Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთი და დახმარება, რომლის მიზანიცაა, დახმარება საჭირო არ იყოს


საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ჯორჯ პაპანდრეუ
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ჯორჯ პაპანდრეუ
ევროკავშირის ლიდერები აქებენ შეთანხმებას, რომელსაც ევროზონაში შემავალმა ქვეყნებმა მიაღწიეს დიდი ვალების მქონე საბერძნეთის დასახმარებლად. მის დახმარებაში მონაწილეობა უნდა მიიღოს საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც. თუმცა, გეგმა განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა გამოსავალი არ დარჩება და თუ განხორციელდება, საბერძნეთისთვის მკაცრ პირობებთან იქნება დაკავშირებული.

დიდ ვალებში გახვეულ საბერძნეთს ასევე დიდ დახმარებას ჰპირდებიან ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც, საბერძნეთთან ერთად, ევროზონაში არიან გაწევრიანებული, ანუ საერთო ფულადი ერთეულით, ევროთი სარგებლობენ. ევროზონა 27-წევრიანი ევროკავშირის 16 ქვეყანას მოიცავს. ამასთან, გეგმა ითვალისწინებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისაგან ფინანსურ მხარდაჭერასაც, რასაც აქამდე ევროკავშირში პრეცედენტი არ ჰქონია.

ასეა თუ ისე, ხუთშაბათს, ბრიუსელში მიღწეული შეთანხმება ნამდვილ გარღვევად აღიარეს ევროზონისთვის, რომლის წევრებიც რამდენიმე კვირაა დავობენ იმის თაობაზე, თუ როგორ გაუმკლავდნენ საბერძნეთის ვალებით გამოწვეულ კრიზისს - კრიზისს, რომელმაც ევრო დაასუსტა.

ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებით, საბერძნეთის დასახმარებლად განკუთვნილი პაკეტი 22 მილიარდამდე დოლარს მოიცავს. თუმცა, ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.

შეთანხმებაზე ევროპელი ლიდერების გამოხმაურება ცალსახად პოზიტიურია. განსაკუთრებით კმაყოფილია, ბუნებრივია, საბერძნეთის წარმომადგენელი, პრემიერ-მინისტრი ჯორჯ პაპანდრეუ. მისი თქმით, „საბერძნეთი, ევროზონის შიგნით, უსაფრთხოდ არის და ევროპამაც დიდი ნაბიჯი გადადგა. დღეს გადაწყვეტილება მივიღეთ არა მარტო საბერძნეთისთვის. ევროპა და ევროკავშირი დიდი გამოწვევის წინაშე იდგნენ და ამ გამოწვევას წარმატებით გაართვეს თავი გადამწყვეტი ქმედებით. ევროპელი ლიდერები იცავენ ევროკავშირს, იცავენ ჩვენს საერთო ვალუტას. ევროპა, საბერძნეთთან ერთად, გაძლიერებული გამოვა ამ კრიზისიდან“.

ევროკავშირის პრეზიდენტის, ჰერმან ვან რუმპეს განმარტებით, პროგრამამ საფინანსო ბაზრებს უნდა დაანახოს, რომ ევროზონის წევრები გაჭირვებაში არ მიატოვებენ საბერძნეთს. „დაფინანსების ლომის წილი ევროპელებზე იქნება, ასე რომ, საქმე ეხება ჰიბრიდულ მექანიზმს, მაგრამ ევროპა დომინირებს“, განმარტავს ევროკავშირის პრეზიდენტი.

და მაინც, არაერთი ექსპერტის შეფასებით, საბერძნეთის დასახმარებლად განკუთვნილ გეგმაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ჩართვამ შესაძლოა, ავნოს ევროს იმიჯს საერთაშორისო ბაზრებზე, რადგან აქამდე ევროზონას არასოდეს უთხოვია სავალუტო ფონდისთვის დახმარება საკუთარი წევრის საფინანსო კრიზისის მოსაგვარებლად. ამიტომაც იყო, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი და საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დიდხანს ეწინააღმდეგებოდნენ საქმეში სავალუტო ფონდის ჩართვას.

და აი, პარასკევს სარკოზიმ ჟურნალისტებს განუმარტა: მიზანია, რომ საბერძნეთისთვის ბრიუსელში შეთანხმებული დახმარების გაწევა საერთოდ არ იყოს საჭირო. მიზანია დახმარების გარანტიით ზურგგამაგრებული საბერძნეთის მიმართ ბაზრის ნდობის აღდგენა.

„ეს პრევენციული შეთანხმება იმავდროულად ქმედობაუნარიანია. ის ზუსტად არის განსაზღვრული. შესაძლებელია მისი აქტივირება საჭიროების შემთხვევაში და თუ სხვა გამოსავალი არ არსებობს. ის წარმოადგენს გარანტიას საბერძნეთისთვის, რომ შეუძლია გაბედული რეფორმების (...) განხორციელება ისე, რომ არ დაისაჯოს ბაზრების სპეკულაციითა და ირაციონალური ქმედებით“, განაცხადა სარკოზიმ

სარკოზის გარდა, ევროპის ბანკის პრეზიდენტმა ხან კლოდ ტრიშემ გამოთქვა იმედი, რომ საქმე არ მივა საბერძნეთის დასახმარებულად შემუშავებული გეგმის გამოყენებამდე: „მჯერა, რომ ჩვეულებრივ, საჭირო არ იქნება ამოქმედდეს მექანიზმი, რომლის შესახებ გადაწყვეტილებაც დღეს იქნა მიღებული და რომ საბერძნეთი თანდათან დაიბრუნებს ნდობას საერთაშორისო ბაზარზე“.

ამჟამად საბერძნეთის ბიუჯეტის დეფიციტი 12,7 პროცენტს შეადგენს, რაც ოთხჯერ აღემატება ევროზონის წევრებისთვის დაწესებულ ლიმიტს - სამ პროცენტს. და ევროზონის ლიდერებს სხვა თავსატკივარიც აქვთ: ვალებით გამოწვეული პრობლემები კიდევ ოთხ ქვეყანაში - პორტუგალიაში, იტალიაში, ესპანეთსა და ირლანდიაში. უკვე ისმის მოწოდება, რომ ევროზონის წევრობის წესები შეცვლას საჭიროებს, რომ ქვეყნები, რომლებიც ბიუჯეტის დეფიციტის სამპროცენტიან ლიმიტს გასცდებიან, ევროზონიდან უნდა „გაირიცხონ“.
XS
SM
MD
LG