Accessibility links

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ ქართული ფარმაცევტული ბაზრის შესწავლა გადაწყვიტა. კვლევის ჩატარების იდეა იმ არაერთმა კითხვამ წარმოშვა, რომლებიც ქართულ საზოგადოებას ბოლო ხანებში ამ ბაზარზე არსებულმა ვითარებამ გაუჩინა. ითანამშრომლებენ თუ არა ფარმაცევტული კომპანიები ასოციაციასთან და როდის დასრულდება კვლევა?

იხდის თუ არა მოსახლეობა ძალიან მაღალ ფასს იმ მედიკამენტში, რომელიც რეალურად კომპანიას არც ისე ძვირი უჯდება? - ეს ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, რომელზე პასუხის გაცემასაც შეეცდება „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ თავის მომავალ კვლევაში - „ფარმაცევტული ბაზარი საქართველოში“. კვლევა მხოლოდ მაშინ იქნება საფუძვლიანი, თუ ის დოკუმენტურად დაასაბუთებს ყველა იმ ეჭვს, რაც მედიკამენტების ბაზართან დაკავშირებით საზოგადოებაში დიდი ხანია არსებობს. ამისათვის კვლევის ავტორებს როგორც სახელმწიფო სტრუქტურებთან, ისე კერძო კომპანიებთან თანამშრომლობა და შესაბამისი დოკუმენტაცია დასჭირდებათ:

”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ კცლევაში კომპანიებმა ჩვენთან ითანამშრომლონ. მაგალითად, ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზრის კვლევისას სამივე მობილურმა ოპერატორმა უარი თქვა ჩვენთან თანამშრომლობაზე კვლევის პერიოდში და რომ დასრულდა კვლევა, მერე თქვეს, რომ თურმე მზად იყვნენ ჩვენთან სათანამშრომლოდ.”
თანამშრომლობის ფაქტორს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი ხაზს იმიტომაც უსვამს, რომ ფარმაცევტულ კომპანიებთან დაკავშირებით არაერთი ეჭვი არსებობს, ამ ეჭვების გასაფანტად კი პასუხები მათვე უნდა გასცენ. როგორც „აფბას“ წევრი შოთა ბუჩუკური ამობს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომლითაც ასოციაცია კვლევისას დაინტერესდება, მედიკამენტების ხარისხი იქნება:

”როგორც იმპორტირებული, ისე ადგილზე დამზადებული მედიკამენტები რამდენად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და რამდენად უსაფრთხოა ის ჯანმრთელობისათვის.”

”აფბა” ზოგიერთი მედიკამენტის საერთაშორისო ლაბორატორიის შემოწმებასაც გეგმავს. შემდეგი საკითხი არის მედიკამენტების ფასები:

”დღემდე ვერ დადგინდა, თუ რამდენად კანონიერად და სწორად აწესებენ ეს კომპანიები წამლებზე ფასებს. საინტერესოა, საერთოდ როგორი მოგების მარჟა აქვთ მედიკამენტებზე კომპანიებს და მუშაობენ თუ არა ეს კომპანიები ე.წ. ზემოგებაზე.”

„ახალგაზრდა ფინანსისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, გაცილებით მაღალია საქართველოში წარმოებული მედიკამენტის ფასი თბილისში, ვიდრე იმავე მედიკამენტისა, მაგალითად, სომხეთში.

კვლევაში შეეცდებიან კიდევ ორ მნიშვნელოვან კითხვას გაეცეს პასუხი. ეს არის ფარმაცევტული კომპანიებისა და კლინიკების და ასევე სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობის საკითხი. შოთა ბუჩუკური ამბობს, რომ ეჭვები მათ შორის ფინანსური გარიგების შესახებ ამ ნაწილშიც არსებობს.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე ფიქრობს, რომ ბოლო ათი წელია მსგავსი დოკუმენტირებული კვლევა არავის გაუკეთებია და თუ „აფბა“ ამას შეძლებს, ყველაზე საინტერესო მისი რეკომენდაციული ნაწილი იქნება.

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში“ აცხადებენ, რომ თუ დარღვევები მართლაც აღმოჩნდა და ისინი დოკუმენტურად დადასტურდა, მაშინ, გამორიცხული არ არის, მათ პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივითაც მიმართონ და ფასების შემცირებისათვის ბოლომდე იბრძოლონ. რაც შეეხება ხალხს, მედიკამენტების სიძვირეზე ერთნაირად ჩივიან როგორც უმუშევარი, ისე დასაქმებული ადამიანები და ამბობენ, რომ საქართველოში მათი ფასები არარეალურად მაღალია.
დაბოლოს, ვიტყვით, რომ ბოლო დღეებში სამმა უდიდესმა კომპანიამ - „ავერსმა“, „პსპ“-მ და „ჯი-პი-სი“-მ - ერთდროულად, დაახლოებით, 20-25%ით შეამცირა ფასები რამდენიმე დასახელების მედიკამენტზე. მათ შენიშვნა ცოტა ხნის წინ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგანაც მიიღეს. თუმცა კომპანიები აცხადებენ, რომ ფასების დაწევა ბაზარზე გაზრდილმა კონკურენციამ გამოიწვია.
XS
SM
MD
LG