Accessibility links

logo-print
ადგილობრივი არჩევნების წინ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის გამოყოფილი თანხები ”უპრეცედენტოდ გაიზარდა”, ნათქვამია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ანგარიშში. ანგარიში ეხება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის. მსგავსი ტენდენცია აშკარად ეწინააღმდეგება სააკაშვილის „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკას, აცხადებენ ანგარიშის ავტორები. თბილისის მერიაში ამბობენ, რომ მერიის ბიუჯეტი გაზრდილია არა 60 მილიონი ლარით, როგორც ეს ანგარიშშია ნათქვამი, არამედ 15 მილიონი ლარით. მათივე განცხადებით, იმის გამო, რომ მოახლოებულია არჩევნები, ისინი არ აპირებენ იმ პოლიტიკის შეცვლას, რომელსაც აქამდე მისდევდნენ.

ანგარიშის მიხედვით, რომელიც 29 მარტს გამოქვეყნდა, არჩევნების წინ ”საგრძნობლად გაიზარდა” თბილისის მერიის მუშა-მოსამსახურეთა რიცხვი და მხარეების რწმუნებულთა აპარატებში დასაქმებულთა რაოდენობა. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ამგვარი ტენდენცია ეწინააღმდეგება პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ გამოცხადებულ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების - ე.წ. ”ქამრების შემოჭერის” - პოლიტიკას, რომელიც მან 2009 წლის 12 თებერვალს პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას გააჟღერა.

პარლამენტში მქუხარე აპლოდისმენტებით შეფასებულ „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკაზე ამახვილებს ყურადღებას რადიო თავისუფლებასთან საუბარში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროგრამების დირექტორი ნინო ხატისკაცი. მისი თქმით, თბილისის მერიას ასეთი მოცულობის ბიუჯეტი არასდროს ჰქონია. მერიის თანამშრომელთა რაოდენობა 410-ით გაიზარდა, რის გამოც სახელფასო ფონდს 5.5 მილიონი ლარი შეემატა. გარდა ამისა, მხარეების რწმუნებულთა აპარატებში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა და 22-ით გაიზარდა. აღნიშნული საშტატო ერთეულებისათვის 2010 წლის ბიუჯეტიდან 118 მილიონი ლარია გამოყოფილიო, ამბობს ხატისკაცი. მსგავსი ტენდენცია კი, მისი თქმით, სრულიად ეწინააღმდეგება სააკაშვილის „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკას. ხატისკაცის ვარაუდით, შტატების მსგავსი ზრდა, შესაძლებელია, მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიისთვის იქნეს გამოყენებული.

თბილისის მერია თანამშრომლების ზრდას ახალი პროექტების სიმრავლეს უკავშირებს, პროექტებისა, რომელთა განსახორციელებლადაც ადამიანური რესურსებია საჭირო.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საუბრობს, არის ისეთი ღონისძიებების დაფინანსების გაზრდა, რომლებიც არასაარჩევნო წლებში არ ფინანსდება, თუმცა წინასაარჩევნოდ მსგავსი სოციალური პროგრამები და ღონისძიებები აუცილებლად ექცევა ხელისუფლების ყურადღების ცენტრში. მაგალითად, წლევანდელი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის დედაქალაქის პენსიონერებს მედიკამენტების შესაძენად 25-ლარიანი სამედიცინო ვაუჩერები მიეცემათ. მერია აღნიშნულ პროგრამას 4 მილიონი ლარით აფინანსებს.

წინასაარჩევნო პერიოდში სოციალური თუ რეკრეაციული პროგრამების გააქტიურების შესახებ საუბრობს რადიო თავისუფლებასთან კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი დავით ნარმანია.

მიუხედავად იმისა, რომ საპენსიო პოლიტიკა თვითმმართველობის კომპეტენციას არ განეკუთვნება, ანგარიშის თანახმად, თბილისის მერია, საშტატო მატების გარდა, დედაქალაქში მცხოვრები პენსიონერებისთვის პენსიის 10 ლარით გაზრდასაც აფინანსებს. ეს ზრდა, რომელიც 2010 წლის 1 მარტიდან შევიდა ძალაში და რომლისთვისაც 19,9 მილიონი ლარია გამოყოფილი, არ ეხებათ იმ პენსიონერებს, ვინც თბილისში არ ცხოვრობს. ამგვარ მიდგომას ანგარიში ”დისკრიმინაციულს” უწოდებს.

თბილისის მერიის აპარატის თანამშრომელი კოკი იონათამიშვილი ანგარიშში რიცხობრივ ცდომილებაზე მიუთითებს და ამბობს, რომ თბილისის მერიის ბიუჯეტი გაიზარდა არა 60, არამედ 15 მილიონი ლარით. რაც შეეხება პენსიების 10 ლარით მატებას, მისი თქმით, ეს არის არა ზრდა, არამედ პენსიაზე დანამატი:

”არც ერთ შემთხვევაში არ შემცირდება იმ პროექტების ინტენსივობა, რომლებიც ასეული ათასობით თბილისელის კეთილდღეობისთვის არის შექმნილი და იმის გამო, რომ არჩევნები ახლოვდება, ჩვენ ცხოვრებას ნამდვილად ვერ შევწყვეტთ”, - ამბობს იონათამიშვილი.
XS
SM
MD
LG