Accessibility links

logo-print

აფხაზეთს ზაფხულიდან ე.წ. უცხოური პასპორტი ექნება


აფხაზური პასპორტი

აფხაზური პასპორტი

ოკუპირებულ აფხაზეთში ზაფხულიდან ახალი, ამჯერად, ე.წ. უცხოური პასპორტების გაცემას დაიწყებენ. დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის სერგეი შამბას განმარტებით, აუცილებელია სოხუმის და მოსკოვის მიერ შარშან ხელმოწერილი შეთანხმების რეალიზაცია, რომლის თანახმად, აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანებს რუსეთთან საზღვრის გადაკვეთა ნებისმიერი მოქმედი პასპორტით შეუძლიათ. თუმცა, ამ დოკუმენტს დაცვის მაღალი ხარისხი უნდა ჰქონდეს. შამბას განცხადებით, ადგილობრივ აფხაზურ პასპორტებს დაცვის მსგავსი მექანიზმი არ გააჩნიათ.

დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, აფხაზეთის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს რუსეთის პასპორტებიც აქვს. თუმცა, მათ, ვისაც ფედერაციის მოქალაქეობა ჯერ არ მიუღიათ, ან უკვე ვადაგასული რუსული პასპორტი აქვთ, საზღვრის გადაკვეთის დროს პრობლემა ექმნებათ. შამბას განცხადებით, უცხოური პასპორტები, რომელიც უკვე მზადდება, მოსახლეობას ამ პრობლემას მოუგვარებს.

ახალი პასპორტების გაცემაზე ჯერჯერობით არაფერი იციან გალის რაიონის მაცხოვრებლებმა. რაც შეეხება ამჟამად მოქმედ აფხაზურ პასპორტს - ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები მასწავლებლების, ექიმებისა და რიგითი მოქალაქეების მცირე ნაწილმა უკვე აიღო, გალის აფხაზური ადმინისტრაციის ზეწოლით, ნაწილს კი ჯერ კიდევ არ მიუღია.

ოტობაიელები ამბობენ, რომ სურვილის შემთხვევაშიც ე.წ. უცხოური პასპორტი მათთვის მიუწვდომელი იქნება. მიზეზად კი გალის რაიონის უგულებელყოფას ასახელებენ. ”შარშან აგვისტოში ჩავაბარეთ საბუთები პასპორტის მისაღებად, მაგრამ დღემდე არ გვაძლევენ. ახალ პასპორტს ვინ მოგვცემს?!”, - ამბობს ოტობაიის მკვიდრი.

რესპონდენტი იტყობინება, რომ ადმინისტრაციულ საზღვარზე განსაკუთრებულად გამკაცრდა კონტროლი. ”ყოველ საათში იცვლებიან რუსი მესაღვრეები და არავის უშვებენ ზუგდიდში. მიზეზი ჩვენთვის უცნობია. სოფელში ახლა მხოლოდ რუსები არიან, აფხაზები კვირაზე მეტია არ გვინახვას”, - ამბობს ოტობაიელი ქალი.

რაც შეეხება ოკუპირებულ რეგიონში პასპორტიზაციის პროცესს, სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თორნიკე კილანავა რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს, რომ ე.წ. უცხოურ პასპორტს ძალა არ ექნება არც ერთ ქვეყანაში გარდა რუსეთისა. ”დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის მიერ გაცემულ პასპორტებზე ვიზებს ევროკავშირისა და სხვა თანამეგობრობის ქვეყნები არ გასცემენ და ამის შესახებ მათაც კარგად იციან. ამიტომ ეს არის კიდევ ერთი ფანდი დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობისა,” - დასძენს კილანავა.

დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის სერგეი შამბას განცხადებით ახალი პასპორტის გაცემის შემდეგ ძალას დაკარგავს ამჟამად მოქმედი აფხაზური და ყოფილი საბჭოთა კავშირის პასპორტი, რომლის საშუალებითაც გალის რაიონის მოსახლეობა აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის ადმინისტრაციულ საზღვარს გადაკვეთს.
XS
SM
MD
LG