Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ირანულ სალამანდრას“ მომავალში საერთაშორისო მასშტაბით დაიცავენ


ირანული სალამანდრა
ირანული სალამანდრა
გაეროს ველური ბუნებით ვაჭრობის უწყებამ, კატარში, დოჰაში გამართა საერთაშორისო შეხვედრა, რომელზეც გადაწყვიტეს დაიცვან ნაკლებად ცნობილი ირანული სალამანდრა, კუდიანი ამფიბიების რიგის ნაკლებად ცნობილი წარმომადგენელი. ამ ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ არსებას საფრთხე შეექმნა, რადგან მისი გაყიდვა ინტერნეტის საშუალებით დაიწყეს.

სიტყვა „სალამანდრა“, ერთი ვერსიით, სპარსულიდან მოდის. „სომ“ ცეცხლს ნიშნავს, „ანდარუნ“ კი - შიგთავსს, რაც მიეწერება სალამანდრას მითიურ თვისებას, რომ ის ცეცხლში არ იწვის. თვით სპარსულ ენაზე ამ მცოცავ არსებას „ოთაშხარ“ ჰქვია, რაც ცეცხლის შთანმთქმელს ნიშნავს. ამ „ცეცხლგამძლე“ ცხოველს, მის ირანულ ქვესახეობას, რომელიც ამ ქვეყნის ერთ მცირე - ლურისტანის - არეალში ბინადრობს, ინტერნეტმა შეუქმნა საფრთხე, ალბათ, მისი სილამაზის გამო. ირანული სალამანდრა მოზაიკასავითაა მორთული შავი და თეთრი ლაქებით, ზურგზე, კიდურებსა და მუცელზე კი მოწითალო ნარინჯისფერი ზოლები დასდევს. ბოლო ხანებში მისმა რიცხვმა მთელი 80 პროცენტით იკლო და ათასამდე შემცირდა. ამ კატასტროფის მიზეზი კი გაცხოველებული ვაჭრობააა, რაც ბოლო წლებში ინტერნეტის მეშვეობით გაფართოვდა. „ველური ბუნების საფრთხეში თუ განსაცდელში მყოფი სახეობებით ვაჭრობის საერთაშორისო კონვენციის“ მონაწილე 175 სახელმწიფო ახლა, ირანის თხოვნით, დაადგენს, რომ აიკრძალოს ირანული სალამანდრით ვაჭრობა. როგორც ითქვა,25 მარტს დასრულდა დოჰაში, კატარში ორგანიზაციის შეხვედრა. საფრთხეში მყოფი სახეობის მეთვალყურეობის სპეციალისტმა, კანადელმა ერნი კუპერმა ჩვენს რადიოს უთხრა, რომ ნაკლებად ცნობილი ამ სახეობის, ირანული სალამანდრის, შემთხვევა ტიპიური მაგალითია იმისა, თუ რა მოჰყვება ინტერნეტით ვაჭრობას:

„ამ ცხოველის ერთი ეგზემპლარი 200-300 დოლარი ღირს. უმეტესობას არა აქვს სურვილი ეს ფასი გადაიხადოს სალამანდრაში, მაგრამ ინტერნეტში ყოველთვის მოიძებნება მყიდველთა საკმარისი რაოდენობა, რომელსაც ამ თანხის გაღება შეუძლია. ასე რომ, ინტერნეტმა შექმნა ბაზარი, რომელმაც ამ სახეობის უკანონო განადგურება და მისი უკანონო ტრანსპორტირება გამოიწვია.“

2006 წელს ბუნების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის წითელ სიაში შევიდა ირანის დასავლეთში მდებარე ზარგოსის მთიანეთის სახეობები, როგორც ენდემური და როგორც საფრთხეში მყოფი.

ახლა, გამოძიების შედეგად, გაირკვა, რომ ათი საინტერნეტო გვერდი ვაჭრობდა ირანული სალამანდრით. ერთმა უკრაინულმა ფირმამ აღიარა, რომ ბუნებაში მოპოვებული სახეობის 200-ზე მეტ ეგზემპლარს ყიდიდა წელიწადში. ბუნების დამცველების ცნობით, მომხმარებელს ინტერნეტით ყოველთვის სთავაზობენ საფრთხეში მყოფ და დაცულ სახეობებს ან მათი სხეულის ნაწილებს. ინტერნეტის გზით მყიდველიც ხეირობს და გამყიდველიც. კუპერის თანახმად, ერთი ყველაზე დიდი საფრხე ამ დაცულ სახეობებს ინტერნეტმა შეუქმნა:

„ ინტერნეტი ყველასთვის უზარმაზარ ბაზარს ქმნის. მცირე საფასურით, სულ იოლად შეგიძლიათ გაავრცელოთ თქვენი საქონელი, კავშირი იქონიოთ ბაზართან, რომელსაც ასეული მილიონობით ადამიანი სტუმრობს. ამ ბაზარზე ძალიან, ძალიან იოლია მოძებნოთ ძვირფასი და განსაკუთრებული საქონელი.“

2008 წლის გამოკვლევით, მთელ მსოფლიოში სხვადასხვა აუქციონზე გაყიდული 7 ათასზე მეტი სახეობა გამოავლინეს. მათ შორის პირველ ადგილზე სპილოს ძვალი იყო, მასთან ერთად - იშვიათი ფრინველები, ასევე ვეფხვის ძვლის ნაყენი, რომელიც ენერგიის წყარო უნდა იყოს, ასევე თეთრი დათვის და ლეოპარდის ბეწვი.

ახლა დოჰაში შეკრებილმა ბუნების დამცველებმა მიიღეს რეზოლუცია, რომელიც წევრ ქვეყნებს, მათ მთავრობებს, სამართალდამცველ უწყებებს მოუწოდებს მიიღონ ზომები იმისათვის, რომ ინტერნეტში ასეთი პროდუქტით ვაჭრობა აღარ იყოს შესაძლებელი.

ჩვენი კორესპონდენტი ცხოველთა დახმარების საერთაშორისო ფონდის კამპანიის მენეჯერს პოლ ტოდს დაუკავშირდა დოჰაში. ტოდის თანახმად, იქ მიღებული დოკუმენტი ადასტურებს მონაწილეების საერთო მოსაზრებას, რომ ინტერნეტით ვაჭრობა თემაა, რომელსაც ყურადღების მიქცევა სჭირდება. მისი თქმით, არაერთ ქვეყანაში ცხოველთა დაცვის კანონმდებლობა ჯერ კიდევ მაშინაა შექმნილი, როცა ინტერნეტი ასეთ როლს ვერ თამაშობდა.

დოჰაში რამდენიმე საკითხმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. მათ შორის იყო კეთილშობილად წოდებული, წითელი და ვარდისფერი მარჯნით ვაჭრობა. მოწინააღმდეგეთა არგუმენტით, ზედმეტმა შეზღუდვებმა შეიძლება ავნოს მეთევზეებს ღარიბ ქვეყნებში. ასევე არ მიემხრნენ ზვიგენის ხუთი სახეობით, ატლანტის ოკეანის თინუსითა და თეთრი დათვის ბეწვითა და ძვლებით ვაჭრობის აკრძალვას.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG