Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საარჩევნო სიების მონიტორინგი სრულდება


რესპუბლიკური პარტიის ლიდერები: დავით ბერძენიშვილი, თინა ხიდაშელი და დავით უსუფაშვილი
რესპუბლიკური პარტიის ლიდერები: დავით ბერძენიშვილი, თინა ხიდაშელი და დავით უსუფაშვილი
რესპუბლიკური პარტია საარჩევნო სიების მონიტორინგის მეორე ეტაპის შედეგებს და მოგროვებულ დოკუმენტაციას ერთდროულად სამოქალაქო რეესტრს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საერთაშორისო ორგანიზაციებს და საქართველოს მთავარ პროკურორს უგზავნის, ორი მთავარი მოთხოვნით, შესწორდეს სიებში არსებული დარღვევები და აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ორგანიზებული დანაშაულის ხელმძღვანელი პირების მიმართ. რესბუბლიკელების ერთ-ერთი ლიდერის, თინათინ ხიდაშელის, თქმით, ცესკოს ახალ თავმჯდომარეს არჩევნების სამართლიანად ჩატარების შანსი ჯერ კიდევ აქვს.

”გაცნობებთ, რომ ჩემს საცხოვრებელ ბინაში კანონდარღვევით, უნებართვოდ, რეგისტრირებულია: ფოლადაშვილი იმედა, ტარტარაშვილი ვიტალი, სისაური ვანო, ქიტიაშვილი კახი. ჯორბენაძე თამარი .. ..გთხოვთ სიიდან ამოიღოთ ზემოხსენებული პირები.” ამ განცხადებაში სულ ჩამოთვლილია 13 უნებართვოდ რეგისტრიებული პირი - თანაც, ყველა გლდანში, ავთანდილ მერკვილაძის კუთვნილ ბინაზეა მიწერილი. ცესკოს თავმჯდომარის სახელზე დაწერილ განცხადებას ხელს ბინის პატრონი აწერს. ეს დოკუმენტი მედიას საარჩევნო სიების მონიტორინგის შედეგების გაცნობისას რესპუბლიკელების ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ხიდაშელმა, გააცნო და ასეთი განცხადებები ასეულობითაა. ეს დოკუმენტები სამოქალაქო რეესტრსაც გაეგზავნება:

”ჩვენ გადავამოწმეთ 3222 ამომრჩეველი სიის მიხედვით, საიდანაც 830 არის ხელოვნურად მიწერილი სიაზე და ეს არის სიის 25%.”

რადიო თავისუფლებამ განცხადებებში აღწერილი ფაქტები მათ ხელმომწერებთანაც გადაამოწმა. დავურეკეთ ზემოთ ნახსენებ ავთანდილ მერკვილაძეს, რომელიც თავად ქუთაისში ცხოვრობს:

”მაგ ბინაში ჩაწერილი მხოლოდ მე და ჩემი მეუღლე ვართ და საბუთებიც ჩვენ გვაქვს. საარჩევნო პერიოდში გავიგე, რომ ჩემს ბინაში ამდენი ხალხი იყო რეგისტრირებული. დღეს დროებით იქ ჩემი შვილები ცხოვრობენ. მე კი თბილისიდან დამირეკეს და მითხრეს, იმ უცხო ადამიანებს ავტომატურად ამოვწერთო.”

დავურეკეთ მამუკა ქვათაძეს, რომლის ბინაშიც, ვაზისუბანში, ასევე ათზე მეტი ადამიანი იყო ჩაწერილი. თუმცა ქვათაძემ გვითხრა, რომ, მისი ინფორმაციით, ეს ადამიანები მათი ბინიდან უკვე ამოწერეს.

სიების მასობრივ გაყალბებას თინა ხიდაშელი ორგანიზებულ დანაშაულად აფასებს, რომელშიც სამოქალაქო რეესტრისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები იყვნენ ჩარეული, და მთავარ პროკურორს სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნითაც მიმართავს.

შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკელების მონიტორინგმა დღემდე თბილისის მხოლოდ ნაწილი მოიცვა. სიების შემოწმება რეგიონებში გრძელდება. თბილისში ამ დროისათვის 500 ბინაა შემოწმებული. გარდა გაბერილი სიებისა, სიებში აღმოჩენილია 222 ე.წ. ტყუპი ამომრჩეველი:

”აქ ლაპარაკია ადამიანებზე, რომელთაც აქვთ ერთი სახელი, ერთი გვარი და ცხოვრობენ ერთსა და იმავე ბინაში და მე არ მგონია, რომ საქართველოში ვინმე ტყუპებს ერთსა და იმავე სახელს არქმევდეს. მაგალითად, ანდღულაძე თამაზი და ანდღულაძე თამაზ. მხოლოდ ერთ ასოშია განსხვავება”, - აცხადებს თინა ხიდაშელი.
თინა ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ კეთილი ნების არსებობის შემთხვევაში სიებში ცდომილებები ადვილად გასწორდება. მისი სიტყვით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბურთი გადაგდებულია. ახლა ჯერი ზურაბ ხარატიშვილზეა. თავად ხარატიშვილი ამბობს, რომ დღეისათვის ცესკოს შემოწმებული სიის ნაწილი, მრეწველების გარდა, უკვე გადასცა „ქართულმა დასმა“, ასევე ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, პარტიამ „ჩვენ თვითონ“, პარტია „თავისუფლებამ“, ქრისტიან-დემოკრატებმა.

„ქართული დასის“ წარმომადგენელი ცესკოში, გიორგი ბაშარული, გვეუბნება, რომ მთავარი ხარვეზი, რომელსაც „ქართული დასი“ საარჩევნო სიების შემოწმებისას წააწყდა, ე.წ. უმისამართო ამომრჩეველია და, მათი მონაცემებით, ასეთი დაახლოებით 50 000 ადამიანია.

ზურაბ ხარატიშვილი კი ამბობს, რომ მთავარი პრობლემა სიებში არარსებული და გარდაცვლილი ადამიანებია, ასევე ის ამომრჩევლები, რომლებიც თავის თავს სიებში ვერ პოულობენ. ე.წ. მკვდარი სულების ოდენობა სიებში დიდი არ არის, ამბობს ხარატიშვილი. მისივე თქმით, მთავარი ხარვეზი, რაზეც პარტიები შენიშვნებს გამოთქვამენ, მიწერის საკითხია, ანუ სიებში შეყვანილი ადამიანები არ ცხოვრობენ იქ, სადაც ჩაწერილნი არიან. ასეთი ადამიანი კი მარტო თბილისში 250 000-დან 300 000-მდეა.

რაც შეეხება დუბლებს ან, სხვაგვარად, ტყუპებს, ხარატიშვილის თქმით, ცესკოს საერთაშორისო ორგანიზაციამ მიაწოდა 350 ადამიანისგან შემდგარი ასეთი სია, სადაც მხოლოდ 50 გვარი აღმოჩნდა ნამდვილი.

30 მარტს კი გამოვიდა პრეზიდენტის დადგენილება, რომლის თანახმადაც, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010 წლის 30 მაისს გაიმართება.საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების რიგგარეშე და დედაქალაქის მერის არჩევნები უნდა ჩატარებულიყო არაუგვიანეს 2010 წლის 1-ელი ივნისისა, არჩევნების თარიღი კი პრეზიდენტს არჩევნებამდე 60 დღით ადრე უნდა დაენიშნა.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG