Accessibility links

logo-print

ქართული დემოკრატიის შეფასების, პენტაგონის ახალი გეგმისა და კრემლის უკანონობის გაგრძელების კვირა


კვირა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრების სტუმრობით დაიწყო. მატიაშ ეორში და კასტრიოტ ისლამი თბილისს 3-დღიანი ვიზიტით 22 მარტს ესტუმრნენ და ქვეყანაში რეფორმების მიმდინარეობისა და ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეფასებას შეუდგნენ. ვიზიტის მიზნები ჟურნალისტებთან საუბრისას მატიაშ ეორშიმ დააკონკრეტა:

მატიას იორში
”რუსეთთან ომის შემდეგ ჩვენ საქართველოში რამდენჯერმე ვიმყოფებოდით, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აქ ვართ არა ომზე, არამედ მონიტორინგის საკითხებზე სასაუბროდ. დღის წესრიგში რამდენიმე საკითხი დგას: საკონსტიტუციო რეფორმები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ეთნიკური უმცირესობები. საპარლამენტო ასამბლეას თავისი წესები აქვს და მუნიციპალურ არჩევნებს არ აკვირდება. სამაგიეროდ, არჩევნებს აკვირდებიან ეუთო და სხვა დამკვირვებლები. არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარება აუცილებელია. ვფიქრობ, გაზაფხულის არჩევნები ადრე ჩატარებულ ყველა არჩევნებზე უკეთესიც კი იქნება.”

მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ”უკეთესად”, ანუ უფრო დემოკრატიულად და უფრო სამართლიანად ჩატარების აუცილებლობა ერთ-ერთ უმთავრეს საკითხად განიხილებოდა ყველა იმ შეხვედრაზე, რომლებიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებმა თბილისში 22-24 მარტს გამართეს. მათ შორის იყო შეხვედრები ხელისუფლებისა თუ მე-3 სექტორის წარმომადგენლებთან, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლებთან და ასევე არასაპარლამეტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ამ შეხვედრაში მონაწილეობდა გაერთიანების ”ალიანსი საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია:

”ლაპარაკი მიეძღვნა წინასაარჩევნო ვითარებას ჩვენს ქვეყანაში, საარჩევნო სისტემაში არსებულ ნაკლოვანებებს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ნათლად გაირკვა, რომ აუცილებლად მათი მხრიდანაც იქნება გაკეთებული განცხადებები და კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება იმისთვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რომ მათი ხმა იქნება კონფიდენციალური, მათი ხმა იქნება დაცული და საერთაშორისო თანამეგობრობა სწორედ ამ გზით ივლის არჩევნებამდე და დაიწყება ძალიან სერიოზული მონიტორინგი არჩევნების პროცესის.”

ალასანიას გარდა, ევროპელ სტუმრებთან მსჯელობის საშუალება 22 მარტს მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ლევან გაჩეჩილაძესაც მიეცა. ის დარწმუნებულია, რომ ”დღევანდელ საარჩევნო გარემოში კონკრეტული გამარჯვების რეალიზება შეუძლებელია”:

ლევან გაჩეჩილაძე
”დღეს უკვე გაყალბებულია არჩევნები და დადასტურდება ეს გამარჯვების დღეს. ძალიან ბევრი მიზეზის გამო: სიების გამო, სასამართლოს გამო, ტელევიზიების კონტროლის გამო.”

საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ მატიაშ ეორში და კასტრიოტ ისლამი სპეციალურ მოხსენებას მოამზადებენ. შემდეგ კი - კერძოდ, 11-13 აპრილს - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია თბილისს ისევ ესტუმრება და ამჯერად უკვე რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციების შესრულება-არშესრულება შეფასდება. ამ საკითხის განხილვას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საგაზაფხულო სესიაზე, აპრილის ბოლოს, უნდა დაუბრუნდეს.

ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მნიშვნელობას საგანგებოდ გაუსვა ხაზი ნატოს გენერალურმა მდივანმა 25 მარტს, ბრიუსელში ვიზიტად მყოფ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. ანდერს ფოგ რასმუსენი შეახსენებს საქართველოს, რომ ალიანსისა და საქართველოს ურთიერთობების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძველს სწორედ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება წარმოადგენს:

”ვიმედოვნებთ, რომ ვიხილავთ საარჩევნო და კონსტიტუციური აუცილებელი რეფორმების განხორციელებას იმ ვალდებულებების შესაბამისად, რომლებიც საქართველომ ყოველწლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში უნდა შეასრულოს. ამ კუთხით, მიმდინარე წლის მაისის ადგილობრივი არჩევნები მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება. ”

ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამას, ისევე როგორც აგვისტოს ომის შემდეგ საგანგებოდ ამოქმედებულ ნატო-საქართველოს კომისიას, ანდერს ფოგ რასმუსენი იმ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტად მიიჩნევს, რომელმაც საქართველო ნატოს წევრობისთვის უნდა მოამზადოს. მთავარია, რომ საქართველომ სწორად გამოიყენოს ეს ინსტრუმენტები.

შეკითხვაზე, როდის გაწევრიანდება საქართველო ნატოში, ჯერჯერობით პასუხი არ არსებობს. საქართველოს პრეზიდენტი ამ ეტაპზე კონკრეტული თარიღის დაზუსტებას მიზანშეწონილად არც მიიჩნევს, თუმცა ვარაუდობს, რომ ამ მიზნის მიღწევაში ქვეყანას ხელს ვერც ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა შეუშლის:

”ვფიქრობ, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ესა თუ ის დანაწევრებული ქვეყანა ნატოს წევრი მაინც გახდა. მე ვიმედოვნებ, რომ დანაწევრების პრობლემას ჩვენ მანამდეც გადავლახავთ... და ვფიქრობ, რომ ყველაფერი ეს ბევრად უფრო სწრაფად მოხდება, ვიდრე ეს რომელიმე ჩვენგანს წარმოუდგენია. მაგრამ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ და ჩვენი საქმე არ არის, ვიმარჩიელოთ - ზუსტად რომელ რიცხვში მოხდება ეს. ზოგი იმასაც ამბობს, რომ 2012-ში აღარ იარსებებს მსოფლიო, ნატოს ჩათვლით... მაგრამ ჩვენ ამის მაინცდამაინც არ გვჯერა. ”

25 მარტს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა, თავის მხრივ, საქართველოს ურჩია, სეპარატისტულ რეგიონებთან მიმართებით ხელი შეუწყოს ეკონომიკური განვითარებისა და ხალხთა შორის ურთიერთობის დამყარების პროცესებს. ანდერს ფოგ რასმუსენმა აღნიშნა ისიც, რომ ნატოს მოკავშირეები მტკიცედ დგანან საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად არაღიარების პოზიციაზე და რომ ალიანსი კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. გაისმა ასევე მისი მოწოდება რუსეთის მისამართით, რომ მოსკოვმა ”შეასრულოს საქართველოსთან დაკავშირებული ვალდებულებები... კერძოდ, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიანი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და ასევე შეუშვას საერთაშორისო მეთვალყურეები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.”

ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ავღანეთის სამშვიდობო მისიაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის საქართველომ ალიანსის გენერალური მდივნისგან კიდევ ერთი დიდი მადლობა მიიღო. მიხეილ სააკაშვილმა კი აღნიშნა, რომ პატარა საქართველოსთვის ”დიდი ფუფუნებაა” ათასამდე ჯარისკაცის ავღანეთში გაგზავნა, მაგრამ ქვეყანა სათანადოდ აცნობიერებს ამ ნაბიჯის მნიშვნელობას. აქვე კიდევ ერთხელ გახმოვანდა შეთავაზება, რომელიც ”საქართველოში ავღანელი პოლიციელების მომზადებასა” და საქართველოს ტერიტორიის სატრანზიტო ტერიტორიად გამოყენებას უკავშირდება.

მიმდინარე კვირაში საქართველო იმ 6 ქვეყნის სიაში დასახელდა, რომლებიც მიიღებენ შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებას სამხედრო ძალების შესაძლებლობების გასაძლიერებლად. თავის მხრივ, საქართველომ, ხორვატიამ, უნგრეთმა, ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა მონაწილეობა უნდა მიიღონ ამერიკის მიერ ავღანეთში წარმოებულ კამპანიაში. საერთო ანგარიშით, საუბარია 350 მილიონ დოლარზე, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ გადანაწილდება ეს თანხა სამიზნე ქვეყნებს შორის. პენტაგონის წარმომადგენლის, ბრაიან ვიტმენის მიერ 26 მარტს გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დამატებითი დაფინანსება წაადგება 6 ქვეყნის მომზადებას სტაბილიზაციის უზრუნველმყოფი ოპერაციებისთვის, ამერიკელების მხარდამხარ, ავღანეთში. ექსპერტთა შეფასებით, პენტაგონის ამგვარი გადაწყვეტილება, განსაკუთრებით საქართველოსთან მიმართებით, რუსეთს საკმაოდ გააღიზიანებს, თუმცა პენტაგონის ხელმძღვანელი პირების განცხადებით, საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობასთან დაკავშირებით ამერიკის მხარემ კონსულტაციები უკვე გამართა რუსეთთან.

ვიდრე გადავხედავდეთ ამ კვირის რამდენიმე მოვლენას, რომლებიც რუსეთის მიერ აგვისტოს ომის შედეგების დაკანონების მცდელობას უკავშირდება, მოკლედ ვთქვათ, რომ მიმდინარე კვირაში საქართველოში გუანტანამოს ამერიკული ციხის სამი ყოფილი პატიმარი ჩამოიყვანეს, თუმცა მათი ვინაობა გასაიდუმლოებულია, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებების გამო. ხელისუფლებამ განმარტა მხოლოდ, რომ ისინი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნის მოქალაქეები არიან და საშიშ დამნაშავეებად არ მიიჩნევიან. ითქვა ისიც, რომ ჩამოყვანილი პირები საქართველოში ჩვეულებრივად, გისოსებს გარეთ იცხოვრებენ. შეკითხვაზე - არის თუ არა ეს სახიფათო საქართველოსთვის, ექსპერტთა უმრავლესობას უარყოფითი პასუხი აქვს.

ახლა დავუბრუნდეთ რუსეთის მიერ მიმდინარე კვირაში საქართველოსთან მიმართებით გადადგმულ კიდევ რამდენიმე უკანონო ნაბიჯს. 26 მარტს რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებთან “საზღვრების ერთობლივი დაცვის” შეთანხმებების რატიფიცირება მოახდინა. ამ წინადადებით რუსეთის დუმას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა მიმართა.

შეთანხმების მიხედვით, თავ-თავიანთ ე.წ. სახელმწიფო საზღვრებზე რუსეთის უფლებამოსილებას ორივე დე ფაქტო რესპუბლიკა აღიარებს. დოკუმენტი უფლებას აძლევს რუსულ მხარეს, რომ ისარგებლოს საჰაერო სივრცით, ხოლო აფხაზეთის შემთხვევაში, საზღვაო აკვატორიითაც. თბილისში ეს ფაქტი საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევად და საქართველოს ანექსიის პროცესის გაგრძელებად შეფასდა. ამ პრობლემასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტი ამზადებს საერთაშორისო თანამეგობრობისათვის გასაგზავნი საგანგებო მიმართვის ტექსტს, რომლის შინაარსიც მომავალ კვირაში გახდება ცნობილი.

რუსეთის თვითმფრინავი სოხუმის აეროპორტში
მიმდინარე კვირაში კი აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის მთავრობამ გაავრცელა ცნობა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა სოხუმის აეროპორტს შიდა - რუსული - კოდი მიანიჭა. ამ ცნობას მეტად საყურადღებოდ მიიჩნევს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, რომლის აზრითაც, რუსეთი საქართველოს რეგიონის ”საბოლოო ანექსიას” ცდილობს:

”ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ეს ეწინააღმდეგება იკაოს წესდებას და ამიტომ ჩვენს ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ ამ პროცესის შესაჩერებლად.“

მართალია იკაოს, ანუ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას, ავიაკომპანიებისთვის ლიცენზიების ჩამორთმევის უფლებამოსილება არ გააჩნია, მაგრამ თბილისში იმედოვნებენ, რომ პროცესისთვის გარკვეული წინააღმდეგობის გაწევას იკაო მაინც შეძლებს. საქართველოს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ლევან ჭიჭინაძის განმარტებით, ვინაიდან იკაო ცალსახად ადასტურებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, თბილისის ნებართვის გარეშე სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო სტატუსი ვერ მიენიჭება. შესაბამისად, ილუზიას ჰგავს საერთაშორისო ფრენების პერსპექტივაც.

სამაგიეროდ, სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლებამ მიმდინარე კვირაში კიდევ ერთხელ მიიღო კრემლის დაპირება 2010-2012 წლებში 10 მილიარდი რუბლის გამოყოფასთან დაკავშირებით. ამ და სხვა საკითხებს პრემიერ-მინისტრ პუტინთან პირადად ათანხმებდა მოსკოვში ერთი კვირით ჩასული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში.

პარალელურად, ამ კვირაში - კერძოდ, 23 მარტს - ოკუპირებულ გალში უშედეგოდ დასრულდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფების მე-14 შეხვედრა. ქართულმა მხარემ, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი ხელმძღვანელობდა, დე ფაქტო ხელისუფლებას კვლავაც მოსთხოვა 27 თებერვალს გარდაცვლილი პატიმრის, დემურ გოგოხიას, ცხედრის გადმოცემა, რასაც აფხაზურმა მხარემ უარით უპასუხა.
XS
SM
MD
LG