Accessibility links

logo-print

ახალგაზრდული ფოლკლორული ანსამბლების მხარდამჭერი პროგრამა დაიწყო


ქართული ფოლკლორული ცეკვის მასტერკლასი, ბათუმი 2009 წ.

ქართული ფოლკლორული ცეკვის მასტერკლასი, ბათუმი 2009 წ.

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა ფოლკლორულ ანსამბლთა მხარდამჭერი პროგრამის შესახებ ინფორმაცია განთავსდა. ეს პროგრამა ქართული ხალხური სიმღერის მოყვარულებს, ახლად შექმნილ ანსამბლებს - განსაკუთრებით კი, რეგიონებში - შესაძლებლობას აძლევს წარდგნენ საზოგადოების წინაშე. იმ შემთხვევაში, თუ მათი შემოქმედება მოწონებას დაიმსახურებს, ფოლკლორის ცენტრი იზრუნებს მათ სოლო-კონცერტზე, აუდიოალბომის ჩაწერასა და გამოცემაზე, მასტერკლასზე ანსამბლისთვის და, ბოლოს, საინტერესო იდეების შემთხვევაში, მათ მცირე გრანტიც გადაეცემათ, მაქსიმუმ 1500 ლარის ოდენობით.

უკვე გადაწყვეტილია, რომ ამ ზაფხულს ზემო რაჭაში სამთვიან საზაფხულო სკოლას, სადაც მსურველები ქართულ ხალხურ სიმღერებს შეისწავლიან და დაამუშავებენ, - თანაც, ტრადიციული შესრულებით, - თორნიკე სხიერელი უხელმძღვანელებს. ის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სტიპენდიატია. მის მსგავსად, ფოლკლორული ანსამბლების ხელშეწყობის პროგრამაში კიდევ არაერთი ახალგაზრდა ჩაერთვება. ეს პროგრამა არ ვრცელდება საზოგადოებისათვის უკვე ცნობილ ფოლკლორულ ანსამბლებზე - დახმარებას გაუწევენ მათ, ვინც ახლა აპირებს ჯგუფის შექმნას ან ანსამბლი უკვე არსებობს, მაგრამ უსახსრობის გამო ვერც კონცერტის ჩატარებას ახერხებს და, მით უმეტეს, ვერც აუდიოალბომის ჩაწერას. საქართველოში ძალიან ბევრ ადგილას, რომელიც მუსიკალურ კერად ითვლებოდა, დღეს აღარ მღერიან. ეს ტენდენცია რომ არ გაგრძელდეს და ახალგაზრდობამ ხალხური სიმღერა არ დაივიწყოს, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა ამ პროექტის განხორციელება დაიწყო. ცენტრის დირექტორი გიორგი უშიკიშვილი გვეუბნება, რომ ისინი ადგილზე ჩავლენ და იქვე ჩაწერენ ანსამბლებს:

”თუ ახალაგზრდები არ იმღერებენ ხალხურ სიმღერას, მომავალ თაობას ეს სიმღერები ვეღარ გადაეცემა. ძალიან ბევრი მუსიკალური კერა გაქრა. ჩვენ მივმართეთ ასეთ ადგილებს და ვთხოვეთ, რომ შეიკრიბონ და სიმღერა დაიწყონ. ჩვენ კი, ჩვენი ხმის ჩამწერი სტუდიის საშუალებით, ადგილზე ჩავწერთ ამ ანსამბლებს.”

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შევსება ონლაინ ანკეტისა, რომელიც ცენტრის ვებგვერდზე, www.folk.ge-ზე, დევს და რომლის შევსებიდან ორ დღეში ფოლკლორის ცენტრი დაინტერესებულ პირებს ეხმაურება. მოწონების შემთხვევაში, პროექტი ფინანსდება. რაც შეეხება რეგიონებს, სადაც ინტერნეტზე ხელი ყველას არ მიუწვდება, მათ ამ პროქტის შესახებ ცენტრი ატყობინებს როგორც მედიის საშუალებით, ისე პირადად. გიორგი უშიკიშვილი ამბობს, რომ მისთვის ყველაზე სასიხარულო ფაქტი ის არის, რომ დაინტერესებულთა უმრავლესობა ახალგაზრდაა. პროექტის მიზანიც ხომ ეს იყო!

პროგრამაში მონაწილეთა მიმართ არის ერთი მთავარი მოთხოვნა - სიმღერის ტრადიციული შესრულება.

ახალგაზრდა ფოლკლორული ანსამბლი, ”ახალუხლები”, ერთ-ერთია, ვინც პროგრამაში მონაწილეობას გეგმავს და წარმატების იმედიც აქვს. ანსამბლის ხელმძღვანელი, ეთნომუსიკოლოგი ოთარ კაპანაძე ფიქრობს, რომ განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდებათ რეგიონებში მოღვაწე ანსამბლებს, სადაც ჯერ კიდევ შენარჩუნებულია ხალხური სიმღერების ტრადიციული შესრულების ფორმები:

”რეგიონებში ანსამბლების შექმნა და წახალისება იმიტომაცაა საჭირო, რომ რეგიონებში მათზე უკეთესად მათ სიმღერებს ვერავინ იმღერებს. მიუხედავად იმისა, რომ ფოლკლორი ზეპირი გადმოცემის ენაა და ჩაწერილი ბევრი რამ არ არის, მას ძალიან მკაფიო კანონზომიერებები ახასიათებს, განსაკუთრებით შემსრულებლობას. მაგალითად, სამხმიან სიმღერაში მაღალი ორი ხმა (პირველი და მეორე ხმა) უნდა იყოს აუცილებლად თითო ადამიანი, ბანის რიცხვი კი არ არის შეზღუდული და ამ წესს განსაკუთრებით იცავენ გლეხები.”

„ახალუხლების“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ მათი მთავარი მიზანი მაინც ძველი სიმღერების მოძიება და შესრულებაა. ამ საქმეში მთავარი მამოძრავებელი ძალა მაინც სიმღერის სიყვარული და ენთუზიაზმია. თუმცა გიორგი უშიკიშვილს იმედი აქვს, რომ ამ ფოლკლორული ანსამბლების მხარდაჭერის პროგრამაში გარკვეული კომერციული ინტერესიც გაჩნდება. მაგალითად, ანსამბლებს შეეძლებათ ნაჩუქარი აუდიოალბომი გაყიდონ და შემოსავალი თავად მოიხმარონ.

კიდევ ერთი საინტერესო კომპონენტი ამ პროგრამაში მასტერკლასებია:

”ხშირად ხდება, რომ ქუთაისში ან თელავში, ან სხვაგან სადმე ახალგაზრდებს, რომლებიც შეიკრიბნენ და სურთ სიმღერა, კონსულტანტი სჭირდებათ - ისეთი ადამიანი, რომელიც რომელიმე სოფელში ცხოვრობს, მღერის და იცის ძალიან კარგი ვარიანტები ქართული სიმღერისა. ჩვენ ამ ხალხს ჩამოვიყვანთ რამდენიმე დღით ქალაქებში, გადავუხდით ჰონორარს და ვაცხოვრებთ. მისთვისაც კარგი იქნება და საერთო საქმესაც წაადგება.”

დაბოლოს, გეტყვით, რომ პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ თბილისსა და საქართველოს რეგიონებში მოღვაწე ახალგაზრდულ ფოლკლორულ ანსამბლებს. პროგრამაში მონაწილე ანსამბლის წევრების ასაკი განსაზღვრული არ არის. მთავარია, ამ წევრებს ჰქონდეთ ერთი საერთო სიყვარული - ქართული ხალხური სიმღერა.
XS
SM
MD
LG