Accessibility links

logo-print

ქართული კრიმინალური ქსელების აქტიურობა დასავლეთის რამდენიმე ქვეყანაში


გასულ კვირაში დასავლეთ ევროპის ქვეყნებში კრიმინალური დაჯგუფების წევრობაში ეჭვმიტანილი დაახლოებით 80 პირი დააპატიმრეს. მათი დიდი უმრავლესობა ეთნიკური ქართველია. ექსპერტების აზრით, ეს დაპატიმრებები ადასტურებს, რაოდენ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ყოფილი საბჭოთა ქვეყნების - განსაკუთრებით კი საქართველოს - წარმომადგენლები დასავლეთ ევროპის კრიმინალურ სამყაროში. ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც საპოლიციო სპეცოპერაცია განხორციელდა, ესპანეთია. ჩვენი რადიოს კორესპონდენტი, მაიკლ ჰირშმანი, ახლახან დაბრუნდა იქიდან რეპორტაჟით.

დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გასულ კვირაში განხორციელებული დაპატიმრებების ტალღამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა ფაქტი, რომელიც პოლიციისთვის ისედაც დიდი ხანია ცნობილია: ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან - განსაკუთრებით კი საქართველოდან - ჩასულმა იმიგრანტებმა დასავლეთის ქვეყნების კრიმინალურ სამყაროში მყარად მოიკიდეს ფეხი.

15 მარტს ევროპის 6 ქვეყანაში დაახლოებით 80 კრიმინალური დაჯგუფების წევრობაში ეჭვმიტანილი დააპატიმრეს. თავდაპირველად გავრცელდა ცნობები “რუსული მაფიის” შესახებ, თუმცა დაპატიმრებულებიდან თითქმის ყველა ეთნიკური ქართველია.

ყველაზე ბევრი - 25 ინდივიდი - ავსტრიაში დააპატიმრეს. ამ ქვეყნის პოლიციის განცხადებით, ვენაში საცხოვრებელი სახლების გაქურდვის შემთხვევების 30 პროცენტი სწორედ ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრებზე მოდის. ავსტრიაში დაპატიმრებულებიდან, სულ მცირე, 2 იქ თავშესაფარს ითხოვდა.

საერთაშორისო საპოლიციო ოპერაცია ესპანეთის პოლიციასა და პროკურორებთან იყო კოორდინირებული. ოპერაციას, რომლის კოდური სახელწოდება “ჯავა” იყო, წელიწადზე მეტხანს ამზადებდნენ.

ესპანეთში პოლიციამ თავდაპირველად, სულ მცირე, 21 ეჭვმიტანილი დააკავა. სამშაბათს სასამართლომ მათგან 18-ს პატიმრობა შეუფარდა.

დაჭერები განხორციელდა საფრანგეთში, იტალიაში, შვეიცარიასა და გერმანიაშიც.

დაპატიმრებულებს შორის კრიმინალური დაჯგუფებების, სულ მცირე, 2 ლიდერიც არის: ავსტრიაში - ზაალ მახარობლიძე და ესპანეთში - კახაბერ შუშანაშვილი.

როგორც ვარაუდობენ, ბარსელონაში მცხოვრები შუშანაშვილი საერთაშორისო მასშტაბით ცნობილი ბოროტმოქმედის, ზახარ კალაშოვისთვის უწევდა ოპერაციებს კოორდინირებას. კალაშოვიც საქართველოდან არის და ქართულ კრიმინალურ დაჯგუფებაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურას წარმოადგენს. ამჟამად ის ესპანეთის ციხეში იხდის სასჯელს.

ესპანეთის პოლიციას უნდოდა კახაბერ შუშანაშვილის ძმა, ლაშაც დაეპატიმრებინა, რომელიც საბერძნეთში იმყოფებოდა, მაგრამ მან პოლიციისგან გაქცევა შეძლო.

ესპანეთში გამომავალი გაზეთის, „აბეცეს“ ცნობით, შუშანაშვილი და მისი თანაშემწე კობა შერმაზაშვილი თესალონიკში იმყოფებოდნენ და პოლიციას იქ დაუსხლტნენ ხელიდან. ლაშა შუშანაშვილის ადგილსამყოფელი ამჟამად უცნობია.

ქართული მაფიის თემაზე გაზეთ „აბეცეს“ კორესპონდენტი პაბლო მუნიოსი მუშაობდა, რომელმაც ქართული კრიმინალური ჯგუფის მოქმედებებზე ჩვენს რადიოსაც მოუთხრო:

“ქართულმა მაფიამ ესპანეთში მოიკიდა ფეხი. მისი ლიდერები ამ ქვეყანას იყენებენ ერთგვარ ბაზად, საიდანაც დანარჩენ ევროპაში განსახორციელებელ ოპერაციებს გეგმავენ. აქ, უბრალოდ, ბრძანებებს გასცემენ და ფულს ათეთრებენ.”

ქართული მაფიის წევრთა ცხოვრების სტილს ესპანელი ჟურნალისტი ასე აღწერს:

“მათ აშკარად ძალიან დიდი შემოსავალი ჰქონდათ და მათი ცხოვრების სტილი არ ესადაგებოდა იმ სამსახურებს, სადაც ღიად მუშაობდნენ. მაგალითად, ერთ-ერთი პირი, რომელსაც ქართულ კრიმინალურ ჯგუფთან ჰქონდა კავშირი, ელექტრიკოსი იყო. ხელფასზე მცხოვრებ ელექტრიკოსს გაუჭირდება 600 ევროს ღირებულების ფეხსაცმელები ეცვას ან გარაჟში ფეშენებელური მერსედესი ეყენოს. ასეთი სამსახურის მქონე პირს არანაირი ლოგიკით არ უნდა ჰყავდეს ასეთი მანქანა.”

თავდაპირველად, როცა დაპატიმრებების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, დასავლეთ ევროპის გაზეთები “რუსული მაფიის” წინააღმდეგ განხორციელებულ მორიგ ოპერაციაზე წერდნენ, მაგრამ ძალიან მალე გაირკვა, რომ კრიმინალურ ჯგუფს, სინამდვილეში, ეთნიკური ქართველები შეადგენდნენ. თუმცა, როგორც ბევრი ექსპერტი აცხადებს, რუსულ და ქართულ კრიმინალურ ქსელებს შორის მჭიდრო კონტაქტები არსებობს. ამას ძმები შუშანაშვილების მაგალითიც ადასტურებს.

კრიმინალური სამყაროს ქართველ ექსპერტს, გიორგი ღლონტს, არ აოცებს ის ფაქტი, რომ ქართველები, სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების მცხოვრებთა მსგავსად, დასავლეთში ორგანიზებული დანაშაულის წრეებში ჩაერთვნენ და მნიშვნელოვან გავლენასაც მიაღწიეს.

“იმ ხალხის უმეტესობა, რომელიც დასავლეთის ქვეყნებში ჩადის, ადგილობრივ ენებზე არ ლაპარაკობს და სამსახურის შოვნა მათთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. ზოგიერთი მათგანი, სამწუხაროდ, კრიმინალურ საქმიანობაში მონაწილეობს“, - უთხრა ღლონტმა ჩვენს რადიოს და დასძინა: „მე კრიმინალური წარსულის მქონე ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ, რომლებიც საქართველოს - ან რუსეთს - ეკონომიკური სიტუაციის გამო ტოვებს. ამ მხრივ, ვითარება ჩემს ქვეყანაში კარგი არ არის. ევროპაში კი უკეთესი სიტუაციაა. ამიტომაც ისინი უფრო მდიდარ ქვეყანაში მოხვედრას ცდილობენ და კრიმინალურ ქმედებებს უკვე ევროპაში ახორციელებენ.”

დაპატიმრებების ტალღა ფართოდ გაშუქდა დასავლეთის პრესაში. ესპანეთის გაზეთ „აბეცეს“ გარდა, მას ვრცელი სტატია მიუძღვნა ავსტრიაში გამომავალმა „პრესემ“. წერილში, რომლის სახელწოდებაა „კანონიერი ქურდები“, მოყვანილი იყო ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, მარია ფექტერის, სიტყვები, რომ არა მხოლოდ დიდი დარტყმა მიაყენეს ქართულ ორგანიზებულ დამნაშავეობას, არამედ განადგურებული იქნა მაფიოზური სტრუქტურა მის მწვერვალამდე. სტატიაში დეტალურად იყო განხილული ქართული ორგანიზებული დანაშაულის ქსელის იერარქია, სტრუქტურა; განხილული იყო ე.წ. „კანონიერი ქურდების“ ფენომენი და ასევე ეწერა, რომ „ქართული ორგანიზებული დამნაშავეობა“ ფირმასავით მოქმედებს. გაზეთი ამას იმ გარემოებაზე დაყრდნობით წერდა, რომ უმაღლეს და მეორე რანგს შორის ჩართულია მაკონტროლებელი შრე, ეგრეთ წოდებული „მაყურებელი“, რომელიც კანონიერი ქურდების მოქმედებას ზუსტად უწევს მეთვალყურეობას, იცავენ თუ არა ისინი საერთო ინტერესებს.

ბევრის აზრით, დაპატიმრებების ტალღა და მისი პრესაში ასე ფართოდ გაშუქება კიდევ უფრო გააძლიერებს ნეგატიურ სტერეოტიპებს, რასთან შეჯახებაც აღმოსავლეთიდან ჩასულ იმიგრანტებს ისედაც უწევთ დასავლეთში. ესპანეთში, მაგალითად, იმიგრანტები მოსახლეობის 12 პროცენტს შეადგენენ და მათი ერთი მესამედი აღმოსავლეთ ევროპაზე მოდის. ცხადია, რომ საქართველოს წარმომადგენლებს ეს განსაკუთრებული სიმწვავით შეეხება - გაძლიერდება სტერეოტიპი და უფრო გახშირდება მათი ორგანიზებულ დანაშაულთან ასოცირების ტენდენცია.

ამ გარემოებას ადასტურებს ესპანელი ადვოკატი სესარ უტრერა:

“ეს ამბავი დადებითად არ აისახება ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ჩამოსული იმიგრანტების რეპუტაციაზე, თუმცა, ამავე დროს, არც იმ გავლენის გაზვიადება ღირს, რომელსაც ეს დაპატიმრებები მოახდენს. მაგრამ ერთი კი ფაქტია: ქართველების ამ ჯგუფის შესახებ ინფორმაცია უთუოდ გააძლიერებს სტერეოტიპს, რომელსაც შემდეგ აღმოსავლეთიდან ჩამოსულ ყველა პირს დაუკავშირებენ. ამდენად, ამას აშკარად ახლავს თან უარყიფითი განზომილება”, - ამბობს ადვოკატი.

თუმცა ამას სხვები გაზვიადებად მიიჩნევენ. სანტანდერის ქალაქის საბჭოს წარმომადგენელი, კარმენ მარტინ ნუნესი, რომელსაც ბევრი აქვს ნამუშევარი იმიგრაციის საკითხებზე, უარყოფს კლიშეს, რომელიც აღმოსავლეთ ევროპელ იმიგრანტებს ავტომატურად აკავშირებს კრიმინალთან:

“ყველანი ადამიანები არიან. საქმე ჯგუფებს არ ეხება. ისინი აქ ჯგუფებად არ ჩამოსულან, ცალ-ცალკე ჩამოვიდნენ. და ყოველ მათგანს თან ჩამოაქვს ოცნება მუშაობის და აქ ცხოვრების აწყობის თაობაზე. რასაკვირველია, მათ შორის კრიმინალებიც არიან. ეს ესპანელებშიც ასეა. მაგრამ მხოლოდ იმის გამო, რომ ესპანელი კრიმინალებიც არსებობენ, ყველა ესპანელს კრიმინალს არავინ უწოდებს.“
XS
SM
MD
LG