Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 30 მარტი 2010


მოსკოვში 29 მარტს მომხდარ ტრაგედიაზე ქართულ გაზეთებშიც წერენ. თუმცა გამოქვეყნებული მასალის უდიდესი ნაწილი რუსეთის მედიით გავრცელებული ინფორმაციის თარგმანს წარმოადგენს, არის მომხდარის გაანალიზების მცდელობაც. ქართველ ექსპერტებს ”რეზონანსი” მოსალოდნელ შედეგებზე ეკითხება: ”არ არის გამორიცხული, ცოტა ხანში გამოაცხადონ, რომ აღნიშნული ტერორისტები მომზადებას საქართველოს ტერიტორიაზე გადიოდნენ”, - ამბობს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე. პოლიტოლოგი ვასილ ჭყოიძე: ”აღნიშნული ტერაქტი რუსეთის ხელისუფლებამ შეიძლება გამოიყენოს ადამიანის უფლებების დაცვისთვის მებრძოლი ადამიანების და ასევე ოპოზიციური პოლიტიკური ორგანიზაციების წინააღმდეგ.”

”რეზონანსშივე” წაიკითხავთ ვრცელ სტატიას საქართველოს კონსტიტუციაზე მუშაობის პროცესის შესახებ, სათაურით ”რამიშვილის კონსტიტუციის დაკანონების ალბათობა ძლიერდება”. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს ავთანდილ დემეტრაშვილს სტატიის ავტორისთვის უთქვამს: ”ჩვენ გვექნება ბატონ ლევანთან საუბარი და შევეცდებით რაიმე შეჯერებული ვარიანტი გავაკეთოთო.” - დემეტრაშვილის აზრით, ლევან რამიშვილის პროექტის გასვლას ხელს ის უშლის, რომ ეწინააღმდეგება პრეზიდენტის ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც, არა ახალი კონსტიტუციის შემუშავება, არამედ არსებულის გადასინჯვა უნდა მოხდეს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ოპოზიციაში მიმდინარე პროცესები დღესაც შუქდება. ”ახალი თაობა” პასუხს ვერ სცემს, მაგრამ სათაურშივე სვამს კითხვას: ”გაჩეჩილაძე მერობას აღარ აპირებს?!”. ამავე გაზეთში წაიკითხავთ დეპუტატ გიორგი ცაგარეიშვილის გადაწყვეტილებაზე ირაკლი ალასანიას პარტიაში გაწევრიანების შესახებ: ”ალასანიას პარტიაში გაწევრიანებით ცაგარეიშვილმა პოლიტიკური პარტნიორი იპოვა, ხოლო ალასანიას პარტიას გარკვეული პროცედურების გავლა გაუმარტივდება. კერძოდ, თბილისის მერობის კანდიდატს თუ პარლამენტში წარმომადგენელი ჰყავს, აღარ სჭირდება გარკვეული რაოდენობის ხელმოწერების შეგროვება. ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ ირაკლი ალასანიას პარტიას და ალიანსს არ აქვს იმის გაჭირვება, რომ ნახევარი მილიონი, ერთი მილიონი, ან 50 ათასი ხელმოწერა ვერ შეაგროვოს იმისათვის, რომ ირაკლი ალასანია მერობის კანდიდატად წარადგინოს.” – ”ახალი თაობის” ავტორი წერს, რომ ალასანიას პარტიაში შეიძლება კიდევ ერთი დეპუტატი - კარლო კოპალიანი -გაწევრიანდეს.

”ალია” აქვეყნებს ინტერვიუს ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” ლიდერ ნინო ბურჯანაძესთან, რომელიც 29 მარტს ევროპელ დიპლომატებთან გამართულ შეხვედრაზე ამბობს: ”უცხოელი პოლიტიკოსები შოკში ჩავარდნენ, როდესაც მოისმინეს, რომ, დღევანდელი სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, თბილისის მოსახლეობის 88% არის ამომრჩეველი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ თურმე ბავშვები არ გვყავს!”. ”ალია” დაინტერესდა აგრეთვე, როგორ აპირებს ზურაბ ნოღაიდელი ”საბჭოთადროინდელი ანაბრების დაბრუნებას”. ზურაბ ნოღაიდელი ინტერვიუში ირწმუნება, რომ აუცილებლად დააბრუნებს ანაბრებს: ”მე არავინ მომიტყუებია და ამიტომ უნდა დამიჯეროთო”, - ეუბნება ის ”ალიას” კორესპონდენტს და იქვე პასუხობს, რომ პრემიერ-მინისტრობის დროს იმიტომ არ დაუყენებია ეს საკითხი, რომ ”მაშინ სხვა პრობლემები იყო მოსაგვარებელი, დენი არ გვქონდაო“. ნაწყვეტი ამავე გაზეთში კობა დავითაშვილთან ინტერვიუდან: ”რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები. ამის დრო ყოველთვის იყო”.

ავტორი ”24 საათის” პირველ გვერდზე მოთავსებული სტატიისა ”გაშიფრული ახალი ნარკოარხი” წერს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო დროს ახალი ნარკოგზა აღმოაჩინა. საქმე ეხება ესტონური ვებგვერდის საშუალებით ისეთი პრეპარატების ყიდვასა და ჩამოტანას, რომელთა შემადგენლობაში საქართველოში აკრძალული ნივთიერებაა. ინტერნეტვაჭრობისთვის არაერთი ახალგაზრდა დაუკავებიათ, რომელთა უმრავლესობამ, ავტორის თანახმად, არ იცოდა, რომ გამოწერილი პრეპარატი აკრძალულ სტიმულატორებს შეიცავდა, რის გამოც მძიმე სასჯელი ელოდათ.

”საქართველოს რესპუბლიკას” მსახიობი, სოხუმის თეატრის ყოფილი მმართველი დიმა ჯაიანი ეუბნება, რომ ის მსახიობობიდანაც გაათავისუფლეს: ”ჩემი მეგობრები, თეატრის მთავარი ბირთვი, ათეული წლები ჭირსა და ლხინს რომ ვიყოფდით, წამოვიდა თეატრიდან, რაც, მგონი, დაშლას ნიშნავს, არა?!” - დიმა ჯაიანი სოხუმის თეატრის ფაქტობრივ დაშლაზე ლაპარაკობს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG