Accessibility links

logo-print
ოკუპირებულ გალის რაიონის რამდენიმე სოფელში რუსეთის ჯარების დამატებითი ძალა შევიდა.

აფხაზეთის დევნილი მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ინფორმაციით, რამდენიმე ერთეული მძიმე ტექნიკა და ათეულობით ცოცხალი ძალა შევიდა ჭუბურხინჯსა და საბერიოში, სადაც რუსი ჯარისკაცები სამხედრო ბანაკებს აშენებენ.

უწყების ხელმძღვანელი თორნიკე კილანავა რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, რომ ეს ოკუპირებულ რეგიონში სამხედრო ნაწილების როტაცია არ ყოფილა, რადგან საბერიოში და ჭუბურხინჯში სამხედრო კოლონამ, როგორც სამშენებლო მასალები, ისე, სავარაუდოდ, საბრძოლო ტექნიკაც შეიტანა.

ოკუპირებულ სოფელში დამატებით სამხედრო ტექნიკის შესვლას და სამშენებლო მასალის შეტანას ადასტურებს ჭუბურხინჯელი ქალი, რომლისთვისაც ჯარისკაცების დისლოკაციის ადგილი უცნობია.

რუსი ოფიცრების ოჯახებისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობაზე და ადმინისტრაციულ საზღვართან ამაჟამად არსებულ ვითარებაზე საუბრობს საბერიოელი ქალი. ”საბერიო-ფახულანის საზღვართან რუსი მესაზღვრეები იმყოფებიან და ყოველ 4 საათში ერთხელ იცვლებიან. ისინი მოსახლეობასთან კონტაქტს ერიდებიან. აფხაზები კი დიდი ხანია არ გვინახავს”, - ამბობს საბერიოს მკვიდრი.

აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის კიდევ ერთი ინფორმაციით, რუსი სამხედროები დაბანაკდნენ კიდევ სამ სოფელში - ბარღებში, ფიჩორსა და ნაბაკევში, სადაც რუსული სამხედრო ბაზების მშენებლობა აპრილისთვის უნდა დასრულდეს.
XS
SM
MD
LG