Accessibility links

logo-print

საზოგადოების პასუხი ”იმედს” - შეგუება, მიტევება, თუ უპასუხისმგებლობა

  • ნინო როდონაია

ტელეკომპანია ”იმედი”

ტელეკომპანია ”იმედი”

ტელეკომპანია ”იმედის” მიერ საზოგადოებისთვის 13 მარტს შეთავაზებული ”მოდელირებული ქრონიკის” დასრულებიდან მცირე ხანშივე, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ქვეყნის მოქალაქეებს სასამართლოში მათი ინტერესების დაცვა შესთავაზა. თავდაპირველი რეაქცია სამოქალაქო აქტიურობის თვალსაზრისით, იმედისმომცემი აღმოჩნდა, თუმცა, საკმაოდ მცირე ხნით.

მას შემდეგ, რაც ადამიანები დარწმუნდნენ, რომ ”იმედმა” მოატყუა, ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” საკმაოდ ბევრმა მოქალაქემ მიმართა. ისინი ტელეკომპანიის იმიტაციით, თუ მოდელირებით გამოწვეული შოკის მძიმე შედეგებს აღწერდნენ და უმძიმესსაც - ადამიანის გარდაცვალებას. თუმცა, პირველი მწვავე რეაქციის განელების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანთა უმრავლესობამ შეთავაზებაზე, სასამართლოში ეჩივლათ, უარი თქვა. ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენელი თამარ კორძაია საზოგადოების მსგავს დამოკიდებულებას საქართველოში სამოქალაქო აქტიურობის ნაკლებობით და უპასუხისმგებლობით ხსნის. ”ეს უბრალოდ, ტოტალური უპასუხისმგებლობაა რამდენიმე მიმართულებით. თუნდაც, იმ გაგებით, რომ საზოგადოება შეჩვეულია, რომ ვიღაცას დარღვევისთვის პასუხს არ აგებინებენ. უპასუხისმგებლობაა საკუთარი თავის და ოჯახის წინაშე, როდესაც ასე მძიმედ დაზარალდი და არ ფიქრობ, რომ პასუხი მოითხოვო. ძალიან სამწუხაროა, რომ ხალხი არ ფიქრობს, რომ სამოქალაქო აქტიურობით შეგვიძლია რაღაც პოზიტიურ შედეგამდე მივიდეთ” - უთხრა რადიო თავისუფლებას თამარ კორძაიამ.

სამოქალაქო პასიურობის გარდა, კიდევ რამდენიმე მიზეზს ხედავს არასამთავრობო ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” ხელმძღვანელი მანანა კობახიძე: ”ჩვენ ეტყობა, ზედმეტად მომთმენი ვართ და ეტყობა, მართლა რაღაც ზღვარს უნდა გადაგვიყვანონ, რომ პროტესტი მასობრივად გამოვთქვათ. ნორმალურ და უფრო დემოკრატიულ ქვეყანაში სხვანაირად მოხდებოდა. ჩვენ კი, თავიდან აღვშფოთდებით და მერე ვეგუებით. სამწუხაროდ, მაინც შემგუებლები ვართ”.

მართალია, აბსოლუტურ უმცირესობაში, მაგრამ მაინც აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ არ შეეგუონ და ”იმედს” პასუხი მოსთხოვონ. რამდენიმე მათგანის ინტერესებს ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” სახელით, თამარ კორძაია იცავს. მისი განცხადებით, ამჟამად მუშაობენ ორ სარჩელზე, რომლის დეტალებზე თავად მოსარჩელეთა თანხმობის არარსებობის გამო ვერ ისაუბრებს. ორივე შემთხვევაში საუბარია ჯანმრთელობისთვის მიყენებულ ზიანზე. თუმცა, მასალების დამუშავების შემდეგ, თამარ კორძაია არც მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას გამორიცხავს. ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ამჟამად მტკიცებულებათა მოპოვების ეტაპზეა და მისი დასრულების შემდეგ, სარჩელს სასამართლოს წარუდგენს. თამარ კორძაიას განმარტებით, სასამართლოსთვის იმის დამტკიცება, რომ ”იმედის” მოქმედებამ ადამიანები ფიზიკურად და მორალურად დააზარალა, საკმაოდ რთული, მაგრამ შესაძლებელია. სირთულეს, როგორც ამას ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” ხელმძღვანელი მანანა კობახიძე განმარტავს, ის წარმოადგენს, რომ მტკიცებულებათა გაზიარება სასამართლოსთვის სავალდებულო არ არის. ”ჩვენს სასამართლოებთან ურთიერთობისას სამწუხარო პრაქტიკა გვაქვს. როდესაც მაგალითად, მორალური ზიანის ანაზღაურებას ვითხოვთ, ძალიან ხელშესახები მტკიცებულების არსებობის შემთხვევაშიც კი, განაჩენში პირდაპირ წერია, რომ არ დასტურდება კავშირი მომხდარ ფაქტსა და შედეგს შორის” - უთხრა რადიო თავისუფლებას მანანა კობახიძემ.

”კონსტიტუციის 42-ე მუხლიც” მზად იყო სასამართლოში დაეცვა ინტერესები იმ ადამიანებისა, რომლებიც ტელეკომპანია ”იმედის” მოქმედებით თავს დაზარალებულად მიიჩნევენ, მაგრამ ორგანიზაციისთვის არავის მიუმართავს. იურისტების განმარტებით, სისხლის სამართლის კოდექსში არ არსებობს არცერთი ხელშესახები გარემოება, რომელიც ”იმედის” იმიტაციის მსგავს მოქმედებას დანაშაულის კვალიფიკაციას მისცემს. როგორც მანანა კობახიძე ამბობს, ბუნებრივია, რომ კანონმდებელი ყველაფერს ვერ გაითვალისწინებს და ვერ გაიზარებს, რომ მაგალითად, რომელიმე ტელეკომპანიის კონკრეტულმა მოქმედებამ, შესაძლოა, მოქალაქეებს მასობრივი ზიანი მიაყენოს. ამავე კანონით ”იმედს” პასუხისმგებლობას ვერც დეზინფორმაციის გავრცელების გამო დააკისრებ. მანანა კობახიძის თქმით, კანონების შექმნაზე ზეგავლენას ქვეყანაში არსებული რეალობა ახდენს. ამა, თუ იმ მოქმედებას კი, შეუძლია კანონმდებელი მიიყვანოს გადაწყვეტილებამდე, რომ კონკრეტული მოქმედების კრიმინალიზაციაა საჭირო. ”მასობრივი ინფორმაციის საშუალებით დეზინფორმაციის განზრახ გავრცელება, რაც მაგალითად, მასობრივ არეულობას გამოიწვევს, ან ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი იქნება - ამის კვალიფიკაცია, რათქმა უნდა, შესაძლებელია. აშშ-ში კაქტუსის უნებართვოდ მოჭრაზეა პასუხისმგებლობა. გააჩნია რისთვისაა მზად საზოგადოება და რას ჩათვლის განსაკუთრებით საშიშ ქმედებად. 13 მარტს, ”იმედის” ქმედება ნამდვილად იყო საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი” - ამბობს მანანა კობახიძე. ის ტელეკომპანია ”იმედის” მოქმედებას ადამიანთა საწინააღმდეგო ფსიქოლოგიურ ომს უწოდებს. მსგავს შემთხვევებში - როგორც იურისტი განმარტავს - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ქართული მართლმსაჯულებისგან განსხვავებული პრაქტიკით მოქმედებს. თუ ფაქტი დადასტურებულია და აღწერ, რა განიცადა ადამიანმა, სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეები მსგავსი მოქმედებით გამოწვეულ შედეგებს ლოგიკურად აფასებენ. ამიტომ, მანანა კობახიძე დარწმუნებულია, რომ მას, ვინც ”იმედის” წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილი გადაწყვიტა, საქართველოში წარუმატებლობის შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გამარჯვება ელის.
XS
SM
MD
LG