Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას უქადის მოსკოვის ტერაქტები საქართველოს უსაფრთხოებას


მოსკოვის მეტროპოლიტენში 29 მარტს განხორციელებულ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით კრემლის მაღალჩინოსნებმა გარკვეული დასკვნები გამოძიების დასრულებამდე გამოიტანეს და ბრალდებები ჩრდილოეთ კავკასიისკენ მიმართეს. ტრაგედიის პირველსავე დღეს გამოცხადებული ”ძირითადი ვერსიის” მიხედვით, ”ტერორისტული აქტები განახორციელეს ტერორისტულმა ჯგუფებმა, რომლებსაც კავშირი აქვთ ჩრდილო კავკასიის რეგიონთან.“ ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ კრემლის ბრალდებათა სამიზნე მალე საქართველოც გახდეს. რა შეიძლება მოუტანოს ამან საქართველოს? რამდენად შესაძლებელია სიტუაციის კიდევ უფრო გართულება?

”იმედია, გონება ეყოფათ და მომხდარს საქართველოს არ გადააბრალებენ”, - ასეთი იყო რუსი ჟურნალისტის იულია ლატინინას პირველი რეაქცია მოსკოვში განხორციელებულ ტერაქტებთან დაკავშირებით. თუმცა არაერთი ანალიტიკოსი მოელის, რომ, გარკვეულწილად, ეს აუცილებლად მოხდება. მათ შორის არის ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე, რომლის აზრითაც, შესაძლოა რუსეთის ხელისუფლებამ მხოლოდ ბრალდებები არ იკმაროს:

”გარანტიას გაძლევთ, რომ აუცილებლად გამოიშვერენ თითს ცოტა ხანში, რომ საქართველოში მზადდებიან ტერორისტები, როგორც ყოველთვის... მაგრამ არ გამოვრიცხავ მეორე ვარიანტსაც, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ეს გამოიყენოს სიტუაციის კიდევ უფრო დასამძიმებლად. დაიწყება ლაპარაკი პანკისის ხეობაზე, მერე ვიღაცას დაიჭერენ და ის მოყვება, რომ პანკისის ხეობაში გადიოდა მზადებას და რომ იქ ეს პროცესი გრძელდება... და შეიძლება მერე აამუშაონ თავიანთი კანონი, რომელიც გულისხმობს რუსეთის ინტერესების დაცვას მის საზღვრებს გარეთ.”

მამუკა არეშიძის მსგავსად, რუსეთის მხრიდან ბრალდებებსა და გარკვეულ სახიფათო ქმედებებს უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილიც მოელის. მას ნაკლებად ჰგონია, რომ ყოველივე ამით რუსეთი საქართველოსთან ომის განახლებას შეეცდება, მაგრამ, ექსპერტის მიერ განხილული ერთი სცენარის მიხედვით, საქართველო, შესაძლოა, ორ ცეცხლს შორის აღმოჩნდეს:

”შესაძლებელია ჩრდილოეთიდან სამხრეთით მოაწვეს ამ ”ბოევიკებს” და შეგვიქმნას უსაფრთხოების სერიოზული პრობლემები. ჩვენი სახელმწიფო აღმოჩნდება სერიოზული დილემის წინაშე: ჩვენ ან უნდა გავანადგუროთ ის ტერორისტები, რომლებიც შეეცდებიან ჩვენი ტერიტორიის გადმოლახვას, ან უნდა შევიფაროთ... ორივე შემთხვევაში საერთაშორისო საზოგადოებრიობის დამოკიდებულება ჩვენს მიმართ იქნება კრიტიკული.”

მსგავს საფრთხეებზე ლაპარაკი, შესაძლოა, ბევრს ნაადრევად ეჩვენოს მანამდე, ვიდრე კრემლის ლიდერებს მოსკოვის ბოლო ტერორისტულ აქტებთან კავშირში ჯერჯერობით არ უხსენებიათ საქართველო. მაგრამ ანალიტიკოსები თვლიან, რომ საქართველოს სახელმწიფოს განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა ახლავე მართებს, მით უფრო, მანამდე გაკეთებული არაერთი განცხადების გათვალისწინებით. ერთ-ერთი ასეთი განცხადება გასული წლის ოქტომბერში რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტის თავმჯდომარემ, უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა გააკეთა:

”ბოევიკებისთვის აღმოჩენილი აუდიოჩანაწერები მოწმობს, რომ მათ ალ-ყაიდის ემისრებთან ერთად კონტაქტი აქვთ საქართველოს სპეცსამსახურებთან, რომელთა მონაწილეობითაც ხდება ტერორისტების მომზადება და ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადასროლის ორგანიზება. გარდა ამისა, ისინი მუდმივად ცდილობენ იარაღის, ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და ფინანსების მიწოდებას მაღალი საფრთხის შემცველ ობიექტებზე დივერსიული აქტების განსახორციელებლად დაღესტანში - უპირველეს ყოვლისა, ნავთობსადენებსა და გაზსადენებზე.”

29 მარტს კი იმავე ბორტნიკოვმა კრემლში გამართულ საგანგებო თათბირზე, გამოძიების ”ძირითად ვერსიაზე” დაყრდნობით, მოსკოვის ტერაქტები იმ ”ტერორისტული ჯგუფების” ნახელავად მოიხსენია, ”რომლებსაც კავშირი აქვთ ჩრდილო კავკასიის რეგიონთან.“

ასევე 29 მარტს მოსკოვის ტერაქტები სწორედ საერთაშორისო ტერორიზმთან მიმართებაში განიხილა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. სერგეი ლავროვი მომხდარის სათავედ ავღანეთისა და პაკისტანის საზღვარზე არსებულ უკონტროლო ტერიტორიას მიიჩნევს, სწორედ იმ ტერიტორიას, რომელიც ალ-ყაიდის მოქმედების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სარბიელად არის მიჩნეული. ”ზოგჯერ ამ მარშრუტებს კავკასიაშიც მივყავართ”, - თქვა ლავროვმა, მაგრამ ჯერჯერობით არ დაუკონკრეტებია - კერძოდ, რომელ მარშრუტებზეა საუბარი.

ქართველი ექსპერტები შიშობენ, რომ რუსეთი ტერაქტების ფაქტების გამოყენებით, კვლავაც შეეცდება საქართველოსადმი მსოფლიო თანამეგობრობის ნდობის შესუსტებას.

მსგავს საკითხებზე ჯერჯერობით არ ლაპარაკობს საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც, მსოფლიო თანამეგობრობის მხარდამხარ, ერთ-ერთმა პირველმა გამოხატა შეშფოთება და წუხილი 29 მარტს მოსკოვში უდანაშაულო ადამიანების დაღუპვის გამო. რუსეთის ხელისუფლებისადმი უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას უდანაშაულო ადამიანების დაღუპვის გამო წუხილს თბილისელებიც გამოხატავენ:

”როგორც საქართველო ვერ მოუგებს ომს რუსეთს, ისე მაგენიც ვერ მოუგებენ და უკეთებენ იმას, რა ზიანიც შეუძლიათ. ადამიანური გადმოსახედიდან, არ არის კარგი, რასაკვირველია.../ ვერ ვიტყვი, ძალიან კარგად მოუვიდათ-მეთქი, მაგრამ იმ პოლიტიკის გამო, რასაც რუსეთი ატარებს, ხალხი სამაგიეროს ყოველთვის გადაუხდის და გადაუხადეს კიდეც.../ რაც არ უნდა გვძულდეს რუსეთის იმპერია, მთავრობა და პუტინი, ეს არ ნიშნავს, რომ ხალხი გვეჯავრება. ხალხის სიცოცხლე არის მთავარი და ამიტომ ჩვენ გამოვთქვამთ მართლა თანაგრძნობასა და სამძიმარს დაღუპულების გამო.”

29 მარტს მოსკოვის მეტროპოლიტენის ორ სადგურზე დაახლოებით ერთი საათის ინტერვალით მომხდარი აფეთქებების შედეგად, ბოლო მონაცემებით, 39 ადამიანი დაღუპა და კიდევ 71 მძიმედ დაშავდა. 30 მარტი რუსეთში გლოვის დღედ იყო გამოცხადებული. რუსეთის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ტერორისტების ”განადგურების” პირობა დადეს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ფორმებსა და მასშტაბებს მიიღებს განადგურების პროცესი.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG