Accessibility links

logo-print

პრეზიდენტი ბარაკ ობამა პირველად ესტუმრა ავღანეთს


აშშ-ის პრეზიდენტი ავღანეთში ამერიკელ ჯარსიკაცებთან შეხვედრისას

აშშ-ის პრეზიდენტი ავღანეთში ამერიკელ ჯარსიკაცებთან შეხვედრისას

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა კვირას მოულოდნელი ვიზიტით ეწვია ავღანეთს, რაც, პრეზიდენტის რანგში, მისი პირველი ვიზიტია ამ ქვეყანაში. ვიზიტმა სულ 6 საათი გასტანა და, რამდენიმე შეხვედრასთან ერთად, ამერიკელი სამხედროების წინაშე სიტყვით გამოსვლას მოიცავდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ქაბულთან მდებარე ბაგრამის აეროდრომზე შეკრებილ 2500-მდე ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეს მიმართა და მათ, უწინარეს ყოვლისა, მადლობა გადაუხადა ავღანეთში მძიმე მისიის შესრულებისთვის. ობამამ გამოთქვა რწმენა, რომ მისიას ისინი წარმატებით დაასრულებენ: „ჩვენ ვნახეთ, როგორ იქნენ განდევნილი მოძალადე ექსტრემისტები თავიანთი თავშესაფრებიდან. ჩვენ დიდი დარტყმები მივაყენეთ ალ-ყაიდის, ისევე როგორც თალიბანის ლიდერებს“.

თუმცა, ობამას განცხადებით, ალ-ყაიდისაგან კვლავაც მომდინარეობს საფრთხე და რაც შეეხება თალიბანს, ავღანეთზე კონტროლის აღდგენის საშუალება რომ მიეცეს, ეს საზიანო იქნებოდა უსაფრთხოებისთვის შეერთებულ შტატებშიც.

ობამას ვიზიტის შესახებ საჯაროდ არაფერი იყო ცნობილი, ვიდრე ის კვირას გამთენიისას ჩაფრინდებოდა ავღანეთში. ამერიკელი ჯარისკაცების წინაშე გამოსვლისას, პრეზიდენტმა შეაქო მათი, ობამას სიტყვებით, „სიმამაცე“ და „გმირობა“ ომში, რომელიც მეცხრე წელია, გრძელდება. „წინ კიდევ იქნება რთული დღეები. იქნება წარუმატებლობებიც. ჩვენს წინაშე შეურიგებელი მტერი დგას. ჩვენ ვიცით ისიც, რომ შეერთებული შტატები საქმეს თავს არ ანებებს, როცა რამის კეთება აქვს დაწყებული“, განაცხადა პრეზიდენტმა.

ამერიკელი ჯარისკაცების წინაშე სიტყვით გამოსვლამდე, ბარაკ ობამა ავღანელ კოლეგას, ჰამიდ კარზაის შეხვდა. მოლაპარაკების თემებად ნარკობიზნესთან და კორუფციასთან ბრძოლა სახელდება. როგორც ობამამ შეხვედრის შემდეგ უთხრა ჟურნალისტებს, რეგიონში ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატებებია მიღწეული, მაგრამ მეტის გაკეთებაა საჭირო კორუფციასთან ბრძოლაში, აგრეთვე მმართველობისა და კანონის უზენაესობის მხრივ ვითარების გასაუმჯობესებლად.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ობამამ კარზაი ვაშინგტონში მიიწვია 12 მაისისთვის - პირველად მას შემდეგ, რაც ავღანეთის პრეზიდენტი მეორე ვადით შეუდგა მუშაობას გასული წლის, უნდა ითქვას, ბევრის მიერ გაკრიტიკებულ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.

გასულ წელსვე, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გასცა ბრძანება ავღანეთში, დამატებით, 30 000 ამერიკელი ჯარისკაცის განთავსების შესახებ. მათი, დაახლოებით, მესამედი უკვე ადგილზეა ჩასულია. წლის ბოლომდე ავღანეთში ამერიკელი სამხედროების რიცხვი 100 000-ს მიაღწევს, ხოლო მათი მოკავშირეებისა - 40 000-ს, ქართული კონტინგენტის ჩათვლით. როგორც ცნობილია, ორ კვირაში ავღანეთში ქართული არმიის გაძლიერებული ბატალიონი მიემგზავრება, 750 ადამიანი.
XS
SM
MD
LG