოყალიბებულ დაყოფას სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის.

„დღეს ყირგიზეთის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რეგიონალიზმის პრობლემაა. კერძოდ, თუ 2005 წლის რევოლუციამდე ღია, საჯარო პოლიტიკაში რეგიონალიზმის ფაქტს არ ცნობდნენ, დღეს ის სრულიად აშკარა პრობლემაა, რომელსაც საზოგადოებაში განხეთქილებამდე მივყავართ", განმარტავს ომაროვი.

ბაკიევის მმართველობის ხარვეზების მიუხედავად, ტიტების რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი, მოგვიანებით საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ახლა კი ოპოზიციის წევრი, როზა ოტუნბაევა, მისივე თქმით, არაფერს ნანობს: „არა მგონია, რომ დავმარცხდით. ეს წინგადადგმული ნაბიჯი იყო. სულ უფრო და უფრო მეტ გამოცდილებას ვიძენთ. განვლილი ხუთი წლის მანძილზე ბევრი პოლიტიკური პარტია შეიქმნა. ოპოზიცია პარლამენტში შევიდა. ხალხი იმედგაცრუებულია, რა თქმა უნდა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რევოლუცია ჩვენთვის მნიშვნელოვანი გაკვეთილი იყო“.

უნდა ითქვას, რომ ყირგიზეთი რეგიონის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ოპოზიციის მომხრეებს ქუჩაში შეკრების და ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტის გამოთქმის საშუალება აქვთ. ყოველ შემთხვევაში, ჯერ-ჯერობით ასეა. პრეზიდენტ ბაკიევის გუშინდელი განცხადება, რომ „დასავლური ყაიდის დემოკრატია“, შესაძლოა სწორი გზა არ იყოს ყირგიზეთისთვის, კარგს არაფერს მოასწავებს იმათთვის, ვისაც საპროტესტო აქციებზე შეკრება სურს.
XS
SM
MD
LG