Accessibility links

რას გულისხმობს გია თორთლაძის ”თავისუფლების ქარტია”


პარტია ”დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, დეპუტატე გია თორთლაძე

პარტია ”დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, დეპუტატე გია თორთლაძე

პარტია ”დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, დეპუტატ გია თორთლაძის მიერ მომზადებული ”თავისუფლების ქარტია” ხუთშაბათს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის განხილვის საგნად იქცა. სადავო დოკუმენტის პროექტი, რომელსაც უახლოეს მომავალში პლენარულ სხდომაზეც გაიტანენ, ორ კანონპროექტს აერთიანებს. ესენია: ”პატრიოტის აქტად” წოდებული კანონპროექტი და კანონპროექტი ლუსტრაციის შესახებ. ავტორი არ ეთანხმება ოპონენტების მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ”თავისუფლების ქარტია” ძალოვანი სტრუქტურების უფლებამოსილებას ადამიანის უფლებათა შეზღუდვის ხარჯზე გაზრდის. არასაპარლამენტო ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის გარდა, ”თავისუფლების ქარტიას” ასევე ეჭვის თვალით უყურებენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც.

გია თორთლაძის ინიციატივას ხმაური ჯერ კიდევ დაახლოებით 5 თვის წინ მოჰყვა, როდესაც მის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტი ამერიკულ ”პატრიოტის აქტს” შეადარეს. აქვე გავიხსენოთ, რომ „პატრიოტის აქტი“ შეერთებულ შტატებში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ შეიქმნა და ის ტერორიზმსა და გარე საფრთხეებთან ბრძოლის გაძლიერებას ისახავდა მიზნად. ამ დოკუმენტმა მნიშვნელოვნად გააფართოვა ძალოვანი სტრუქტურების უფლებამოსილებები და გაამარტივა სატელეფონო მოსმენის, ელექტრონული ფოსტის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის მოპოვებისა და ჩხრეკის პროცედურები. მსგავსი პროცესის საქართველოში დამკვიდრების საფრთხეს უმალ და მეტად მწვავედ გამოეხმაურნენ არასაპარლამენტო ოპოზიციისა და მე-3 სექტორის წარმომადგენლები. გამოითქვა ძლიერი შიში, რომ ხელისუფლება ახალ მექანიზმებს პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლის იარაღად გამოიყენებდა, თუმცა თავად ავტორი ამგვარ მიდგომებსა და ეჭვებს აბსოლუტურად უსაფუძვლოდ მიიჩნევდა.

ამის შემდეგ თორთლაძის ინიციატივის წინსვლა ერთგვარად შეფერხდა, ვიდრე მან ბოლო კვირებში რამდენიმე პრეტენზია არ გამოთქვა პარლამენტში შეტანილი კანონპროექტის განხილვის გაჭიანურების გამო. ამჯერად საქმე მხოლოდ ეგრეთ წოდებულ ”პატრიოტის აქტს” არ ეხება. დეპუტატის მიერ პარლამენტში ხელახლა შეტანილი კანონპროექტი ორ ძირითად კომპონენტს აერთიანებს. როგორც გია თორთლაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას განმარტავს, ეგრეთ წოდებული ”პატრიოტის აქტისა” და ლუსტრაციის შესახებ კანონპროექტის გაერთიანება იმის გამო გადაწყდა, რომ ერთიცა და მეორეც პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის უსაფრთხოებას.

უსაფრთხოების მექანიზმების გაძლიერება ქვეყანას რომ წაადგება, ამ მოსაზრებას ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენელი ნიკოლოზ ლალიაშვილიც იზიარებს, თუმცა ის კვლავაც საკმაოდ სერიოზულ პრობლემად მიიჩნევს ძალოვანი სტრუქტურების უფლებამოსილების გაზრდას:

”მე ვფიქრობ, რომ ეს კანონპროექტი, დამტკიცების შემთხვევაში, ტექნიკურად მისცემს საშუალებას ძალოვან სტრუქტურებს, რომ ის გამოიყენონ თავიანთი უკანონო ქმედებების ლეგიტიმაციისთვის.”

მსგავს კრიტიკას არ ეთანხმება ”თავისუფლების ქარტიის” ინიციატორი გია თორთლაძე. ვიდრე პრეტენზიებს გამოხატავდნენ, ის ოპონენტებს აძლევს რჩევას, რომ დოკუმენტის პროექტი უფრო ყურადღებით წაიკითხონ. დეპუტატი ამბობს, რომ კანონპროექტი არ გულისხმობს მოსმენის, ჩხრეკისა და ამა თუ იმ პირის პირად ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გამარტივებას. რაც შეეხება, მაგალითად, ჯაშუშობაში ეჭვმიტანილს, თორთლაძის განმარტებით, მას საქართველოს კანონმდებლობა ისედაც უპირისპირდება და ამისათვის დამატებითი ბერკეტები საჭირო ნამდვილად არ არის.

დეპუტატი ამბობს, რომ კანონპროექტის მთავარი მიზანი ტერორისტული აქტების აღკვეთაა და მასში გათვალისწინებულია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან საქართველოს დარჩენილი ნაწილის დამაკავშირებელი პირობითი საზღვრების მონიტორინგი. ეს იმისათვის, რომ, თორთლაძის თქმით, აღიკვეთოს ტერორისტული აქტების ”მთელი თაიგული”, როგორიც არის, მაგალითად: ”პირდაპირი გასროლები, რომლებსაც შეეწირნენ ჩვენი პოლიციელები, თავდასხმები და აფეთქებები რკინიგზაზე, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ანძების აფეთქება და ადამიანთა გატაცება.”

”ასევე ტერორიზმის თავიდან ასაცილებლად, არა მხოლოდ პირობით საზღვრებთან, არამედ სხვაგანაც განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების დაცვის მექანიზმია შემოთავაზებული... ასევე შემოთავაზებულია დიდი ოდენობის ფულადი გადარიცხვების გადამოწმების მექანიზმი და ტვირთების მონიტორინგი. დიდმა ტვირთებმა უნდა გაიაროს სპეციალური დეტექტორები, რომლებიც აჩვენებს რა არის ეს - საყოფაცხოვრებო ნივთები, სურსათი თუ ტროტილი...”, - უთხრა რადიო თავისუფლებას გია თორთლაძემ.

”თავისუფლების ქარტია” ასევე ითვალისწინებს თანამდებობრივი შეზღუდვების დაწესებას კომუნისტური პარტიის, ლენინური კომკავშირისა და ყოფილი უშიშროების სპეცაგენტებისთვის.

ლუსტრაციის კანონის მიღებას მეტად დაგვიანებულად მიიჩნევს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი და გია თორთლაძის ყოფილი თანამოაზრე გია ცაგარეიშვილი. თუმცა მისი პრეტენზიები ”თავისუფლების ქარტიის” სხვა ნაწილსაც უკავშირდება. ცაგარეიშვილი ფიქრობს, რომ თორთლაძის ინიციატივა ქვეყანას ვერც ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით უსაფრთხოების გაძლიერების კონტექსტში წაადგება. აქვეა მისი ერთი რიტორიკული შეკითხვაც:

”თუ უსაფრთხოების ახალი ზომები დასამკვიდრებელია და ეს ყველაფერი გასაკეთებელია, ამას კანონპროექტის ავტორი უფრო გრძნობს, ვიდრე შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვა სახელმწიფო სტრუქტურები?! მე ნაკლებად მწამს ამის და ნაკლებად მჯერა.”

ასეა თუ ისე, პარტია ”დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, დეპუტატ გია თორთლაძის ”თავისუფლების ქარტიას” რამდენიმე დღეში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ. ცაგარეიშვილი არ მოელის, რომ თორთლაძის ინიციატივა პარლამენტში საკმარის მხარდაჭერას მოიპოვებს.
XS
SM
MD
LG