Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთელები სარწყავ წყალს ითხოვენ


გორის რაიონის სოფელ ერგნეთის მოსახლეობამ შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან აქცია გამართა და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩასატარებლად მთავრობის დახმარება მოითხოვა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან იყო დაპირება, რომ ამ მიზნით გარკვეული თანხა გამოიყოფოდა, თუმცა პირობა არ შესრულდა.

ერგნეთელების თქმით, სასოფლო სამეურნეო მიწების დამუშავებას დახმარების გარეშე ვერ შეძლებენ და მოსავლის გარეშე დარჩებიან.

სოფელი აგვისტოს ომამდე სარწყავ წყალს ცხინვალიდან იღებდა, მაგრამ სარწყავი არხი უკვე დიდი ხანია გადაკეტილია. გარდა ამისა, სოფლის ჩრდილოეთით, ცხინვალის მოსაზღვრე მიწის ნაკვეთები გაუნაღმავია და იქ მოსახლეობა შესვლას ვერ ახერხებს, ამიტომ ისინი ხელისუფლებას კომპენსაციას სთხოვენ.

ერგნეთელები საპროტესტო აქციის გამართვას თბილისში აპირებდნენ, მაგრამ მათი თქმით, პოლიციელებმა ავტობუსებს ჯერ გზა გადაუკეტეს, შემდეგ კი აქციის მონაწილეები გორში გამგებელთან შესახვედრად ჩამოიყვანეს.

ერგნეთელების თქმით, გამგებელთან შეხვედრა უშედეგო იყო, რადგან კომპენსაციის გაცემის საკითხს ადგილობრივი ხელისუფლება ვერ წყვეტს და დაფინანსება ცენტრალური ბიუჯეტიდან უნდა მოხდეს.

გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ხმიადაშვილი მათ მხოლოდ მიწის ფართობების სარწყავი სისტემებით უზრუნველყოფას დაჰპირდა. როგორც ცნობილია, მას შემდეგ, რაც ცხინვალმა სარწყავი არხები გადაკეტა, სოფელ ნიქოზთან მდინარე ლიახვზე კაშხალი აიგო, რომლის მეშვეობითაც გორის და ქარელის რაიონების მორწყა უნდა მოხდეს, მაგრამ ეს კაშხალი ერგნეთზე დაბლაა, ამიტომ წყალი თვითდინებით სოფლში ვერ მივა.

გამგებლის განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკება სპეციალური სატუმბი სადგურის დამონტაჟებაზე, რათა რაიონში არც ერთი მეტრი მიწა მოურწყავი არ დარჩეს.

ერგნეთელები პირობის შესრულებას მოკლე ხანში ელიან, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციების განახლებით იმუქრებიან.
XS
SM
MD
LG