Accessibility links

logo-print

ოკუპირებული ტერიტორიების სოფლებში საგაზაფხულო სამუშაოები ფერხდება


შიდა ქართლში საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები დაიწყო, მაგრამ კონფლიქტის ზონის სოფლებში გარკვეული ფართობები დაუმუშავებელი დარჩება.

ერგნეთში, ნიქოზში, დვანში, ზარდიანთკარსა და გუგუტიანთკარში მოსახლეობის ნაწილი საკუთარ მიწის ნაკვეთებში შესვლას იმის გამო ვერ ახერხებს, რომ იქვე რუსი მესაზღვრეები დგანან.

გარდა ამისა, ეს ნაკვეთები ომის შემდეგ გაუნაღმავი დარჩა და ადგილობრივ გლეხებს უსაფრთხოების გარანტიას ვერავინ აძლევს.

სოფელ ერგნეთის მოსახლეობის ნაწილმა გორში ადმინისტრაციულ შენობასთან საპროტესტო აქცია მოაწყო - მოურწყავი და დაუმუშავებელი მიწის გამო კომპენსაცია მოითხოვა.

აქციის მონაწილეები გორის მუნიციპალიტეტის გამგებელს დავით ხმიადაშვილს შეხვდნენ. იგი აქციის მონაწილეებს კომპენსაციებს ვერ დაჰპირდა და მხოლოდ ნაკვეთების სარწყავი სისტემით უზრუნველყოფას შეჰპირდა.

რამდენიმე დღის წინ გორში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა ჩამოიყვანეს, რომელიც დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებს გადაეცა. გარდა ამისა, როგორც რეგიონის ვიცე-გუბერნატორმა გიორგი ავალიანმა აღნიშნა, რეგიონის ფერმერებისთვის რამდენიმე აგრარული პროგრამა ამოქმედდა.

საკრებულოების მიხედვით თითოეულ სოფელს ეყოლება საკუთარი ტექნიკა და მას ფერმერები ფიქსირებული ფასით მოიხმარენ.

ადგილობრივი ხელისუფლება მთავარ საკითხად საირიგაციო არხების მოწესრიგებას განიხილავს, რადგან ომის შემდეგ ოსურმა მხარემ სარწყავი არხები გადაკეტა. ამის გამო, გორის რაიონის ჩრდილოეთ ნაწილში არსებული სოფლები სარწყავი წყლის გარეშე დარჩნენ.

საქართველოს ხელისუფლებამ კი სოფელ ნიქოზთან მდინარე ლიახვზე კაშხლის მშენებლობა დაიწყო, რომელმაც რაიონის სარწყავის სისტემის პრობლემა 90%-ით უნდა გადაჭრას. იმ ნაკვეთებში კი, სადაც წყალი თვითდინებით ვერ მივა, სატუმბი სადგურების დამონტაჟებაა დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG