Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ემნისტი ინტერნეიშენალმა” სიკვდილით დასჯის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა


”ემნისტი ინტერნეიშენალმა” დღეს გამოაქვეყნა 2009 წლის ანგარიში მსოფლიოში სიკვდილით დასჯის შესახებ. მასში წაიკითხავთ, რომ გასულ წელს მსოფლიოს 18 ქვეყანაში 714 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით, 56 ქვეყანაში კი 2001 ადამიანს მიუსაჯეს სასჯელის ეს ზომა. ”ემნისტი ინტერნეიშენალი” წერს იმის შესახებაც, რომ ჩინეთი ასაიდუმლოებს სიკვდილით დასჯილთა რაოდენობას. ”ემნისტის” ვარაუდით, ჩინეთში ათასობით ადამიანი დასაჯეს სიკვდილით. ეს ინფორმაცია ჩინეთში სახელმწიფო საიდუმლოა. თუმცა, ჩინეთის მთავრობა აცხადებს, რომ სიკვდილით დასჯის შემთხვევები შემცირებულია. ”ემნისტი ინტერნეიშენალის” კვლევის თანახმად, გასულ წელს ირანში 338 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით, ერაყში, სულ ცოტა - 120, საუდის არაბეთში, სულ ცოტა - 69, შეერთებულ შტატებში - 52. ირანში 12 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნებიდან აჰმადინჟადის ინაუგურაციამდე რვაკვირიან პერიოდში 112 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით. გასულ წელს, ისევე, როგორც ბოლო ათწლეულის მანძილზე არავინ დაუსჯიათ სიკვდილით რუსეთსა და უკრაინაში. ”ემნისტის” ინფორმაციით ბელარუსში, ყაზახეთში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში ბოლო ათი წლის მანძილზე 130 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით. 2006 წლიდან კი ბელარუსი არის ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, სადაც სიკვდილით დასჯა სრულდება. ორი კვირის წინაც იქ ორი სიკვდილმისჯილის განაჩენი სისრულეში იყო მოყვანილი. გასული წელი აღსანიშნავია იმით, რომ კიდევ ორმა ქვეყანამ - ბურუნდიმ და ტოგომ გააუქმა სიკვდილით დასჯა. ავღანეთში, ინდონეზიაში, მონღოლეთსა და პაკისტანში გასულ წელს არავინ დაუსჯიათ სიკდვილით. ეგვიპტეში, ირანში, ერაყში, ლიბიაში, საუდის არაბეთში, სირიასა და იმენეში სიკვდილით დასჯილთა რაოდენობა გასულ წელს , სულ ცოტა 624 ადამიანი იყო. სიკვდილით დასჯისთვის ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებსი გამოყენებული იყო: ჩამოხრჩოვა, დახვრეტა, თავის მოკვეთა, ჩაქოლვა, ელექტროშოკი და ლეტალური ინექცია.
XS
SM
MD
LG