Accessibility links

აშშ და რუსეთი იარაღის კონტროლის შესახებ ხელშეკრულებაზე მორიგდნენ


აშშ-მა და რუსეთმა გადალახეს ყველა უთანხმოება იარაღის კონტროლის შესახებ ახალი ხელშეკრულების გარშემო. ამის თაობაზე ინფორმაცია ბოლო დღეებში გავრცელდა, თუმცა ჯერ საბოლოოდ არ არის დაზუსტებული „სტარტის“ შემცვლელი ამ დოკუმენტის გაფორმების ვადა.სავარაუდოდ, ეს შეიძლება მოხდეს 8 აპრილს პრაღაში.

„ასოშიეიტიდ პრესი“ იუწყებოდა, კრემლის მაღალი რანგის წარმომადგენლის ნათქვამზე დაყრდნობით, რომ ხელმოსაწერად მზად არის „სტარტის“ შემცვლელი ხელშეკრულების ყველა დოკუმენტი. 1991 წელს დადებული ხელშეკრულების ვადა შარშან დეკემბერში ამოიწურა და ახლა მისი განახლებაა მიზნად დასახული. ამერიკის მხარემაც დაადასტურა, რომ ხელშეკრულების შეთანხმების შესახებ პარასკევს გამოცხადდება. მხარეები რომ ამ საკითხში „ძალიან დაუახლოვდნენ“ ერთმანეთს, ამას ამბობს თეთრი სახლიც, რომლის წარმომადგენლის, რობერტ გიბსის, თქმით, შეთანხმება ახლოსაა, მაგრამ საბოლოოდ დასრულებული ჯერ არ არის:

„ვფიქრობ, „სტარტის“ შეთანხმებასთან ძალიან ახლოს ვართ, თუმცა ის არაა მიღწეული, სანამ პრეზიდენტ ობამასა და მის კოლეგა დმიტრი მედვედევს არ მიეცემათ კიდევ ერთი საუბრის საშუალება.“

როცა ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ, ერთწლიანი მოლაპარაკება დასრულდება, რასაც, თავდაპირველად დეკემბრისთვის მოელოდნენ, როცა „სტარტს“ ვადა გაუდიოდა. ახალი ხელშეკრულება გადამწყვეტად მიიჩნევა მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთობათა „გადატვირთვის“ საქმეში, რასაც პრეზიდენტ ობამასა და სახელმწიფო მდივან კლინტონის მიერ დაედო დასაბამი 2009 წლის იანვარში. ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობამ რუსეთ-საქართველოს ომის დროს მიაღწია ყველაზე დაბალ დონეს.

შარშან აპრილში ორივე ქვეყნის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ სტრატეგიული იარაღის შემცირებაზე მოილაპარაკებდნენ და რომ მისი რაოდენობა საგძნობლად შემცირდებოდა. ლაპარაკი იყო უკვე განთავსებული ბირთვული ქობინების რიცხვის მეოთხედით - 2600-დან 1600-მდე - შემცირებასა და სტრატეგიული ბომბდამშენებისა და რაკეტების რაოდენობის განახევრებაზე, ანუ 1600-დან 800-მდე დაყვანაზე. ეს ურთიერთგაგება მოჰყვა შარშან პრაღაში პრეზიდენტ ობამას გამოსვლას და საჯარო განცხადებას:

„აშშ-ს, ერთადერთ ქვეყანას, რომელმაც გამოიყენა ბირთვული იარაღი, მორალური პასუხისმგებლობა აკისრია, იმოქმედოს. ამ მცდელობაში წარმატებული მარტო ვერ ვიქნებით, მაგრამ ის კი შეგვიძლია, რომ სათავე დავუდოთ, წამოვიწყოთ ეს საქმე. და დღეს მე ღიად და მთელი რწმენით შემიძლია გამოვაცხადო ამერიკის პოზიცია: ესაა მცდელობა, მსოფლიო იყოს მშვიდობიანი და უსაფრთხო, ბირთვული იარაღის გარეშე.“

ხუთშაბათს, როცა ითქვა, რომ დოკუმენტები მზადაა, გამოითქვა ვარაუდიც, რომ ობამა და მედვედევი პრაღაში მოაწერენ ხელს ხელშეკრულებას 8 აპრილს. მედვედევი 6-7 აპრილს ჩადის სლოვაკეთში. 11 და 12 აპრილს კი ბარაკ ობამა ვაშინგტონში უმასპინძლებს ბირთვული უსაფრთხოების სამიტს, რომელსაც 44 სახელმწიფოს მეთაურები დაესწრებიან. თუკი ახალი ხელშეკრულება მოსკოვთან მანამდე გაფორმდა, ამას დიდი სიმბოლური მნიშვნელობა ექნება ობამას მიზნისთვის, შეამციროს და იქნებ მოსპოს კიდეც ბირთვული იარაღის არსენალები.

შემდეგ ხელშეკრულებას დაამტკიცებენ ორივე სახელმწიფოს კანონმდებლები.

ბირთვული იარაღის შემცირების გარშემო მოლაპარაკება დასრულდა მაშინ, როცა ვაშინგტონი - ვიდრე გაეროს უშიშროების საბჭო თეირანისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე იმსჯელებდეს - ირანთან მიმართებით ბოლო დიპლომატიურ ნაბიჯს დგამს. ვაშინგტონმა უკვე გამოაცხადა, რომ მისი მოთმინების ფიალა ივსება, რადგან ირანმა ვერ დაამტკიცა თავისი ბირთვული პროგრამის მშვიდობიანი ხასიათი. რუსეთი კი, რომლის ხელიც ერია იმაში, რომ გაეროს წინა სანქციები ირანის მიმართ სუსტი გამოდგა, ახლა თითქოს დარწმუნდა, რომ თეირანს მიეცა შესაძლებლობა, მსოფლიოსთვის დაემტკიცებინა, რომ ის არ ცდილობს ბირთვული იარაღის შექმნას. მაგრამ სახელმწიფო მდივნის, კლინტონის, ბოლო ვიზიტისას მოსკოვში რუსეთის ოფიციალურ პირებს არ უთქვამთ მისთვის, რომ მთლიანად ემხრობიან ამერიკის პოზიციას სანქციების საკითხში.
XS
SM
MD
LG