Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთის პრესის მიმოხილვა


დღეს უცხოეთის პრესის მიმოხილვა მთლიანად საერთაშორისო საკითხებს მიეძღვნება. გაგაცნობთ დასავლეთის გაზეთებში გამოქვეყნებულ წერილებს, რომლებიც ეხებოდა ბარაკ ობამას რეფორმას ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, ასევე ევროპის ქვეყნების მცდელობას, დაეხმარონ ფინანსურად განსაცდელში მყოფ საბერძნეთს და სხვა თემებს.

ჯანმრთელობის დაცვის სფეროში რეფორმა დიდი პოლიტიკური წარმატებაა, წერს მიუნხენში გამომავალი „ზიუდდოიჩე ცაიტუნგი“. ამ წარმატებამ ობამა დემოკრატთა ბანაკში დააბრუნა და მის რიტორიკულ უნარს მყარი საფუძველი შესძინა. ბევრი ამერიკელი უარყოფს, რომ სახელმწიფო მათ აიძულებს კერძო ეკონომიკური დაზღვევა იქონიონ, მაგრამ ობამას მიზანსწრაფულობა მათში გარკვეული დროით პატივისცემას გამოიწვევს. პრეზიდენტმა გაიტანა სოციალური რეფორმა, რომლის გამოც მან მადლობა შეიძლება იმიტომაც მიიღოს,რომ ვინც ამით ისარგებლებს, მათი უმეტესობა არჩევნებზე არც კი მიდის. იმიტომაც იმსახურებს ის აღიარებას, რომ ამ საშიშროებას გვერდი არ აუარა, წერს „ზიუდდოიჩე ცაიტუნგი“. გერმანულივე „ფრანკფურტერ ალგემაინე“ ამავე თემაზე მკითხველს უზიარებს მოსაზრებას, რომ დემოკრატები შემოდგომაზე, კონგრესის არჩევნების დროს, გადაიხდიან ამის საფასურს, რის დაბრუნებაც პრეზიდენტს ნელ-ნელა მოუწევს. საქმე ისაა, რომ, ფრანკფურტში გამომავალი ყოველღიური გაზეთის თანახმად, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში რეფორმა ამერიკელთა შორის არ არის პოპულარული. ის დასაქმებულებს, სამუშაოს მიმცემთ და გადამხდელებს, ალბათ, ძვირი დაუჯდებათ. გაზეთის აზრით, ობამა ძალაუფლების პოლიტიკოსია, რომელმაც საბურველი, რომ ვაშინგტონში ახალი სტილით მართვა იწყება, ჩამოისხნა და თავისი პრეზიდენტობის უმთავრესი მიზანი ისეთი საშუალებებით გაიტანა, რომლებსაც თვითონვე უარყოფითად აფასებდა საარჩევნო კამპანიის დროს, როგორც ამერიკული დემოკრატიისთვის მიუღებელს.

„ფაინენშელ ტაიმსი“ წერს, რომ სოციალური რეფორმის გატარებასთან დაკავშირებით, რასაც რუზველტიდან კლინტონამდე თაობები თავს არიდებდნენ, ობამას შეუძლია თქვას, რომ ეს, მართლაც, ისტორიული მიღწევაა. ამით მან თავისი იმიჯი, როგორც სუსტი პრეზიდენტისა, რომელსაც საქმის ბოლომდე მიყვანა არ შეუძლია, შეცვალა, წერს ფაინენშელ ტაიმსი“.

„უოლ სტრიტ ჯორნალი“ საინტერნეტო სისტემის, „გუგლის“, ჩინეთის ბაზრიდან გასვლას უძღვნის სტატიას. „გუგლმა“ აღარ ისურვა ჩინეთში მუშაობა, რადგან მისი ინფორმაცია იფილტრებოდა, ცენზურას განიცდიდა. „უოლ სტრიტ ჯორნალის“ თანახმად, ჩინეთში ინტერნეტის თავისუფლების შეზღუდვის გამო უცხოური მედიასაშუალებები, რომლებიც იქ საქმიანობენ, კომპრომისზე წავიდნენ. არ არის მოულოდნელი, რომ ავტორიტარული მთავრობა, წერს გაზეთი, ინფორმაციის თავისუფლად მიწოდებას ხელს უშლის. ამ ვითარებაში ფასეულობათა შენარჩუნება, აქციების მფლობელთა მოგებასა და ინტერნეტის ჩინელ მომხმარებლებს შორის წონასწორობის შენარჩუნება არაა იოლი. ამდენად, წერს „უოლ სტრიტ ჯორნალი“, მით უფრო შთამბეჭდავია, რომ „გუგლი“ ავლენდა ძლიერ ინსტინქტს და შეფასების უნარს ჩინეთში გადადგმული ყოველი ნაბიჯის დროს. და მით უფრო საგანგაშოა, რომ ბოლოს „გუგლმა“ გადაწყვიტა, რომ სხვა არჩევანი არ აქვს გარდა იმისა, რომ უარი თქვას ჩინურენოვანი სამსახურის შეთავაზებაზე საკუთრივ ჩინეთში მყოფი მომხმარებლებისთვის. გაგაცნობთ ერთ ფრაგმენტს გერმანიაში გამომავალი „ფრანკფურტერ რუნდშაუდან“ „გუგლის“ შესახებ. ცოდნა ადამიანის უფლებაა, რომელსაც ჩინეთის მთავრობა თავის ხალხს ართმევს, წერს გაზეთი. სწორედ ეს განსაზღვრავს „გუგლის“ გადაწყვეტილებას, აღარ შეეგუოს პეკინის ცენზურას. გაბედული ნაბიჯია, რითაც „გუგლი“ ჩინეთში თავის ბიზნესს სასწორზე დებს. ასეთი რამ არც ერთ კონცერნს დღემდე არ გაუკეთებია. მაგრამ, განაგრძობს „ფრანკფურტერ რუნდშაუ“, ცოდნა მხოლოდ ძალა და ადამიანის უფლება არაა, ის საქონელიცაა, და არც ერთი კომპანია არ იღებს იმდენ მოგებას ამ პროდუქტით ვაჭრობიდან, რამდენსაც „გუგლი“. ეკონომიკური თვალსაზრისით, ჩინეთის ცენზორებთან ბრძოლა მორალური გმირობა კი არა, გონივრული გადაწყვეტილებაა. „გუგლის“ ოთხწლიანი ყოფნა ჩინეთში არაა წარმატებული პერიოდი. წელიწადში 200 მილიონი დოლარის ოდენობის შემოსავალი წარმოადგენს „გუგლის“ საერთო მიმოქცევის, 22 მილიარდის ერთ პროცენტზე ნაკლებს. ამასთან, გაზეთის ცნობით, საბაზრო წილის მესამედით, „გუგლი“ ჩინეთში მხოლოდ მეორე ადგილზეა სახელმწიფო მხარდაჭერით მოქმედი კონკურენტის, „ბაიდუს“, შემდეგ, იუწყება „ფრანკფურტერ რუნდშაუ“.

ბრიტანეთის „გარდიანი“ ევროკავშირის საზრუნავზე, საბერძნეთის საფინანსო კრიზისზე, და ამასთან დაკავშირებით ევროს ზონის დიდი ქვეყნების პოლიტიკის გარშემო წერს. ევროპის კავშირის სამიტზე საბერძნეთი მეტად დომინირებდა დღის წესრიგში, ვიდრე ეს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს სურდა, ფიქრობს სტატიის ავტორი. ამ კვირაში მან ცივი წყალი გადაასხა იდეას, რომ საბერძნეთს მისი ვალების გამო შექმნილი პრობლემების მოგვარებაში არა გერმანია და ევროკავშირის სხვა წევრები, არამედ საერთაშორისო სავალუტო ფონდი უნდა დაეხმაროს. საბერძნეთმა საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვის მკვეთრი შემცირება გადაწყვიტა, მაგრამ ეს გერმანელებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, მიიჩნევს ბრიტანული გაზეთი. პრობლემას ეხმიანება საკუთრივ გერმანული პრესა. „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგის“ თანახმად, გერმანიისთვის ეს საკითხი „ევროპული პოლიტიკის დილემაა. ერთი მხრივ, წერს გაზეთი, კანცლერმა და მისმა ფინანსთა მინისტრმა იციან, რომ ევროპის კავშირის წევრი, საბერძნეთი, არ შეიძლება გადახდის უუნარობაში ჩაიძიროს. რადგან შედეგები ფატალური იქნება. მეორე მხრივ, ორივემ უნდა გაითვალისწინოს გერმანიაში გაბატონებული განწყობილება, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში ერთი წინადადებით გამოიხატება: „ბერძნები საკუთარ თავს თვითონ უნდა დაეხმარონ“. გაზეთის თანახმად, ბრიუსელში, სამიტზე გამოსვლისას, თავისი მთავრობის განცხადებაში გერმანიის კანცლერი თავისებურად ცდილობდა ამ პოპულიზმის დაძლევას. მერკელის გაფრთხილება, რომ ევროს სივრცეში არ შეიძლება თვალთმაქცურად მოქმედება, გარეგნულად სხვა ქვეყნებისკენ იყო მიმართული, მაგრამ, სინამდვილეში, გერმანიის საზოგადოებას ეხებოდა, ფიქრობს „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი“.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG