Accessibility links

ორი დღის განმავლობაში 6 ოსი ეროვნების მოქალაქე გათავისუფლდა


ორი დღის განმავლობაში 6 ოსი ეროვნების მოქალაქე გათავისუფლდა, რომლებიც, სხვადასხვა ბრალდებით, ქართველ სამართალდამცავებს ჰყავდათ დაკავებული. როგორც რადიო თავისუფლებას შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსმა ვლადიმერ ჯუღელმა განუცხადა, საქართველოს ხელისუფლებამ გამოიჩინა კეთილი ნება და ბოლო ხანებში დაკავებული 6 ოსი ეროვნების მოქალაქე გაათავისუფლა. ჯუღელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არ ყოფილა გაცვლა და ოსურ მხარეს ჯერჯერობით შემხვედრი ნაბიჯი არ გადაუდგამს.

ორშაბათს და სამშაბათს ერგნეთის საგუშაგოზე სასამართლო დარბაზებიდან გათავისუფლებული ოსი მოქალაქეების გადაცემა ნაწილ-ნაწილ მოხდა. ჩარაევა, პლიევი, ამზოევი, ხისტანოვი , ტადტაევი და ტოროშელიძე შედარებით მსუბუქი დანაშაულის ჩადენისთვის იყვნენ დაკავებულნი. მაგალითად, ხათუნა ჩარაევას ყალბი ვალუტის გადატანა ედებოდა ბრალად. აღსანიშნავია, რომ გათავისუფლების პროცესი ქართულმა მხარემ ჟენევის დისკუსიის მე-10 რაუნდის წინ დაიწყო. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ოსურმა მხარემ გაათავისუფლა სოფელ კირბალის მცხოვრები მამუკა სამხარაძე, რომელიც, ფიჩხის მოსაგროვებლად წასული, სოფლის მიმდებარე ტყეში რუსმა ეგრეთ წოდებულმა მესაზღვრეებმა დააკავეს. კირბალის რწმუნებულის მამუკა შიუკაშვილის თქმით, გათავისუფლებული თავს ნორმალურად გრძნობს.

ჟენევის დისკუსიაზე ოსური მხარე ულტიმატუმით გაემგზავრა. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა ადგილობრივი ტელევიზიით განაცხადა, რომ მათი კატეგორიული მოთხოვნაა ქართულმა მხარემ ცეცხლის განუახლებლობისა და უსაფრთხოების გარანტიის იურიდიულად დამავალდებულებელ დოკუმენტს მოაწეროს ხელი და გაათავისუფლოს ყველა დაკავებული, პრინციპით - ყველა–ყველაზე. ქართული მხარე თანახმაა აგვისტოს ომის შემდეგ დაკავებული ყველა ოსი ეროვნების მოქალაქე გაათავისუფლოს, მაგრამ ოსური მხარე „ყველაში“ აგვისტოს ომამდე დაკავებულებსაც მოიაზრებს, რომლებიც სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის არიან მსჯავრდებულნი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა ცოტა ხნის წინ რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მკვლელებს მშვიდობიან მოქალაქეებში არ გაცვლიან. მიუხედავად იმისა, რომ მხარეები კატეგორიულად უარყოფენ გაცვლის პროცესს, ბოლო ორი დღის განმავლობაში 7 მოქალაქე გათავისუფლდა, აქედან - 6 ოსი და 1 ქართველი. ცხინვალის ციხეში კიდევ 10-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე რჩება.
XS
SM
MD
LG