Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეატრის საერთაშორისო დღე, ”ევგენი ონეგინის” თანხლებით


კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი
27 მარტს მთელ მსოფლიოში თეატრის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღეს 1961 წლიდან ზეიმობენ - მას მერე, რაც თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის მეცხრე კონგრესმა ღია წერილით მიმართა სხვადასხვა ქვეყნის თეატრის მოღვაწეებს, წელიწადში ერთხელ ახალი სპექტაკლებით აღენიშნათ ”თეატრალთა” პროფესიული დღესასწაული.

ახალგაზრდა რეჟისორ ირინე გაჩეჩილაძის ”ევგენი ონეგინი”, რომელიც მარჯანიშვილის თეატრის მცირე სცენაზე - ეგრეთ წოდებულ ”სხვენში” - დაიდგა, მრავალ მოვლენას დაემთხვა - ქართველი პოლიტიკოსების ვიზიტებს მოსკოვში, ლარსის საგუშაგოს გახსნას, მორიგი ”რუსულ-ქართული ომის” სატელევიზიო იმიტაციას, ქართველი რაგბისტების გამარჯვებას...

სხვათა შორის, პუშკინის ამ ლექსად დაწერილი რომანის თეატრალური ინტერპრეტაცია ”მარჯანიშვილის სხვენში” მე იმ საღამოს ვნახე, როცა ჩვენი სპორტსმენების გამარჯვებით აღფრთოვანებული ხალხი ქუჩაში საქართველოს დროშებს აფრიალებდა. შესაძლოა, სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ”ევგენი ონეგინზე” ისედაც მცირე დარბაზი მხოლოდ სანახევროდ შეივსო...

თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ თეატრის სცენაზე ჟივილ-ხივილს ან პათეტიკას შეჩვეული მაყურებელი მაინცდამაინც არ დაინტერესდა ბესო ხვედელიძის მიერ სცენისთვის ადაპტირებული პუშკინით. მიუხედავად იმისა, რომ ტექსტი იმდენად ბუნებრივია, იფიქრებ, ქართულად არის დაწერილიო, მაინც მძიმეა მოსასმენად მაყურებლისთვის, რომლისთვისაც თეატრი დიდი ხანია ”ცირკად” იქცა... დაუმატეთ ამას, პრინციპული უარყოფა მოქმედებისა, რომელიც თავიდან ბოლომდე იგრძნობა წარმოდგენაში, და ”სხვენის” საკმაოდ უხეირო აკუსტიკა... თანაც, რუსულ-ქართული ტექსტი... ახალი პერსონაჟის შემოყვანა - კატისა, რომელიც რუსულად საუბრობს და მთელი მოქმედების კომენტატორია (რუსული ენა დღეს ყველას როდი ესმის)...

მაგრამ საქმეც ისაა, რომ ყველაფერი, რასაც ირინე გაჩეჩილაძე ამ ერთსაათიან წარმოდგენაში გვთავაზობს, არც ვოდევილია და არც ცირკი, მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენა ძალიან ლამაზია: მუქ ფონზე, პერსონაჟების გადაქცევა მატრიოშკებად, ძალიან ჭრელი კოსტიუმებით, იმდენად ალამაზებს სცენას, რომ ”ევგენი ონეგინს” შეიძლება ვუყუროთ როგორც ფეშენ-შოუს, რეჟისორისა და მხატვრის, ირინე გაჩეჩილაძის, კოსტიუმებით...

მაგრამ ბევრად უფრო საინტერესო ხდება სპექტაკლი, თუკი ცოტას ვიფიქრებთ კიდეც - პირველ რიგში, გავიხსენებთ იმ ჩვენს თანამემამულებს, ვისთვისაც რუსული კულტურა ეგზოტიკად, ”მატრიოშკადაა” გადაქცეული... მაგრამ მაინც - სხვადასხვა მოსაზრებით - ეს ჩვენი თანამემამულეები მშვენივრად იყენებენ ამ მატრიოშკას პოლიტიკური დისკუსიის დროს, ახლა უკვე ათასჯერ გაგონილი რეპლიკით: ”რა გინდათ? აღარ წავიკითხოთ დოსტოევსკი და პუშკინი?”

”ევგენი ონეგინის” დადგმა დღეს, როცა საქართველოში ერთდროულად რუსოფობია და რუსოფილია მძვინვარებს, უფრო კულტურულ-პოლიტიკურ აქციას ჰგავს. წარმოდგენა იწყება და მთავრდება ერთი და იმავე ქმედებით - ირთვება ძველი, დანჯღრეული კინოპროექტორი, რომელიც რუსული ლიტერატურის პერსონაჟებს აცოცხლებს.. მე, პირადად, ამ პერსონაჟების - მსახიობების დიმიტრი ტატიშვილის (ევგენი), ქეთევან შათირიშვილის (ტატიანა) და სხვათა - მოძრაობას, მიმიკას, ჟესტს, თუ გნებავთ, სილუეტებს რომ ვაკვირდებოდი, ვცდილობდი გამეხსენებინა, რომელ წიგნში მინახავს ეს სახეები...

იქნებ რუსული ლიტერატურის სასკოლო სახელმძღვანელოში? იქნებ ეს სახეები იმ წარსულის ანაბეჭდია, რომელიც ქართული საზოგადოების მეხსიერებაში დარჩა? მხოლოდ ანაბეჭდი... რომელსაც რეალობასთან შეიძლება აღარც არაფერი აკავშირებს. ამას რომ გაიაზრებ, ფიქრი გინდება, მაგრამ მაინცდამაინც ვერც ვერაფერს ასკვნი.. იმის გამო, რომ ”უმომ როსიუ ნე პონიაც”... ანუ რუსეთის გასაგებად ფიქრი არაა საკმარისი.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG