Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ბოსტონ პოპსი” და მისი ლეგენდარული ხელმძღვანელი არტურ ფიდლერი


ბოსტონის პოპ-ორკესტრი
ბოსტონის პოპ-ორკესტრი
მელოდია იბადება, აღწევს პოპულარობის პიკს, შემდეგ კი ხშირად უკვალოდ იკარგება, ქრება...

ცხადია, საუბარია არა დიდი კომპოზიტორების სიმფონიურ და საოპერო ქმნილებებზე, არამედ ე.წ. ”მსუბუქ მუსიკაზე”, სადაც პოპულარობა საკმაოდ პირობითი ცნებაა. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული როლი შეასრულა ბოსტონის პოპ-ორკესტრმა (”Boston Pops Orchestra”) და მისმა აწ გარდაცვლილმა გამოჩენილმა ხელმძღვანელმა არტურ ფიდლერმა.

პოპულარული მუსიკის ისტორიაში ამ დირიჟორმა და მეარანჟირემ მთელი ეპოქა შექმნა. ფიდლერმა თავის ფართო რეპერტუარში არა მარტო მოუყარა თავი სამახსოვრო მელოდიებს, არამედ, დახვეწილი გემოვნებით შესრულებული არანჟირების ხარჯზე, გაუხანგრძლივა მათ პოპულარობა ხალხში. მისი ხელმძღვანელობით “Boston Pops”-მა სრულიად განაახლა ე.წ. ”სტანდარტების” ბგერადობა.

”Boston Pops Orchestra”, ბოსტონის სიმფონიური ორკესტრის ქვედანაყოფის სახით, ჰენრი ლი ჰიგინსონმა 1885 წელს დააარსა. 1930 წლამდე კოლექტივს ოფიციალურად არ ჰყოლია საკუთარი დირიჟორი, 1930 წლიდან კი დაიწყო არტურ ფიდლერის ერა, რომელიც 50 წელი - დირიჟორის გარდაცვალებამდე - გაგრძელდა.

არტურ ფიდლერი
ჩვენი სიუჟეტის მთავარი გმირი, მაესტრო ფიდლერი, ბოსტონში 1894 წლის 17 დეკემბერს დაიბადა. მისი მამა ემანუელი, ავსტრიიდან ემიგრირებული მევიოლინე, ბოსტონის სიმფონიურ ორკესტრში 25 წლის მანძილზე უკრავდა. ბავშვს მუსიკა დედამ, ნიჭიერმა პიანისტმა, შეაყვარა. სწორედ მან ასწავლა პატარა არტურს ფორტეპიანოზე დაკვრა.

ისტორიულ სამშობლოში, ავსტრიაში, ოჯახის საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ ჭაბუკი ბერლინის სამეფო აკადემიაში ვიოლინოსა და ფორტეპიანოზე დაკვრას და დირიჟორის პროფესიას დაეუფლა, თუმცა ამერიკისა და, კერძოდ, ბოსტონის მუსიკალური კულტურისადმი სიყვარული იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში არტურ ფიდლერი მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა. იქ მან 1924 წელს ბოსტონის კამერული ორკესტრი „Boston Sinfonietta” დააარსა და საკუთარი ინიციატივით გარეთ, სუფთა ჰაერზე, უფასო კონცერტების ხუთწლიანი სერია გამართა. იმ კონცერტების პოპულარობა იმდენად დიდი იყო, რომ 1930 წელს ფიდლერი ბოსტონის პოპ-ორკესტრის დირიჟორად მიიწვიეს.

არტურ ფიდლერმა ბოსტონის პოპ-ორკესტრში ორმოცდაათწლიანი მოღვაწეობის მანძილზე უამრავი მუსიკალური ჯილდო მოიპოვა - ის ჭეშმარიტად ეროვნულ ფიგურად იქცა. მისი ხელმძღვანელობით ”Boston Pops”-მა მეტი აუდიოჩანაწერი განახორციელა, ვიდრე რომელიმე სხვა ორკესტრმა მსოფლიოში: მუსიკალური ალბომების, სიმღერების კრებულების, აუდიოკასეტების საერთო რაოდენობა 50 მილიონს აღწევს.

ორკესტრის რეპერტუარში დღესაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საცეკვაო მუსიკას - ცეკვა და მუსიკა ხომ განუყრელია ერთმანეთისაგან!

ფიდლერი, 84 წლის ასაკში, 1979 წლის 10 ივლისს გარდაიცვალა.

სიცოცხლეში მაესტრომ მუსიკალური კრიტიკოსების მხრიდან, ვითომდა კლასიკური მუსიკის ”აბუჩად აგდების” გამო, ბევრჯერ უსამართლო საყვედური მიიღო. დრომ სხვანაირად განსაჯა: დღეს ჩვენ დიდი სიამოვნებით ვუსმენთ ფიდლერის მიერ შექმნილ კლასიკური ნაწარმოებების ტრანსკრიფციებს და ვტკბებით მისი ორკესტრის განუმეორებელი ჟღერადობით.
XS
SM
MD
LG