Accessibility links

logo-print
ბოლო წლების განმავლობაში ქართული საზოგადოება თითქოს მორევში ტრიალებს: ვერც არსებულ ხელისუფლებას ეგუება ბოლომდე და ვერც ცვლის მას. არჩევნების შედეგების მიხედვით, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას საქართველოს მოსახლეობაში დიდი მხარდაჭერა აქვს, ყოველდღიურ ცხოვრებაში კი ეს მხარდაჭერა გაცილებით ნაკლებად იგრძნობა. რა შინაგანი წინააღმდეგობები უშლის ხელს საქართველოს სახელმწიფოს, რომ მორევს თავი დააღწიოს და სწორი დინების კალაპოტში მოხვდეს?

ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის ბოლო ხანა აღიარებულია კორუფციის და უმოქმედობის ჭაობად, რომელშიც საქართველო ღრმად იყო ჩაფლული. მიხეილ სააკაშვილი, როგორც ახალგაზრდა, ენერგიული ლიდერი დაუპირისპირდა არა მხოლოდ შევარდნაძეს, არამედ ამ ჭაობსაც და საქართველოს მოსახლეობას გაუღვივა იმედები, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში ქვეყანა დასავლურ ვექტორზე სწრაფ და ეფექტიან ნაბიჯებს გადადგამდა.

რა იზიდავს საქართველოს მოქალაქეს ევროპულ სახელმწიფოებში? ალბათ, მიზიდულობის ფაქტორები სამ არსებით თემამდე შეიძლება დავიყვანოთ: უსაფრთხოება, კეთილდღეობა და დემოკრატიული ღირებულებები. ახლა შეიძლება დავსვათ შეკითხვა, ამ სამი თემის ჭრილში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში საქართველო ევროპას დაუახლოვდა თუ დაშორდა. შევეცადოთ, საკითხი განვიხილოთ არა ხელისუფლების მომხრის ან მოწინააღმდეგის, არამედ, პოლიტიკურად ნეიტრალურად განწყობილი ადამიანის თვალთახედვით.

დავიწყოთ უსაფრთხოებით. მოქალაქის უსაფრთხოება ქვეყნის შიგნით, შეიძლება ითქვას, რომ გაიზარდა, რადგან დღისით თუ ღამით ქუჩაში ყოფნა უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ადრე. მკვეთრად იკლო ადამიანების თუ მანქანების გატაცების შემთხვევებმა. მეორე მხრივ, გვერდს ვერ ავუვლით სანდრო გირგვლიანს, ამირან რობაქიძეს და სახელმწიფო მანქანის კიდევ არაერთ უდანაშაულო მსხვერპლს. აქვე უნდა ვახსენოთ მუდმივი შფოთვა შესაძლო სატელეფონო მოსმენის გამო. მაგრამ, თუ ყველაფერს შევაჯამებთ, ალბათ, უნდა ვთქვათ, რომ დღეს ადამიანი სახლში თუ ქუჩაში თავს მეტ–ნაკლებად დაცულად გრძნობს.

რაც შეეხება გარე უსაფრთხოებას. ამ მხრივ, ცხადია, საფრთხე გაზრდილია, რაც აგვისტოს ომმაც დაადასტურა და პრეზიდენტის არაერთმა განცხადებამაც რუსეთის შესაძლო ხელახალი აგრესიის შესახებ. მართალია, ჯარი უკეთ შეიარაღებული და მოვლილია, მაგრამ, მეორე მხრივ, თავად მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან მასობრივ შეტევას საქართველოს არმია ვერ მოერევა, მოსახლეობის მხარდაჭერის გარეშე.

საბოლოოდ, შიდა და გარე უსაფრთხოების ჭრილში საქართველოს ამჟამინდელი მდგომარეობა არ შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც ერთმნიშვნელოვნად დადებითი ან უარყოფითი.

გადავიდეთ კეთილდღეობაზე. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბიუჯეტი მკვეთრად გაიზარდა, მმართველობის შუა და ქვედა რგოლები კორუფციისგან ფაქტობრივად გათავისუფლდა, კონტრაბანდა დიდწილად შეიზღუდა, პენსია–ხელფასები დროულად რიგდება, – შეიძლება ვთქვათ, რომ, შევარდნაძის პერიოდთან შედარებით, კეთილდღეობა გარკვეულწილად გაიზარდა. აქვე უნდა ვახსენოთ რუსეთის ბაზრის დაკარგვა, პროდუქტებზე და წამლებზე ფასების ზრდა, ჯანდაცვის არახელმისაწვდომობა, მაგრამ მთლიანობაში, ალბათ, მაინც შესაძლებელია, რომ კეთილდღეობის გრაფაში დღევანდელ ხელისუფლებას პლუსი ჩავუწეროთ.

რაც შეეხება მესამე ფაქტორს – დემოკრატიულ ღირებულებებს: ძალთა დაბალანსებას ხელისუფლების შტოებს შორის, თავისუფალ მედიას, თავისუფალ ბიზნესს და სასამართლოს, ადგილობრივ თვითმმართველობას და, ზოგადად, დემოკრატიულ ინსტიტუტებს, – ამ მხრივ სააკაშვილის ხელისუფლებას ერთმნიშვნელოვნად მინუსი დაეწერება. 2004 წლის თებერვალში განხორციელებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა ეს მინუსი მყარად მიაწება მმართველ პარტიას.

თუ შევაჯამებთ, გამოვა, რომ გარე და შიდა უსაფრთხოების მხრივ ერთი პლუსი და ერთი მინუსი გვაქვს, კიდევ ერთი პლუსი – კეთილდღეობის კუთხით და ერთი მინუსი – დემოკრატიული ინსტიტუტების სისუსტის გამო. ორი პლუსი და ორი მუნუსი კი არც იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ ქვეყანა წინ მიდის და ვერც იმას დავიჩემებთ, რომ, შევარდნაძის პერიოდთან შედარებით, სააკაშვილის პრეზიდენტობის ხანა საქართველოსთვის უკუსვლაა.

სწორედ ეს ნული, რაც სავარაუდო პლუს–მინუსების ჯამით მივიღეთ, არის კიდეც მიზეზი იმისა, რომ ქვეყანაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის სტატუს–კვო არ იცვლება. საზოგადოებაში არ არსებობს თანხმობა არც წინსვლასთან და არც უკუსვლასთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან ზედაპირულ ფაქტორებზე შევჩერდით, მაგრამ სიღრმისეული კვლევაც, სავარაუდოდ, ამავე „ნულამდე“ მიგვიყვანს. სწორედ ამიტომ, ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორებს შორის რომელიმე მკაფიოდ არ გადასძლევს ან ერთი, ან მეორე მიმართულებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ძალთა დღევანდელი ბალანსი არ და ვერ შეიცვლება.

ამავე თემაზე

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG