Accessibility links

logo-print
საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში განხორციელებული რეფორმისა და ახალი საპატიმროების აშენების შემდეგ მკვეთრად იკლო პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებმა, თუმცა სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ შემაშფოთებელია ინფორმაცია, რომელიც ბოლო დროს გეგუთის საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებიდან ვრცელდება. იმის გასარკვევად, მართლა სცემენ თუ არა პატიმრებს გეგუთის კოლონიაში, სახალხო დამცველის აპარატმა მოკვლევა ჩაატარა, შესაბამისი მასალები კი საქართველოს მთავარ პროკურორს გადაუგზავნა. რა ხდება გეგუთის საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში? სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გეგუთის საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში პატიმრების დავით კოტორეიშვილისა და დავით ზარანდიას ცემის ფაქტი ერთ-ერთი პატიმრის დედამ, მზია გადელიამ, გაახმაურა:

„გუშინწინ დედა მოვიდა ჩემთან ტირილით და მითხრა, რომ სასტიკად ნაცემია მისი შვილი და კიდევ - დავით ზარანდია. პატიმარი, 27 წლის ბიჭი, შემოაკვდა ციხის ადმინისტრაციას და ამის გამო პატიმრებმა გაფიცვა მოაწყვეს, საჭმელს არ ჭამდნენ.“

მზია გადელია, რომელიც სენაკში „ხალხის პარტიის“ ფილიალს ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ დახმარებისათვის პარლამენტის წევრს დიმიტრი ლორთქიფანიძეს მიმართა. დახმარებას ითხოვს პატიმარ დავით კოტორეიშვილის დედაც, რომელიც შვილთან შეხვედრის ამბავს ასე იხსენებს:

„შეაგვიანდა ბავშვს გამოსვლა და რომ ვნახე, ორი თვალი ჩალურჯებული, ცხვირი კი გასიებული ჰქონდა ბავშვს. თვითონ არაფერი არ მითხრა, არაფერია, დედა, არ ინერვიულო, ნუ ტირიხარო, მაგრამ სხვა ქალებისგან გავიგე - რომ გამოდიოდნენ, ტიროდნენ, ბავშვები არიან ნაცემიო.“

გეგუთის საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულების პატიმართა ახლობლები ძალადობისა და აბუჩად აგდების გამო პირველად როდი ჩივიან. დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე დარწმუნებულია, რომ გეგუთის დაწესებულებაში პატიმრებზე ძალადობა იშვიათი გამონაკლისი არაა.

„დავით კოტორეიშვილის ამბავი არის მხოლოდ მცირე ეპიზოდი იმ ინციდენტების სერიისა, რომელსაც ადგილი აქვს გეგუთის კოლონიაში. ამ ფაქტებზე აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება. სახალხო დამცველი ამასთან დაკავშირებით სრულ პასუხისმგებლობას იღებს და დამპირდა, რომ რამდენიმე დღეში მომაწვდის დეტალურ ინფორმაციას, თუ რასთან გვაქვს საქმე“, უთხრა თავისუფლებას დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, კანონით, სწორედ სახალხო დამცველს აქვს უფლება ნებისმიერ დროს არა მხოლოდ მოინახულოს ინციდენტის სუბიექტი პატიმარი, არამედ გამოიტანოს გარკვეული მტკიცებულებანიც. სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ ომბუდსმენის რწმუნებულებმა კანონით მინიჭებული ეს უფლება რამდენიმე დღის წინ გამოიყენეს, როცა გამოიკვლიეს 2010 წლის 28 თებერვალს ასევე გეგუთის დაწესებულებაში მომხდარი ინციდენტი, რომლის დროსაც, პატიმართა მტკიცებით, ადგილი ჰქონდა შიმშილობის აქციაში მონაწილე მსჯავრდებულთა ცემასა და აბუჩად აგდებას. ნინო ერემეშვილი, სახალხო დამცველის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ამბობს, რომ, მსჯავრდებულთა თქმით, მასობრივი შიმშილობა დაწესებულების კარცერში განთავსებული პატიმრის გიორგი კვანტრიშვილის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ამასთან, 28 თებერვლის შემდეგ მოშიმშილე მსჯავრდებულთა ნაწილი სხვა დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ნინო ერემაშვილი: „სახალხო დამცველის რწმუნებულები შეხვდნენ და გაესაუბრნენ იმ მსჯავრდებულებსაც, რომლებიც გეგუთის კოლონიაში დარჩნენ და იმათაც, რომლებიც 28 თებერვლის შემდეგ გადაიყვანეს სხვადასხვა დაწესებულებაში. რადგან პატიმრები თავიანთ ახსნა-განმარტებებში მიუთითებდნენ, რომ გეგუთის დაწესებულებაში არაადამიანური და დამამცირებელი მოქცევა წესად იქცა, სახალხო დამცველმა თავის ხელთ არსებული მასალები შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს მთავარ პროკურორს გადაუგზავნა.“

იუსტიციის სამინისტროში ადასტურებენ, რომ მიმდინარეობს სახალხო დამცველის მიმართვის შესწავლა, თუმცა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გეგუთის დაწესებულებაში არც 28 თებერვალს და არც მას შემდეგ პატიმრების მიმართ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი თეა სუხიშვილი განმარტავს:

„არ დასტურდება არც შიმშილობის ფაქტი და დანარჩენზე ხომ საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი.“

თუმცა სამინისტროს ამ განცხადებისა არ სჯერა პატიმართა უფლებების დამცველთა ერთ ნაწილს. ნანა კაკაბაძე, წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაციისა „პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“, ამბობს, რომ გეგუთზე უარესი მდგომარეობა სხვა დაწესებულებებშია.

„ყოველდღე პატიმრები იხოცებიან და ზეპირი განცხადებისა ვის უნდა სჯეროდეს?! გახსნან ციხეები, შეუშვან ჟურნალისტები და უფლებადამცველები და აჩვენონ რა მდგომარეობაშია ის ხალხი. ეს იქნება უარყოფა, თორემ სიტყვიერი უარყოფისა ვის სჯერა...“, უთხრა რადიო თავისუფლებას ნანა კაკაბაძემ.
XS
SM
MD
LG