Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 25 მარტი 2010


დღევანდელი პრესის მიმოხილვას დავიწყებთ ”ყველა სიახლით”, სადაც ლევან გაჩეჩილაძესთან ინტერვიუს წაიკითხავთ. გაჩეჩილაძე ამბობს, რომ ჯერ კიდევ ფიქრობს, დააყენოს თუ არა საკუთარი კანდიდატურა თბილისის მერის მომავალ არჩევნებზე. ”მყავს გულშემატკივრები, რომლებსაც სურთ, რომ დავაყენო კანდიდატურა, მაგრამ მყავს სხვა გულშემატკივრებიც, რომელთაც ეს არ სურთ. ვიცი, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი, ”ალიანსის” ხელმძღვანელობით, ამას ირაკლი ალასანიასთვის ხელის შეშლად აღიქვამს”, - ამბობს ლევან გაჩეჩილაძე და ამატებს: ”ხანდახან ვუშვებ იმ შესაძლებლობასაც, რომ ჩემი კანდიდატურის დასახელებამ საბოლოოდ მართლა მიგვიყვანოს ერთ კანდიდატამდე”. ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რას გულისხმობს ის, გაჩეჩილაძე ასე უპასუხებს: ”ასეთ შემთხვევაში ირაკლი ალასანიამ და მისმა გუნდმა შეიძლება დაინახოს, რომ საჭირო და აუცილებელია ერთიან კანდიდატზე მოლაპარაკების დაწყება. რასაც ”ალიანსი” ნებით არ აკეთებს, იქნებ ახალი რეალობის წარმოჩენით მაინც გააკეთოს. არ ვიტყვი, ძალით გააკეთოს-მეთქი...”
ალასანიას შანსებს მომავალ არჩევნებში ეძღვნება ”რეზონანსის” მოწინავე სტატია, რომლის სათაურიცაა ალასანია უგულავას ერთიდან 10 პროცენტამდე უგებს. თუმცა თავად სტატიიდან ირკვევა, რომ ლაპარაკია რამდენიმე გამოკითხვის შედეგებზე, რომლებიც სხვადასხვა ინტერნეტ ფორუმებზე და თავად ოპოზიციური პარტიების საიტებზე ჩატარდა. ”იმაზეც ლაპარაკობენ, რომ ”ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის” მიერ ჩატარებულ კვლევაში ალასანია უგულავას უსწრებს”, - წერს ”რეზონანსი, თუმცა ამატებს, ამ ცნობებს სოციოლოგები ეჭვქვეშ აყენებენო. ”ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის” კვლევის შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა.

”რეზონანსშივე” წაიკითხავთ სტატიას გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაზე, რომელში მოყვანილი მაჩვენებლებითაც, საქართველო პირველად შევიდა იმ ქვეყნების ათეულში, რომლის მოქალაქეებიც ყველაზე ხშირად ითხოვენ საზღვარგარეთ თავშესაფარს. 2008 წლის მონაცემებით, საქართველო ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მე-17 ადგილზე იყო. ამასთან, ”რეზონანსი” წერს, ყურადსაღებია, რომ საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა საზღვარგარეთ სამუდამოდ წასვლის მსურველთა ზრდის ტემპებითო.

დაბოლოს, ”ალია” ვნახოთ, სადაც წაიკითხავთ ინტერვიუს ნინო ანანიაშვილის დასის წევრთან, რომლის ვინაობაც არ სახელდება, თუმცა გაზეთი წერს, რესპონდენტი იაპონიიდან დეპორტირებული სამი ბალერონიდან ერთ-ერთიაო და სამივეს ასახელებს. ”იაპონიაშიც ვიპარავდით, ამერიკაშიც, მარტო ახლა კი არა, ორი წლის წინაც”, - ამბობს ბალერონი და ჰყვება, ამას იმიტომ ვაკეთებდით, რომ შიმშილით არ დავხოცილიყავითო. დაუსახელებელი რესპონდენტის ცნობით, ნინო ანანიაშვილის დასში განკუთვნილი ჯიბის ფულის ნაცვლად ბევრად ნაკლებს უხდიდნენ. ”იაპონიაში რომ მივდიოდი გასტროლებზე, საჭმელი თბილისიდან მიგვქონდა - მშრალი სუპები, ვერმიშელები და ასე შემდეგ, მაგრამ ერთი კვირის თავზე ეს მარაგი ამოგვეწურაო.” ამ ვრცელ და საკმაოდ სკანდალურ ინტერვიუს დღეს ”ალიაში” წაიკითხავთ.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG