Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯარი, ჯარისკაცები, თავგანწირვა და რეორგანიზაცია


ქართული არმიის გაძლიერებული ბატალიონი ორიოდე კვირაში ექვსთვიანი ვადით ავღანეთში, ჰილმენდის პროვინციაში, მიემგზავრება, არმიის ძირითადი შემადგენლობა კი გეგმიური წვრთნებისთვის ემზადება. თუმცა შეიარაღებული ძალების რთულ და მძიმე სამსახურს ფარავს ბოლო დროის რამდენიმე უსიამოვნო მოვლენა თუ ფაქტი, რომელიც კიდევ უფრო დაამძიმა ტელეკომპანია „იმედის“ გახმაურებულმა სიუჟეტმა.

რა ვიცით ჩვენ საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ და როგორ აისახება ჩვენს წარმოდგენაში სამხედრო სამსახური?

ძალიან მარტივად, ეს არის სახელმწიფო სამსახურის ყველაზე რთული ფორმა, რომლის ჯამური შედეგი არის თითოეული ჩვენგანის სიმშვიდე და ქვეყნის კეთილდღეობა. რაც უფრო ბევრი საფრთხე დგას ქვეყნის წინაშე, სამხედრო სამსახურიც უფრო მძიმეა. თუ ქვეყანა ოკუპირებულია ან ოკუპაციის საფრთხე ემუქრება, ჯარისკაცობა კიდევ უფრო მძიმეა, რადგან მოითხოვს ნერვებისა და ძალის განსაკუთრებულ დაძაბვას, ოჯახიდან ხანგრძლივი დროით მოწყვეტას და ბევრი რამის მოკლებას. ჯარისკაცი თითქმის ყოველდღე უყურებს თვალებში იმას, რის გახსენებაზეც ჩვენ ტანში გვზარავს - ესაა სიკვდილი. სიკვდილი იმალება იარაღში, რომელსაც სამხედრო ატარებს, სიკვდილი იმალება საბრძოლო მასრებში, რომლებიც სამხედროს წელზე აქვს შემორტყმული, სიკვდილი იმალება პოლიგონზე, სადაც ჯარისკაცები სწავლობენ მიზანში სროლას, სწავლობენ სხვის მოკვლას, სამშობლოს სახელით. კაპრალი სოსო ჟვანია 23 მარტს გონიოში (აჭარა), პოლიგონზე დაიღუპა ბრმა ტყვიით, როგორც სამხედროები უწოდებენ ხოლმე გაუფრთხილებლობით გამოწვეულ სიკვდილს. უმძიმესი დანაკლისია. სამხედრო ქვედანაყოფი, სადაც ასეთი ტრაგედია ხდება, დიდ ხანს ვერ გამოდის ხოლმე მდგომარეობიდან. მაგრამ საოცარი იყო ის სიტყვები, რომლითაც გადმოსცა ეს ტრაგედია თავად გარდაცვლილი ჯარისკაცის ჭირისუფალმა:

”ის ვიცი მხოლოდ და მხოლოდ, რომ ვარჯიშზე იყვნენ წასულებიო და თავისივე ნასროლი ტყვია უკან შემოუბრუნდაო. მხოლოდ ეს ვიცი. ექსპერტიზა დაადგენს, ალბათ, რა მოხდა და როგორ იყო.”

მაგრამ სამხედროები ყოველთვის როდი იღუპებიან ბრძოლის ველზე ან პოლიგონზე გაუფრთხილებელი გასროლით. მათ ზოგჯერ კლავენ საკუთარი თანამოქალაქეები, რომელთა დასაცავადაც სამხედროს უბრძოლია სამშობლოში და მის ფარგლებს გარეთაც. კლავენ სიტყვით და კლავენ ცივი იარაღით.

„კომანდოს“ სპეცდანიშნულების ბატალიონის ყოფილი მებრძოლი, ერაყის სამშვიდობო ოპერაციისა და ცხინვალთან 2008 წლის აგვისტოს ომების მონაწილე გოგიტა ხოსიტაშვილი მისმა თანამემულემ, პირტიტველა ბიჭმა, 25 მარტს მეტროსადგურ „ახმეტელთან“ დანით მოკლა. როგორც თვითმხილველები აღწერდნენ, ყოფილი სამხედრო, რომელიც სამოქალაქო ცხოვრებას სულ რამდენიმე თვის წინ დაუბრუნდა, გამოესარჩლა ვაშლის გამყიდველ ქალს, რომელსაც მკვლელმა ვაშლის დახლი გადაუყირავა:

„ სასწრაფომაც ვერ მოუსწრო ცოცხალს. გადაუყირავეს [დახლი], ძველი ვაშლი გაატანეს თუ რაღაც შარი მოუდეს, როგორც მე გავიგე. გამოსარჩლებია მერე [ამ ქალს] ერთი ვიღაცა, არც ვიცი ვინ არი, დაურტყიათ დანა და მოუკლავთ.“

არა, საქართველომ ჯერ კიდევ ვერ ისწავლა სამხედროების მოვლა ვერც ყაზარმებში და ვერ ყაზარმების გარეთ.

კი, ბევრი გაკეთდა იმისათვის, რომ სამხედრო მოსამსახურეებს ჰქონდეთ მაღალი ხელფასი, ნორმალური სამოსი და კვება, კარგი პირობები ყაზარმებში, იაფფასიანი კრედიტი ბინისა თუ ავტომანქანის შესაძენად. მაგრამ განა მარტო ესაა საკმარისი, რომ ფორმიანმა ადამიანმა გულიანად აკეთოს მასზე დაკისრებული ურთულესი საქმე?

ავიღოთ თუნდაც ყბადაღებული „რეორგანიზაცია“, რაც 6 წელია გრძელდება და რეფორმებად ინათლება ყველა ახალი მინისტრის დროს. სინამდვილეში ეს არის ექსპერიმენტი, ერთგვარი პარტიულ-პოლიტიკური თამაში, როდესაც აუქმებენ მთელ სამსახურებს, სამმართველოებს, ბოლო ხანს კი ჯარის სახეობებსაც და კადრების განკარგულებაში გაჰყავთ ასობით ოფიცერი და სამოქალაქო პირი. გადის ერთი, ორი თვე და პრესაში ხმაური როგორც კი მიწყნარდება, სამხედრო მოსამსახურეთა უმრავლესობა აღარ აჰყავთ ხოლმე სამსახურში, ხოლო ვისაც აბრუნებენ, მათ სთავაზობენ შტატს გაცილებით დაბალი ხელფასით და დაბალ თანამდებობებზე. აი, ახლაც მთელი სამხედრო-საჰაერო ძალები, 2000 კაცზე მეტი, იმის მოლოდინშია, თუ რით დასრულდება ჯარის ამ სახეობის შეყვანა სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში. ექსპერტებმა, რომლებიც გასულ კვირაში შეხვდნენ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას, ვერ მიიღეს მკაფიო პასუხი, თუ რა თავდაცვით მიზანს ემსახურება ორი სხვადასხვა სახეობის ერთ შტაბში გაერთიანება. არათუ ექსპერტები, არამედ თავად არარადიკალური ოპოზიციის წევრი, ზომიერზე ზომიერი პარლამენტარი ნიკა ლალიაშვილიც კი დარწმუნებულია, რომ მთელი ეს რეორგანიზაცია სხვა არაფერია, თუ არა საკადრო შემცირება და უმუშევარ სამხედროთა რიგების გაზრდა:

„და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მაშინ როცა ქვეყანა ძირითად ორიენტირად იღებს სამუშაო ადგილების შექმნას, ჩვენ პრაქტიკულად ამ სამუშაო ადგილებს ვკარგავთ და ადამიანებს ვუსპობთ სამუშაოს. და, თანაც, ლაპარაკი არ არის ჩვეულებრივ ადამიანებზე. მე თავად სახმელეთო ჯარების ყოფილი წარმომადგენელი ვარ, მაგრამ, არავის ეწყინოს, ფაქტია, რომ ყველა არმიაში ელიტა გახლავთ სწორედ საჰაერო ძალები.“

უმუშევრად დარჩენაზე უფრო საშიში საპენსიო ასაკს ჯერ კიდევ არმიღწეული პროფესიონალი სამხედროსათვის მხოლოდ მტრის ტყვიაა. ეს ნიშნავს, რომ აღარავის სჭირდები, რომ ფუჭი ყოფილა იდეალები, რომელსაც მთელი გულით ემსახურებოდი. და ამ მძიმე განცდებში რომ ხარ და არ იცი, თუ როდის მოაკაკუნებს შენს კარებზე კადრების სამსახურის წარმომადგენელი სამსახურიდან გათავისუფლების ფურცლით, უცებ მშობლიური ტელეარხიდან, იმედთან რომ ასოცირდება, ჩაგესმის სიტყვები, რომელიც უკანასკნელ იმედებს გისპობს:

„და უახლესი ინფორმაცია, რომელიც ე.წ. სახალხო მთავრობამ მოგვაწოდა: საქართველოს სხვადასხვა სამხედრო ბაზებიდან თბილისისკენ მომავალ საქართველოს შეიარაღებული ძალების და მძიმე ტექნიკის კოლონიას სამი ბატალიონი გამოეყო. მათ უარი განაცხადეს თბილისში სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის დასაცავად ჩამოსვლაზე.“

13 მარტის კარგად მოდელირებული და მაღალ კაბინეტებში ვიზირებული „ქრონიკა“ გარწმუნებს, რომ ჯარში მოღალატეების ძიების პროცესი ჯერ კიდევ არ დამთავრებულა. ამიტომ აღარც დაძაბული ტელეწამყვანის „კოლონია“ გეჩვენება წამოცდელინად. კოლონიებში, ქართულ კოლონიებში, ბევრი ქართველი სამხედრო იხდის სასჯელს ომის დროს დეზერტირობისა და ომის შემდგომ ამბოხში მონაწილეობისათვის. ასეთ სტრესულ ვითარებაში კი არმიის რიგებში დარჩენა აზრს კარგავს და უკვე სიხარულით ელოდები, როდის დაიწყება რეორგანიზაციის პროცესი, გარდაუვალი გადაწყვეტილებით: „გაყვანილია კადრების განკარგულებაში.“
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG